ვწყვეტთ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე - ჯიპას სტუდენტური მოძრაობა
ჯიპას სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი აპირებენ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და უარი თქვამ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელმომწერი სტუდენტები უერთდებიან საერთო-სახალხო პროტესტს რუსთაველის გამზირზე და წყვეტენ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე.
„ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, რუსული და ოფშორული კანონების მიღება, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა, დაკავება და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ანგარიშსწორება გვაიძულებს შევუერთდეთ საერთო სტუდენტურ ინიციატივას და მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – უარი ვთქვათ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე.
ხელისუფლება, რომელიც ღალატობს ქართველი ერის ურყევ ნებას და სცდება კონსტიტუციას, გვაიძულებს სტუდენტებს გამოვაცხადოთ გაფიცვა. ჩვენ წარმოუდგენელად მიგვაჩნია მიმდინარე პროცესების ფონზე, მშვიდად ვისხდეთ აუდიტორიებში და თეორიულად შევიმეცნოთ ის ღირებულებები, რომლებსაც პრაქტიკაში მმართველი ძალა უგულვებელყოფს.
მივმართავთ ჯიპას აკადემიურ პერსონალსა და ჩვენთვის პატივცემულ ლექტორ-პროფესორებს – ახლა, როცა საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს დემოკრატიასა და ევროინტეგრაციის პროცესს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენგან პასუხს ელის, როცა ხელისუფლება რეპრესიებით გვემუქრება, აღარ არის აუდიტორიაში ყოფნის დრო, გთხოვთ შემოგვიერთდეთ.
სტუდენტები აღარ ვაპირებთ მშვიდობიანი პროტესტის ბრუტალური ფორმით მრავალჯერ დარბევის შემდეგ უნივერსიტეტში მისვლას. ვუერთდებით საერთო-სახალხო პროტესტს რუსთაველის გამზირზე და ვწყვეტთ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე“,- ნათქვამია განცხადებაში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.