Jump to content
Planeta.Ge

განათლების სფეროს მკვლევრები რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან


განათლების სფეროს მკვლევრები რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან.

განათლების დარგის აკადემიური სფეროს წარმომადგენლების განცხადება ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების მეცნიერებების დარგის წარმომადგენლები – პროფესორები, მკვლევრები თუ დოქტორანტები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიიჩნევენ ისეთი საზოგადოების შენებას, რომელიც დაფუძნებულია პერსონალური და საზოგადოებრივი გაძლიერების და თავისუფლების, დიალოგისა და თანამშრომლობის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზაციისა და კრიტიკული ცნობიერების ამაღლების პრინციპებზე.

გთავაზობთ განცხადებას:

„ქართული საზოგადოების კულტურული და მოქალაქეობრივი იდენტობა ევროპული ფასეულობების, დასავლური ღირებულებების გაცნობიერებულ არჩევანზე გადის. ქართული განათლების ისტორიაში ნებისმიერი საეტაპო მოვლენა პროევროპული ხასიათისა იყო.

საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერი ეპოქის „დამფუძნებელი მამების“ მოღვაწეობა უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნისთვის თავისთავადი და ორგანული ადგილის დამკვიდრებას ევროპულ, დასავლურ სივრცეში. განათლება თავისი არსით განსაზღვრავს პოლიტიკას და, იმავდროულად, განისაზღვრება პოლიტიკით. მისი წვლილი გადამწყვეტია ღირებულებათა ფორმირებისა და გამყარების თუ მათი ცვლილებისა და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესებში.

იმ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური დღის წესრიგი და პროცესები უგულებელყოფს დიალოგურობის პრინციპს და მიზანმიმართულად აკნინებს პიროვნულ ავტონომიას, წარმოქმნის ბზარებს საზოგადოებაში და არღვევს სოციალურ ქსოვილს, რომელიც სუვერენულ და პასუხისმგებლიან მოქალაქეთა ორგანული ერთობებით იქმნება.

განათლების დარგში მომუშავე აკადემიური საზოგადოება მტკიცედ ვთანხმდებით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ისტორიული მონაპოვარია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სახელით ავალებს კონსტიტუციურ ორგანოებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ამჟამად, ხელისუფლების მიერ შექმნილი პოლიტიკური დღის წესრიგი და საკანონმდებლო ინიციატივები, სამწუხაროდ, გამორიცხავს არათუ 78-ე მუხლის აღსრულებას, არამედ ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი.

ნებისმიერ ეპოქასა თუ ვითარებაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და პროცესებზე მთავარი პასუხისმგებელი ყოველთვის მმართველი ძალაა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ შემთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივა და ბოლო დღეებში განვითარებული პოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გვაშორებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს, ფაქტობრივად, ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების გახლეჩას და ახალისებს ძალადობას. აღნიშნული კი დამახასიათებელია ტოტალიტარული რეჟიმისთვის, რომლისგან თავის დაღწევასაც თაობებია ვცდილობთ.

ამ განცხადებით ვუერთდებით საგანმანათლებლო და სამეცნიერო საზოგადოებას, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა აღშფოთება და წუხილი მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივასა და პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა სამეცნიერო დარგის წარმომადგენელსა თუ საგანმანათლებლო ინსტიტუციას, გავერთიანდეთ კრიზისის დასაძლევად, რადგან აკადემიური საზოგადოების აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია სუვერენული ქვეყნის შენებისთვის.

ჩვენი პროფესიული და სამოქალაქო ხედვიდან გამომდინარე, მმართველი ძალისგან მოვითხოვთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის დაუყოვნებლივ გაწვევას და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პროცესის წარმართვას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნისთვის, რომელიც პიროვნებისა და საზოგადოების ჰარმონიული განვითარების გარანტია”.

  • განცხადებაზე ხელმოწერები გრძელდება ამ ბმულზე 

    პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...