Jump to content
Planeta.Ge

ომბუდსმენი: იკვეთება მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვების მასტიგმატიზებელი განცხადებები


სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს.

ომბუდსმენის შეფასებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები.

სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს, რომ უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები გახდნენ მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები.

„ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ღირებულებებს და ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი და წარმოშობს ბავშვებისადმი ძალადობის მაღალ რისკს.

სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა დაუყოვნებლივ მოახდინოს თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირება და გააკეთოს ყველაფერი, მათ შორის, გამოიყენოს პრევენციული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს თითოეული არასრულწლოვანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ყოველმხრივი დაცვა”. – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვები სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით გარანტირებული აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით.

არასრულწლოვანებს აქვთ უფლება იყვნენ ინფორმირებულნი, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უკიდურესად დაუშვებელია ამ უფლებით სარგებლობისას ისინი გახდნენ თავდასხმის ადრესატები.

„როდესაც არასრულწლოვანები სარგებლობენ შეკრების თავისუფლებით, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით და გაატაროს სათანადო, პრევენციული და დამატებითი ღონისძიებები მათი უსაფრთხოების დასაცავად. კანონით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე პირველ რიგში, უნდა შეფასდეს, რა გავლენა ექნება აღნიშნულს ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე”. – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეისწავლონ არასრულწლოვანების უფლებადარღვევის თითოეული ფაქტი და გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება შემთხვევებზე ეფექტიანი და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირების მიზნით.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...