„ამით არავინ არ დარჩება მოგებული“ – ბიზნეს ასოციაციები რუსულ კანონზე
დღეს, 10 მაისს, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებმა რუსულ კანონთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს და იმ ზიანზე ისაუბრეს, რასაც კანონის მიღება ქვეყანას მოუტანს.
როგორც ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, კანონი, რომელმაც უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგვიტანს.
„ის მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას, დაპირისპირებას… არავინ არ დარჩება მოგებული… კანონის მიღებამდე უკვე დაიძაბა სიტუაცია, კატასტროფულ სახეს იღებს პოლარიზაცია… ჩვენ გვაქვს ერთი თემა, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ხელმძღვანელი, საშა ტერნესის განცხადებით, რუსული კანონი მიღებამდეც კი უცხოელ პარტნიორებში უამრავ შეკითხვას აჩენს.
„ჩვენ ახლა ძალიან კრიტიკულ მომენტში ვართ და გერმანიის ბიზნესასოციაციის სახელით მინდა გამოვთქვა აზრი. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკურ პროცესებში არ ვერევით. ჩვენ ამას ვუყურებთ ძალიან პრაგმატული კუთხით. ბოლო 20 წელში ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ამ ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ყველა წევრი თავის გადაწყვეტილებას იღებდა ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებით.
5 თვის წინ, როცა საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ყველა ზეიმობდა. ახლა კი სამწუხაროა, რომ მცირე პერიოდში ყველაფერი ასე სწრაფად შეიცვალა. თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის სწორი განვითარება ევროინტეგრაციის გზას არ უნდა ავცდეთ. უნდა გითხრათ, რომ უამრავი შეკითხვა მომდის ჩვენი აქციონერებისგან, უცხოელი პარტნიორებისგან. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც ამ კანონს მიიღებენ“, – განაცხადა საშა ტერნესმა.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, რუსული კანონი საქართველოს ყველაზე მყარ პარტნიორებს – ევროპას და ამერიკას აკარგვინებს.
„ჩვენი ყველაზე მყარი პარტნიორები არიან ევროპელები და ამერიკელები, რომელთაც ჩემზე გაცილებით კარგად ესმით ამ კანონპროექტში რა წერია, როდესაც მიგვითითებენ, რომ ეს დაგვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს, ჩვენს ყველაზე მჭიდრო პარტნიორს ამერიკას. ჩემი აზრით, ეს არის დანაშაული, რომელსაც ვერასდროს გამოვისყიდით ჩვენი შვილების წინაშე. ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი. მე ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში ქართველებს ქართველების წინააღმდეგ მოგვიწევდა ჩვენი ევროპული მომავლის დაცვა“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი ბიზნეს ასოციაციები:
- ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო / EU-Georgia Bbusiness Council
-
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში / American Chamber of Commerce in
Georgia -
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება / Deutsche Wirtschaftsvereinigung –
DWV -
სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველო / Chambre de Commerce
et d’Industrie Française en Géorgie – CCIFG -
ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში / European Business Association
Georgia -
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია / Georgian Distributors Business
Association - საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია / Georgian Producers’ Federation
- გადასახადის გადამხდელთა კავშირი / Taxpayers Union
-
საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია / Georgian Restaurateurs
Association’;
„ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყების დღიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში.
ამდენივე ხანია, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.