Jump to content
Planeta.Ge

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, დაგემუქრნენ ან ოფისთან პლაკატები გააკრეს | რჩევა


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში რჩევებს აქვეყნებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენეს, დაგემუქრნენ ან თქვენს ოფისთან პლაკატები გააკრეს.

ნონა ქურდოვანიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება მაინც მნიშვნელოვანია. ეს ფაქტები არ უნდა დარჩეს დოკუმენტირების გარეშე.

თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან დაგემუქრნენ:

  1. მიმართეთ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს. მიმართვა შესაძლებელია ონლაინაც. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური ვალდებულია შეისწავლოს, სახელმწიფო ბაზებზე წვდომა ვის ჰქონდა და საიდან გამჟღავნდა თქვენი პერსონალური მონაცემები;
  2. მიმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის/პროკურატურას. მიმართვა შესაძლებელია ონლაინაც. ტელეფონზე განუწყვეტელი რეკვა, დევნა, მათ შორის, თუ მას თან ახლავს მუქარა, დანაშაულია. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა/პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს ქმედებები და გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები. ამ ნაწილში არის რისკი, რომ თქვენს ტელეფონს დროებით საგამოძიებო ორგანო დაიტოვებს, თუმცა, წესით, ეს არ სჭირდება ამ ტიპის დანაშაულის გამოძიებას.

თუ თქვენს ოფისთან გააკრეს პლაკატები:

  1. დაუკავშირდით თბილისის მერიას. თბილისის ქუჩებში ასეთი პლაკატების გაკვრა, სამართალდარღვევაა, რომლის აღკვეთა, მათ შორის, პლაკატების ჩამოხსნა, თბილისის მერიის ვალდებულებაა. ამ ფაქტების შესახებ დამატებით საგამოძიებო ორგანოსაც შეგიძლიათ აცნობოთ, რადგან დევნის ერთ-ერთი ფორმაა ეს.

მალე მოვამზადებთ შესაბამისი უწყებებისათვის მიმართვებისთვის განცხადების შაბლონებსაც და გაგიზიარებთ”, – წერს ნონა ქურდოვანიძე.


7 მაისიდან რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან. ზარები უკრაინული VPN-ით ფიქსირდებოდა, თუმცა ამის შემდეგ მოქალაქეებს ქართული ნომრებიდანაც ურეკავენ.

როგორც ისინი სოციალურ ქსელებში წერენ, უცხო ნომრებით ურეკავენ მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან შვილებს. რამდენიმე პირმა დაწერა, რომ იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი ზარებიც.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეისწავლიან უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას.

 

PUBLIKA

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...