Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით - 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს


სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით - 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც შედეგად მომიტინგეების ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, - ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

მეზვრიშვილის განცხადებითვე, სასამართლომ დაადასტურა, რომ 300-დამ 1000-მდე პირი პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შეჭრას ცდილობდა, რასაც მშვიდობიანი მომიტინგეების უკან მდგომი ნაწილი ვერ ხედავდა.

მეზვრიშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მეორე გადაწყვეტილება, „რომელმაც აბსოლუტურად ობიექტურად შეაფასა 20 ივნისის მოვლენები და არ დატოვა სივრცე პოლიტიკური სპეკულაციისთვის“.

„მოვუწოდებთ ყველას, გადაწყვეტილება გააშუქონ ობიექტურად და არა ტენდენციურად!

სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდუალურად და არა უშუალოდ მინისტრის ბრძანებით, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად რეზინის ტყვიების გამოყენება უკანონო იყო და ყველა შემთხვევაში გადამეტებით მოხდა. სასამართლო ამ ნაწილში დაეყრდნო როგორც გამოძიების მასალებს, ისე სახალხო დამცველის დასკვნას.

სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო გამოხატვის თავისუფლების ან შეკრების უფლების დარღვევა.

სასამართლომ მხოლოდ ის თქვა, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევას გამოძიების ეფექტიანობის ნაწილში. იქაც ყურადღება გაამახვილა გამოძიების გაჭიანურებაზე და საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დროულად დასრულებისკენ მოუწოდა.

ვუერთდებით სასამართლოს ამ მოწოდებას ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვიყავით ამნისტიის წინააღმდეგი - დროა, ნათელი მოეფინოს რა ეტაპზეა გამოძიება!

ვაფრთხილებთ ყველა პოლიტიკურ, მედია თუ სხვა აქტორს - გადაწყვეტილების ტენდენციურ განმარტებაზე აუცილებლად გვექნება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

აქვე, მოვუწოდებთ “ოცნებას“ - სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხება ძალადობრივი დემონსტრაციის აღკვეთას, როგორიც იყო შტურმი პარლამენტზე. ეს გადაწყვეტილება „ოცნებას“ ვერ მიანიჭებს მშვიდობიანი აქციის ძალადობით დაშლის ლეგიტიმაციას, რასაც მისი მხრიდან უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...