Jump to content
Planeta.Ge

ივანიშვილს არ გაუვა ძალადობა ახალგაზრდებსა და თავისუფალ ხალხზე – ბაჩიაშვილი


“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და პროკურატურა ფულის მითვისებას ედავება, რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს.

ის იხსენებს, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სწორედ დასავლეთიდან მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი რეფორმები და ინსტიტუტების მშენებლობა, “რომლის ნარჩენებზეც დგას დღეს ივანიშვილი და ებრძვის ჩვენი ქვეყნის მომავალს!”.

“90-იანი წლებიდან, დასავლეთის ხელშეწყობით და ძალისხმევით დაიწყო ჩვენი ქვეყნის აღმასვლა. სწორედ მათი პროგრამებით მოხდა ბევრი ჩვენი ახალგაზრდის განათლება და იმ ინსტიტუტების და რეფორმების შენება, რომლის ნარჩენებზეც დგას დღეს ივანიშვილი და ებრძვის ჩვენი ქვეყნის მომავალს! მისი მმართველობა დეგრადაციის იმ საფეხურზეა, როდესაც ვერც ერთი მისი “გუნდის” წევრი ვერ ბედავს მისთვის სიმართლის თქმას! ის ცდილობს, რომ ყველა ძალით ჩასვას “ერთ ნავში” და კოლექტიური პასუხისმგებლობა აჰკიდოს, თითქოს ბიძინას რუსული გზა – მათი არჩევანიცაა! არა რუსულ კანონს! არა ოკუპანტების დაკრულ ტაშს!”, – წერს ბაჩიაშვილი.

ვრცელ პოსტში, ბაჩიაშვილი აკრიტიკებს “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. მისი შეფასებით, ივანიშვილმა უღალატა იმ იდეალებს, რომელთა დაპირებითაც ხელისუფლებაში მოვიდა.

“ის ძალადობს საჯარო მოხელეებზე, თუმცა მათი უმრავლესობა არ უჭერს მხარს ივანიშვილის რუსულ გზას. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ძალ,ა რომ ეს ხმამაღლა გამოხატოს. ძალადობს ბიზნესმენებზე! ორი დღის წინ მათ ერთდროულად მოუწიათ, ერთი და იგივე შინაარსის ტექსტის ვარიაციების გავრცელება, თავისუფალი ადამიანები ასე არ იქცევიან! ძალადობს იმ მოსახლეობაზე, რომელიც იძულებით და მოსყიდვით ჩამოიყვანა რეგიონებიდან და ასმენინა ოკუპანტების ხელით დაკრული ტაშის ფონოგრამა!

მას არ გაუვა ძალადობა ახალგაზრდებზე და თავისუფალ ხალხზე! ამიტომაც ცდილობს მათ დარბევას და მარგინალიზაციას! ეს ყველაფერი ისეთივე შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, როგორც დიქტატურა – დემოკრატიასთან!!! ამას ადასტურებენ იმ ქვეყნების ლიდერები, რომელთა ელჩებსაც 2011-2012 წლებში ივანიშვილი თავად ჰპირდებოდა გასაოცარ დემოკრატიას, დღეს ისინი მართლაც ვერ მალავენ გაოცებას ივანიშვილის “აშენებული დემოკრატიით”, – ამბობს ბაჩიაშვილი.


გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით. საქმე ეხება დიდი ოდენობით – 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურის თანახმად, ბაჩიაშვილმა ბიტკოინი ინვესტორისგან, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისგან მიითვისა. სასამართლომ ბაჩიაშვილს 2,5 მლნ ლარის გირაო შეუფარდა. იგი ბრალს არ აღიარებს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...