Jump to content
Planeta.Ge

„თუ კანონპროექტი ამ ფორმით მაინც დამტკიცდება, მოსახლება მას არ მიიღებს“ — გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ მეორედ შემოაბრუნა, საქართველოს აშორებს დასავლურ მომავალს.

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში გამყრელიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი შარშანდელის მსგავსად საზიანოდ მიაჩნია.

„კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან. ამის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა, გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები — აშშ, ევროკავშირი, ბრიტანეთი, ყველა მეგობარი, კეთილის მსურველი და პარტნიორი, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დამოუკიდებელი საქართველოს ფეხზე დადგომასა და განვითარებაში უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში.

ამ ფორმულირებით კანონის მიღება მხარდაჭერილია მხოლოდ რუსეთის მიერ, რომელსაც ამავე დროს, ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20% და მიზანში ვყავართ ამოღებული, რომ დაგვაბრუნოს თავისი გავლენის ქვეშ. ამიტომაც დარწმუნებული ვარ ისევ, რომ კანონს საბოლოოდ არ მისცემს მწვანე შუქს ჩვენი ქვეყნის პარლამენტი სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, პატივს ვცემ და მჯერა მათი მრწამსის. და თუ ამ ფორმით მაინც დამტკიცდება, საქართველოს მოსახლება მას არ მიიღებს და არ აღასრულებს,“ — ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, თუ ვინმეს ეს არ სჯერა, „მაშინ სასურველია დაინიშნოს რეფერენდუმი. ჩვენ რეფერენდუმების საფუძველზე ვაღიარეთ დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი, ამიტომ ისევ რეფერუნდუმით განვამტკიცოთ უმრავლესობის ნება და უარი ვუთხრათ კანონს, რომელიც გვაბრუნებს უკან, საბჭოთა კავშირში და უფრო მეტად გვაახლოებს რუსეთთან.“

გამყრელიძე საუბრობს პროცესებში ახალგაზრდა თაობის ბრძოლის მნიშვნელობაზეც:

„კარგად გავითავისოთ, რომ მამებისა და შვილების ბრძოლაში ყოველთვის შვილები იმარჯვებენ და ასეც უნდა იყოს, ისე განვითარება ვერ იქნება, ბუნების კანონია, „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა“.

დღეს მიმდინარე პროცესს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, ქვეყნის მომავალი თაობა მართავს და მათ უნდა გაიმარჯვონ ისე, როგორც 1978 წ. 14 აპრილს, 1989 წ. 9 აპრილს და შემდგომში მრავალგზის.

ნუ დავუპირისპირდებით მათ, ნუ აღვმართავთ მათზე ხელს, პირიქით მამების გამოცდილება და ახალგაზრდების ენერგია კარგ განათლებასთან ერთად არის ამ ქვეყნის სწორი განვითარების საფუძველი,“  — წერს ამირან გამყრელიძე.

ის მოუწოდებს კანონის ავტორებსა და ხელმომწერებს, გაითვალისწინონ მოსახლეობის ნება, პარტნიორების რჩევები და „საქართველოს განვითარების ამ გზაჯვარედინზე ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს ამ ქაღალზე ხელმოწერას და სიჯიუტეს. უკანდახევა არ გახლავთ ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით ხშირად სიბრძნის, შორსმჭვრეტელობისა და სწორი სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა!“


რა ხდება?

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. ტრადიციულად, შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა 2 მაისს დემონსტრანტები გმირთა მოედანზე გავიდნენ. თავდაპირველად, პოლიცია მათ საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.

უფრო მეტიც, გადაკეტვის შემდეგ პოლიციამ ისინი დაშალა და რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდეც. გარდა ამისა, უცნობი პირები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა, ამის შემდეგ გმირთა მოედანზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდა. საბოლოოდ, მთელი მოედანი, ყველა მიმართულებით გადაიკეტა – აქციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქცია გამთენიისას დაიშალა. მაშინ, როცა მომიტინგეები სახლებისკენ მიემართებოდნენ, რამდენიმე უცნობი პირი მათ თავს დაესხა — როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი პროვოკატორები იყვნენ. შსს-ს აღნიშნულ ინციდენტზე არც თავად გაუვრცელებია ინფორმაცია და არც ნეტგაზეთის კითხვებს უპასუხა.

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...