ზაზა სარალიძემ რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო
ზაზა სარალიძემ რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ზაზა სარალიძემ დაუდასტურა „ნეტგაზეთს“.
მისი თქმით, ხელისუფლება ახალგაზრდების დისკრედიტაციას ცდილობს და მათ იმ ტერმინებს უწოდებს, რასაც სარალიძის თქმით, მის მოკლულ შვილზე ამბობდნენ:
„დღეს უკვე მომავალ თაობას დაუწყო ბულინგი ხელისუფლებამ. რასაც ჩემს მოკლულ შვილს უწოდებდნენ, რომ იყო მოძალადე, დღეს უწოდებენ ჩემს ცოცხალ შვილს. ვიღაცა ამბიონიდან გამოდის და იუდას უწოდებს ჩემს ცოცხალ შვილს, ვიღაცა გამოდის მოსყიდულს ადარებს, ვიღაცა ამბობს პარტიულად ანგაჟირებულიაო,“ — ამბობს ზაზა სარალიძე.
დავით სარალიძის მამა მამუკა მდინარაძესაც მიმართავს და ამბობს, რომ დღეს თავს სწირავს მისი მეორე შვილის ევროპული მომავლისთვის. ზაზა სარალიძე ხაზს უსვამს, რომ რუსული კანონის მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ ხელისუფლების ოპონენტების მოღალატეებად შერაცხვაა:
„ვინ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული?! მამუკა [მდინარაძე], რომ ამბობ მე რომ ჩავიდე ხალხში და იდეას თავი შევწირო თქვენ რა მერე ხალხოო, მოდი ჩამოდი. მე დღეს თავს ვწირავ ჩემი შვილის ევროპული მომავლისკენ, ჩემი შვილის თავისუფლებისთვის და ჩემი შვილის თანატოლების თავისუფლებისთვის. მე გამოვაცხადე შიმშილობა მანამდე არ გავალ აქედან სანამ ამ რუსულ კანონს არ გაიწვევთ უკან, რომელიც პირდაპირ შერაცხავს მე საქართველოს მოღალატედ. შენ რომ ამბობ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უნდა გამოცხადდეს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად მე ხომ უნდა მივიდე იმასთან საშველად? მაშინ მე ვინ ვარ?! რატომ ატყუებ ხალხს რომ გამჭვირვალობა გინდა?! გამჭვირვალობა თუ გინდა საგადასახადო კანონი ჩაასწორე და არა მოღალატეებად შერაცხო“ — ამბობს სარალიძე.
ზაზა სარალიძემ გუშინ, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზეც ისაუბრა:
„ის ადამიანები ვინც გუშინ აქციაზე იყო, ყველა გადასარჩენია. ეს ადამიანები ფორმებით რომ დადის ვაჟკაცი ბიჭები ყველა გადასარჩენია. ყველა ადამიანს მე მინდა ვთხოვო და მოვუწოდო — მარტო შვილებს ნუ გაუშვებთ აქციაზე, გამოდით გარეთ იმიტომ რომ დღეს შვილების მომავალს გვიკლავენ, ცოცხალ შვილებს გვიკლავენ.შიმშილობა გამოვაცხადე მე გუშინ საღამოდან,“ — ამბობს ზაზა სარალიძე.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.