“ივანიშვილმა რუსეთთან ყოფნა აირჩია” – კახა გოგოლაშვილი
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება “ქართული ოცნების” 29 აპრილის კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას და თვლის, რომ ივანიშვილმა ღიად აირჩია რუსეთის მხარე.
“წილი ნაყარია და ბიძინას აღარ აქვს იმედი, რომ დასავლეთი მას აპატიებს რუსეთთან კოლაბორაციონიზმს, ამიტომ გადაწყვიტა მხარის საბოლოოდ არჩევა. მან რუსეთთან ყოფნა აირჩია.
ყველაზე დამთრგუნველი ისაა, თუ როგორ მდაბიოებივით ექცევა ის თავის მხარდამჭერებს, რომლებიც მთლად გონებაჩლუნგი ჰგონია. ის ჰპირდება მათ, რომ საზიზღარ ევროკავშირში საქართველოს მაინც შეიყვანს, ოღონდ მანამდე გაანადგურებს ევროკავშირის “აგენტებს” არასამთავრობო ორგანიზაციების და თავისუფალი მედიის სახით, და ასევე, აშშ-ის აგენტებს “ნაცმოძრაობის” სახით. მანამდე კი აუცილებელია, რომ ამ ხალხმა ის ხელისუფლებაში კვლავ დატოვოს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უფრო გაბედულად ჩაატაროს ნაცმოძრაობის “რიტუალური მკვლელობა”, – წერს გოგოლაშვილი.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას „რუსული კანონი“ დაიცვა, „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის პირობა დადო.
“ოცნების” კონსპირაციაა, რომ თითქოს არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელიც საქართველოს ჩართვას ცდილობს ომში.
ივანიშვილმა ისაუბრა “საფრთხეზე”, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მისი თქმით, გარედან ემუქრება — დასავლეთზე მინიშნებით.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ შეკრება გაიმართა, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს.
“ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად. სინამდვილეში, ყველას, ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.