Jump to content
Planeta.Ge

„გამოიყენებენ პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის“ — მარინე ჩიტაშვილი რუსულ კანონზე


ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ რუსულ კანონს მმართველი პარტია პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს.

„ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. რუსული იქნება თუ რა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. გაცხადებული სურვილია, რომ გინდა თუ არა, უნდა აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობით მოსულმა პოლიტიკურმა პარტიამ.

ეს კანონპროექტი ორ ძირითად პრინციპს არღვევს: ადამიანებს უნდა მიაწერონ, რომ ისინი არიან უცხოური გავლენის თუ უცხოური დაფინანსების მქონე საეჭვო პირები და მეორე — უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან მან, ვისზეც ეჭვია მიტანილი, უნდა ამტკიცოს, რომ არ არის ბრალეული“, — ამბობს ჩიტაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში და დასძენს, რომ კანონის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მუხლი არის ჩანაწერი ანონიმური დასმენის შესახებ.

ის სიცრუეს უწოდებს მთავარ არგუმენტს, რომლითაც „ქართული ოცნება“ კანონის საჭიროების ახსნას ცდილობს. ჩიტაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციები ისედაც ხელმისაწვდომია და თუ ცალკეულ შემთხვევებში მათი გამჭვირვალობის პრობლემა შეიქმნება, ამის მოსაგვარებლად უკვე არსებობს შესაბამისი უწყებები.

„იმის თქმა, რომ ფული არის გაუმჭვირვალე, არის ტყუილი. ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველწლიურად ვალდებულია, მოიწვიოს გარე აუდიტი, ჩაატაროს ეს აუდიტი და საჯაროდ დადოს შეფასება. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, საგადასახადოში გადაიხადოს ხელფასების ან ჰონორარების სახით გაცემული თანხების 20%. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ეს თავისი ფინანსები აქვს გამჭვირვალე. თუ მაინცდამაინც საჭირო იყო, რომ კიდევ დამატებით დეკლარაცია შეევსოთ, ამისთვის სულ არ იყო საჭირო ახალი კანონის შემოტანა.

გარდა ამისა, თუ რომელიმე ორგანიზაცია არაჯეროვნად იყენებს მისთვის მიცემულ თანხებს, ასეთი შემთხვევებისთვის უსაფრთხოების სამსახურში არსებობს კონტრდაზვერვის განყოფილება, რომლის პირდაპირ მოვალეობაში შედის არაკონტროლირებული ფულის აღრიცხვა საქართველოში. ამის შემდეგ რომელ გამჭვირვალობის პრობლემაზეა ლაპარაკი?! თუ ვინმე ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ეგ სხვა თემაა“ ,— ამბობს ჩიტაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ის ტყუილს უწოდებს იმ მტკიცებასაც, თითქოს კანონი არ შეეხება რიგით ადამიანებს. ჩიტაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდათ ამ კანონის მიღება, პროტესტი ორი ფორმით შეუძლიათ გამოხატონ: მშვიდობიანი აქციებითა და არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირებით.

„აბსოლუტური ტყუილი გახლავთ ის, თითქოს კანონი კერძო პირებს არ ეხება. ორგანიზაცია არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, ან პროფესიული გაერთიანება. შესაბამისად, ყველა ადამიანი, რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციებში, აღმოჩნდება ამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.

პროტესტის გამოხატვის ორი ფორმა არსებობს. ერთი, ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, რაც ხდება კიდეც. მეორე – არჩევნების დღემდე გადავადება იმისა, რომ მე ვინც არ მომწონს, იმ პოლიტიკურ პარტიას არ დავუჭირო მხარი“ ,— ამბობს ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე ჩიტაშვილი.

ამავე თემაზე:


2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. მეორე მოსმენა პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, 30 აპრილს იქნება. იქამდე კი, 29 აპრილს, კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.რუსული კანონის დღის წესრიგში მეორედ დაყენების დღიდან მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან უწყვეტად მართავენ საპროტესტო აქციებს.

 

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...