Jump to content
Planeta.Ge

გოგოლაშვილი: EU-სთან უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის ქვეყნების უმრავლესობის მიმართვა საკმარისია


გოგოლაშვილი: EU-სთან უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის ქვეყნების უმრავლესობის მიმართვა საკმარისია.

კახა გოგოლაშვილი ხსნის, რა შემთხვევაში შეიძლება, ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გააუქმოს.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ ამას ევროკავშირის ყველა წევრის ქვეყნის თანხმობა სჭირდება, არასწორია.

„სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) – კიდევ 18 თვით”, – წერს კახა გოგოლაშვილი.

25 აპრილს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მის 2 შესწორებას. ერთ-ერთ პროექტში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წერია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, „დაუყოვნებლივ შეაფასოს საქართველოში დაგეგმილი „უცხოური აგენტების” კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, კონკრეტულად, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმების მხრივ, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკაში არსებითი კომპონენტია”.

მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით, მსგავსი საკითხის „ინიციირებასა და გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება კონსენსუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა”. მამუკა მდინარაძის შეფასებით, რეზოლუციაში მსგავსი ჩანაწერი „შანტაჟია”.

თუმცა, კახა გოგოლაშვილი საზოგადოებას შეახსენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შეუჩერა ალბანეთს და ვანუატუს, ამავე მექანიზმის გამოყენებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს.

„ამ მექანიზმით უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფორმალური მიზეზები მოიცავს მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მოზღვავებას, უსაფრთხოების გამოწვევებს წევრი ქვეყნებისთვის, ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირში ჩადენილი დანაშაულების ზრდას.

საქართველოს ამ მომენტისთვის ეს მუხლები საკმარისად აქვს დარღვეული გერმანიის, ბელგიის თუ რამდენიმე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში. ამიტომ, პოლიტიკური ნების შემთხვევაში ნებისმიერს ამ წევრი ქვეყნებიდან შეუძლიათ, მოახდინონ პროცედურის ინიციირება”, – განმარტავს კახა გოგოლაშვილი.

ევროკავშირის თანახმად

ვიზის შეჩერების მექანიზმი არის დაცვა უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენებისგან. მექანიზმი იძლევა ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებას არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკების უეცარი და არსებითი ზრდის შემთხვევაში. ამრიგად, ევროკავშირს შეუძლია, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ან გამარტივებული გაცემა, როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა აღარ აკმაყოფილებს შეთანხმების პირობებს. შეჩერება შესაძლოა დაიწყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან ევროკომისიის მიერ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...