Jump to content
Planeta.Ge

ნატალი საბანაძე - სანქცირებას და დახმარების შემცირებას უნდა ველოდოთ - ეს კანონი დასავლეთის დახმარების, დემოკრატიის წინ წაწევისა და ხელშეწყობის პროგრამების კრიმინალიზაციას ახდენს, ამიტომ ეს იქნება ლოგიკური პასუხი


სანქცირებას და ზოგადად დახმარების შემცირებას უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალი საბანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

ეროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი თვლის, რომ ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერის შემცირება ლოგიკური პასუხი იქნება, რადგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დასავლეთის დახმარებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამების "კრიმინალიზაციას ახდენს".

ამასთან, ნატალია საბანაძის განცხადებით, კანონის გამო ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას ევროკავშირისგან არ უნდა ველოდოთ, რადგან აღნიშნული საკითხი პოლიტიკურ პროცესთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული.

„რეზოლუციის მიღების პროცესი საკმაოდ რთულია და საკმაოდ ბევრ ეტაპს გადის. პირველ რიგში იწყება პროექტით, რომელსაც პოლიტიკური პარტიები დებენ, შემდეგ დგება დებატები, რაც აძლევს საშუალებას ევროპარლამენტარებს, რომ თავიანთი პირადი პოზიციები თავისუფლად დააფიქსირონ. შემდეგ ისევ ბრუნდება მოლაპარაკებებზე ტექსტი და ხდება ამისი საბოლოო შეჯამება. კიდევ შეიძლება ტექსტი შეიცვალოს, ბოლო წუთას, თავად სხდომაზეც, თუმცა ეს უფრო იშვიათად ხდება ხოლმე. ეს არის ხოლმე მოლაპარაკებების, დათმობის, სხვადასხვა პოზიციის შეჯერების შედეგი.

შეიძლება ტექსტი კიდევ გამწვავდეს, მაგრამ მაგალითად ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა ასახული არ იქნება. მას აქვს თავისი ძალიან კარგად და ცალსახად განსაზღვრული პირობები და პროცედურები, რომელიც პოლიტიკურ პროცესთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული, ამიტომ ამისი მოლოდინი არ მაქვს.

რაც შეეხება სანქცირებას და ზოგადად დახმარების შემცირებას, ამას უნდა ველოდოთ. სანქცირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ დახმარებები რომ შემცირდება თითქმის ყველა ჩვენი პარტნიორისგან, ეს სიგნალი სხვადასხვა დონეზე უკვე გაცემული იყო და პირდაპირ კავშირშია ამ კანონთან. ეს კანონი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] ახდენს დასავლეთის დახმარებას და დემოკრატიის წინ წაწევის და ხელშეწყობის პროგრამების კრიმინალიზაციას, ამიტომ ეს იქნება ლოგიკური პასუხი“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...