“მიუღებელია” – პროფკავშირების გაერთიანება რუსულ კანონზე
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება რუსულ კანონთან მიმართებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მიუღებელია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოური დონორებისგან დაფინანსებული ორგანიზაციები უცხოური ძალის გამტარებად ითვლებიან.
სწორედ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში ყველა ეტაპზე, შეიქმნა შრომის კანონმდებლობის აღმასრულებელი ინსტიტუცია შრომის ინსპექციის სამსახურის სახით. ეს მაშინ, როდესაც ადამიანები სამუშაო ადგილებზე მასიურად იღუპებოდნენ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, რაზეც სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს.
შემუშავდა საპენსიო კანონმდებლობის ალტერნატიული ვერსია, საიდანაც მოქმედ კანონში პენსიის შესახებ გათვალისწინებულ იქნა პენსიონერებისთვის უმნიშვნელოვანესი რამდენიმე კომპონენტი.
პარლამენტის 83-მა დეპუტატმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი, რომელიც გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
ორი კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.