გახარია - ამ ბავშვებს არ სჭირდებათ სამოქალაქო აქტივისტობის სწავლა, მათ უკვე იციან ეს, ეს ბავშვები უკვე ევროპელები არიან, ეს ბავშვები მოქმედებენ, როგორც ევროპელები
დღეს ევროპაში ვერავინ ვერ გაგცემთ პასუხს - რა უფრო დააზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რუსული კანონი, თუ ნებისმიერი რადიკალიზაცია და სამოქალაქო დაპირისპირება თბილისის ქუჩებში. ეს არის ძალიან დიდი ამოცანა და გამოწვევა იმ ახალგაზრდა სტუდენტებისთვის, რომლებიც აქტიურად აპროტესტებენ რუსული კანონის მიღებას, - აცხადებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია.
მისივე თქმით, დღეს მთავარი ორი პრობლემაა ეს არის "ოცნება", რომელიც ცდილობს ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს თავს მოახვიოს რუსული კანონი და რადიკალურად განწყობილი ოპოციზიციის ის ფრთა, რომელიც შეიძლება შეეცადოს, რომ ეს ენთუზიაზმი და აბსოლუტურად სწორ ფასეულობებზე დაფუძნებული ტალღა მუხტი გამოიყენოს რაღაც პროცესების რადიკალიზაციისთვის.
"ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა კეთილსინდისიერი ევროპელი საქართველოს მოქალაქის ამოცანა უნდა იყოს, დავიცვათ ქვეყანა პირველ რიგში რუსული კანონისგან და დავიცვათ ქვეყანა ამავე დროს სამოქალაქო დაპირისპირებისგან. რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციები რასაც დღეს "ოცნება" აკეთებს, პირდაპირ უბიძგებს ადამიანებს დაპირისპირებისკენ. ახალგაზრდებს უწყობენ ამ პროვოკაციას, მაგრამ მე ვფიქრქობ, რომ შესაბამისი გონიერება შესწევთ ამ ახალგაზრდებს გასამკლავებლად. დეტალურად ვაკვირდები, როგორც ორგანიზდება აქციები, ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური ჰორიზონტალური ორგანიზების ელემენტი. ამ ბავშვებს არ სჭირდებათ ამის სწავლა, ამ ბავშვებს არ სჭირდებათ სამოქალაქო აქტივისტობის სწავლა, მათ უკვე იციან ეს, ეს ბავშვები უკვე ევროპელები არიან, ეს ბავშვები მოქმედებენ, როგორც ევროპელები. მათი ფასეულობებიც ჰორიზონტალურია. ისინი ჰორიზონტალურად მართავენ ამ პროტესტსაც. მაშინ, როდესაც მათ მთავრობის მხრიდან უპირისპირდება პოსტსაბჭოური მართვის ვერტიკალური სისტემა, ვერასოდეს ვერ მოუგებენ. მე ამიტომ ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ "ოცნება" სტრატეგიულად უკვე დამარცხებულია, დამარცხებულია იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდებს დაუპირისპირდა, დაუპირისპირდა ისეთ ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საკითხში , როგორიც არის ქვეყნის ევროპული მომავალი.", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.