Jump to content
Planeta.Ge

ვინ არ არის მზად ევროკავშირისთვის, ქართველი ხალხი თუ “ქართული ოცნება”? – კუბილიუსი ღარიბაშვილს


ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს რუსული სტილის კანონის მიღებას, მაშინ როცა ქართველი ხალხი პროევროპულადაა განწყობილი და რუსულ კანონს დემონსტრაციებით უპირისპირდება. ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო, ამ ეტაპზე, არ არის მზად ევროინტეგრაციისთვის.

“დეკემბერში ღარიბაშვილმა იზეიმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ ის ამბობს, რომ საქართველო არ არის მზად [ევროკავშირის წევრობისთვის]. კონკრეტულად ვინ არ არის მზად, ქართველი ხალხი თუ პარტია “ქართული ოცნება”? პასუხი ნათელია: “ქართული ოცნება” ცდილობს რუსული სტილის კანონების მიღებას მაშინ, როცა პროევროპელი ხალხი ამას ქუჩაში აპროტესტებს”, – დაწერა კუბილიუსმა პლატფორმა X-ზე.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 20 აპრილს, განაცხადა რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არის. ასე უპასუხა მან კითხვას, ხომ არ უშლის ხელს ქვეყნის ევროინტეგრაციას მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობა. ღარიბაშვილის ამბობს, რომ როცა ქვეყანა მზად იქნება ევროინტეგრაციისთვის “ძალიან მარტივად, შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება”.

“საუბარია იმაზე, რომ ამ [რუსული კანონის] მიღებით, რაღაც შეიძლება შეიცვალოს და იქნება შემაფერხებელი ბარიერი [ევროინტეგრაციისთვის]. ჯერ საერთოდ, ვთქვათ ისიც, რომ ქვეყანამ მიაღწია მაქსიმუმს. პიკი იყო შარშანდელი დეკემბერი. დეკემბერში ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგი ეტაპი, ეს არის უკვე გაწევრიანება. დღეს ქვეყანა ვერ გახდება … დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ წევრი ქვეყანა. ხომ ასეა? ხომ მეთანხმებით? არ არის დღეს კონსენსუსი ამაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი.

მით უმეტეს, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები. იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად, შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება … ასე რომ, ნუ ნერვიულობთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. 

ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ. აქცია დაგეგმილია დღესაც, 21 აპრილსაც, 19:00 საათზე.

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...