Jump to content
Planeta.Ge

ახალი კანონპროექტი - ოფშორიდან გადმოტანილი აქტივები გადასახადებისგან გათავისუფლდება


„ქართული ოცნების” რამდენიმე წევრმა, პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად, საგადასახადო კოდექსში ცვლილებისთვის კანონპროექტი დააინიციირა.

კანონპროექტის მიხედვით, გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან.

რას ნიშნავს ეს ჩანაწერი?

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ლევან ალაფიშვილი განმარტავს, საუბარია ისეთ საგადასახადო შეღავათებზე, რომელიც გავრცელდება აქტივებზე, რომელიც „დღეს ოფშორულ კომპანიაშია თავმოყრილი და გადმოეცემა იმავე ოფშორის მფლობელი ფიზიკური პირის კონტროლქვეშ არსებულ ქართულ კომპანიას”.

„იმის გათვალისწინებით, რომ არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, საქართველოს რამდენ ან რომელ მოქალაქეს აქვს ოფშორში კომპანია (მედიიდან რაც ვიცი, არაერთია) გამიჭირდება თქმა, ვისი ლობირებულია ეს კანონი. თუმცა მიღების შემთხვევაში, ივანიშვილზეც, ჩხარტიშვილზეც, კეზერაშვილზეც და სხვაზეც გავრცელდება ის, თუკი 2028 წლამდე დააპირებენ ოფშორიდან აქტივების საქართველოში გადმოტანას და ამ შემთხვევაში ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ტრანზაქციები ექცევა ფულის გათეთრების, ტერორიზმთან ბრძოლის, თუ სხვა საერთაშორისო (მაგ.: FATCA) რეგულაციებში, რომლითაც საქართველოს მთავრობას აქვს ნაკისრი მრავალი ვალდებულება. ამ ვალდებულებების დარღვევა კი საქართველოს სანქცირების საფუძველი შეიძლება გახდეს”, – გვეუბნება ალაფიშვილი.

თვალსაჩინოებისთვის, იურისტი განმარტავს, რომ:

„მაგალითად, თუკი ფიზიკურ პირს ვირჯინიის ოფშორში რეგისტრირებული აქვს კომპანია, პირობითად „ჯორჯია” და ამ „ჯორჯიას” საკუთრებაშია აქციები, უძრავი ქონება. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, თუკი ის საქართველოში დაარეგისტრირებს კომპანიას ან აქვს კომპანია (პირობითად, „საქართველო”), რომლის წილის 100% მის საკუთრებაშია და „საქართველოს” გადაუფორმებს „ჯორჯიას” საკუთრებაში არსებულ აქციებსა და უძრავ ქონებას, „საქართველო” ისარგებლებს იმპორტისა და საგადასახადო შეღავათებით, არ გადაიხდის გადასახადებს”, – გვიხსნის ალაფიშვილი.

აღნიშნულ კანონპროექტზე პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე წერს, რომ:

„მოულოდნელად, „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100%-ს.

ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობებლად.

ელოდება სანქციებს!

გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას. ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს”, – წერს გოცირიძე.

კანონპროექტთან დაკავშირებით იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი ვახტანგ ნაცვლიშვილიც წერს, რომ:

„საქმე ის კი არაა, რომ აქამდე ოფშორებიდან ქონების გადმოტანის უფლება არ ჰქონდა – არა, უბრალოდ ბარემ გადასახადსაც არ გადაიხდის”.

პროექტის ინიციატორები არიან: პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი.

 

პუბლიკა 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...