Jump to content
Planeta.Ge

სპორტსმენები და ცნობილი ადამიანები რუსული კანონის წინააღმდეგ - გამოხმაურებები


მას შემდეგ, რაც გუშინ ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ძალადობრივი მეთოდებით დაარბია და მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა, რუსული კანონის წინააღმდეგ არაერთმა სპორტსმენმა და ცნობილმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი პოზიცია.

მათ შორის არიან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ბუდუ ზივზივაძე, ჯაბა კანკავა, გიორგი მამარდაშვილის. ასევე, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია.

გთავაზობთ მათ გამოხმაურებებს:

მერაბ დვალიშვილი

„მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი აზრი. საქართველო არის, უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი”.

ილია თოფურია

„მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის”. – დაწერა ილია თოფურიამ Instagram-ზე.

თორნიკე შენგელია

„ჩემთვის და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი როდესაც ჩვენი საქმით ერს ვაბედნიერებთ და ვაერთიანებთ. ამის უდიდესი მაგალითი ცოტა ხნის წინ დინამო არენაზე ვიხილეთ.
სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ. ძალიან მწყდება გული, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბევრის არაფრის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ ვიმედოვნო – როგორც ჩვენი საქმით, ისე სიტყვით გავერთიანდეთ და ყველანი ერთად, არავის გამოკლებით, წინ, ერთად ევროპისკენ!”.

ზურიკო დავითაშვილი

„საქართველოს გზა ევროპაშია, ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ”.

გიორგი წიტაიშვილი

„საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის”.

ხვიჩა კვარაცხელია

„საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს”.

გიორგი მამარდაშვილი

„საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის”.

გიორგი აბურჯანია

„საქართველო ევროპაში”, – დაწერა მან Instagram-სთორიში და აქციის ფოტო გამოაქვეყნა.

შოთა არველაძე

„არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს”.

თამადა

„მმართველო პარტიავ, ვგრძნობ, ბოლო შანსი გაქვთ ყოველ დილით, ხეზე აყუდებული, გაციებული ვარლამივით არ დახვდეთ საკუთარ შთამომავლობას. ხოდა, გადაწყვიტეთ რა და რად გიღირთ?! სულ ვერ იქნებით ასე ფესვგადგმულნი და აუცილებლად მოვრეცხავთ თქვენგან დატოვებულ ჭუჭყს. საქართველოს გზა ევროპაშია!”.

მებო ნუცუბიძე

„როცა ხედავ, როგორ ურტყამენ ადამიანებს და უსამართლობის გრძნობის, ბრაზისა და გინების ნაცვლად, სხვა რამეებზე იწყებ ფიქრს, მანდ კარგავ ადამიანობას და ემსგავსები ცხოველს.
პრინციპში, ცხოველებს რას ვერჩი: ემსგავსები უემპათიო უტვინო არსებას, რომელსაც აღარაფერი აქვს ადამიანური.
“არ ვიცი რა ხდება”, “არ მაინტერესებს”, “არ მეხება” და მსგავსი ფრაზები დანაშაულია.
რატომ არ იცი მერე, შე დალოცვილო, ორი თვალი და ორი ყური გაქვს, შედი ინტერნეტში, ჩართე ტელევიზორი და თუ სხვა ადამიანებს არ უჯერებ, კადრები ნახე.
ასფალტზე დაგდებული უმოძრაო ადამიანის დანახვაზე სიბრაზისგან თვალები
ცრემლებით თუ არ გევსება, მუჭები ავტომატურად თუ არ გეკვრება და ყელში ბურთი არ გეჩხირება, გაჩუმდი მაინც.
სარკეში ჩაიხედე და შეგრცხვეს.
ნახე, რას დაემსგავსე.
და რისთვის?
სამსახურისთვის?
კომფორტისთვის?
ხვალ შენც დაგაგდებენ და არავინ იქნება შენი მომკითხავი.
არ ცოდნა არ ცოდვა არ არის.
ამ ამბების “არ ცოდნა” ყველაზე დიდი ცოდვა და დანაშაულია”.

ლუკა ნაჭყებია

„ამ კანონს ვერ გაიტანთ. უბრალოდ არ გამოვა, არაა ეს ქვეყანა არც ყირგიზეთი არც რუსეთი… პატარა ქვეყანაა და ამ პატარა ქვეყანამ თავისუფლების გემო იცის ეს.პატარა ქვეყანა ნამეტანი ახლოსაა ევროპასთან, ამ პატარა ქვეყანას დიდი მთები ყოფს იმ არარაობა განავალთან რასაც რუსეთს ეძახიან… უბრალოდ არ გამოვა…“

სანდრო ადეიშვილი

„დუმილი ღალატის ტოლფასია! წინ ევროპისკენ, საქართველო გაიმარჯვებს!”.

გიორგი ქვილითაია

„ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის”.

თორნიკე ოქრიაშვილი

„საქართველო ევროპაში”, – დაწერა მან Instagram-სთორიში.

ბუდუ ზივზივაძე

„არა რუსეთს. საქართველოს გზა ევროპაშია. პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას”.

ნინო ხარატიშვილი

„ალა ლუსულ კანონს” გადაგექცევათ: „ალა ქართულ ოცნებას”.

ივა ფეზუაშვილი

„არ მოტყუვდე და არ მოდუნდეთ, ახლა ჩვენი ჯერია, ახლა ჩვენ უნდა მოვაშოროთ წესრიგის დაცვის ადგილს ქოცები, პუტინის მონები და სერგო ორჯონიკიძეები”.

ამასთან, აქციის პარალელურად Instagram-სთორიში პროვეროპული პოსტები გამოაქვეყნეს გიორგი ჩაკვეტაძემ, თაკო ნაცვლიშვილმა, ჯაბა კანკავამ, მატილდა გვარლიანმა.


გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია.

პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს; სცემეს „აპრილისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებს – გიორგი ბასხაჯაურსა და  გიორგი ბადრიძეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, ყველა მათგანი ნაცემია.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გუშინ ხელისუფლებამ უგულებელყო შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება და პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დროს საფრთხე შეუქმნეს ადამიანთა ჯანმრთელობას.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...