გაბუნიას ინფორმაციით, აქციაზე ნაცემი 5 მოქალაქე კლინიკებშია გადაყვანილი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ პოლიციელების მიერ აქციაზე ნაცემი მოქალაქეები კლინიკებში არიან გადაყვანილები. მისი განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულია 5 მოქალაქე, ამასთან, დაშავებულია 2 პოლიციელი. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„დაშავებულია 2 პოლიციელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა კავკასიის მედიცინის ცენტრში. მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანება, ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს ტრავმა. ორივე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე. ასევე, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იყო 5 მოქალაქე სხვადასხვა სახის დაზიანებით. მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ”, – ამბობს ის.
გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია.
პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს.
სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს; სცემეს „აპრილისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებს – გიორგი ბასხაჯაურსა და გიორგი ბადრიძეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, ყველა მათგანი ნაცემია.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გუშინ ხელისუფლებამ უგულებელყო შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება და პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დროს საფრთხე შეუქმნეს ადამიანთა ჯანმრთელობას.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.