მდინარაძე: უცხო ქვეყნის ინტერესია პოზიტიური პროექტებიც
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონპროექტის მომხსენებელი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე კარგი მნიშვნელობა. მისი თქმით, არსებობს „კარგი ინტერესიც და ცუდი ინტერესიც“.
„ჩვენ არ განვიხილავთ მხოლოდ უარყოფითი გაგებით ამას. უარყოფითი გაგებაც აქვს, რა თქმა უნდა. მაგალითად, როდესაც რუსულ დაფინანსებაზე შეიძლება ვლაპარაკობდეთ, რადგან ეს ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, 20%-მდე ტერიტორიის ოკუპანტი ქვეყანა, სხვანაირად დადებით კონტექსტში ვერ განვიხილავთ.
მაგრამ ახლა გადავიდეთ სხვა ქვეყნებზე… რაც შეეხება მეგობარ ქვეყნებს, პოლარიზაციას თუ დააფინანსებს და ა.შ., ცუდ რაღაცებს თუ დააფინანსებს, ეს არაა მეგობრული დამოკიდებულება. მაგრამ თუ დააფინანსებს, მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროგრამას, ესაა ძალიან კარგი. ვიტყვით, რომ უცხო ქვეყნის ინტერესი ამ ქვეყანაში ამ შემთხვევაში არის პოზიტიური. მისი ინტერესი თქვენ გაქვს წარმოდგენილი ნეგატიურ კონტექსტში, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, არც ერთი ქვეყანა არ ფიქრობს […] უცხო ქვეყნის ინტერესია მათ შორის ყველას მიერ აღიარებული ის პოზიტიური პროექტები, რაც არის, მაგრამ ნეგატიურს ეძახიან ცუდს და კარგს – კარგს, რა პრობლემაა?!“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის ამ მსჯელობამ კომიტეტის სხდომაზე ხმაური გამოიწვია. დამსწრე ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ წინადადებას ნეგატიური დატვირთვა აქვს.
„უცხო ძალის ინტერესები არ ნიშნავს ნეგატიურს“, – განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია. კომიტეტის თავმჯდომარე მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც სიტყვა რუსულს ახსენებს, ან მისი შეფასებით, დეზინფორმაციას ახსენებს ან რეგლამენტს არღვევს.
„ქართული ოცნება“ ერთი წლის წინაც იმავე მსჯელობით ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ სიტყვა „აგენტს“ შეიძლება ჰქონდეს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური დატვირთვა. ირაკლი კობახიძემ მაშინ არგუმენტად მოიშველია, რომ „არსებობს დაზღვევის აგენტი“. კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი დღეს განიხილავს, სიტყვა „აგენტი“ ჩანაცვლდა „უცხო ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად“.
სხდომის პარალელურად პარლამენტთან რუსული კანონის საპროტესტო აქციაა. აქციები იმართება რეგიონებშიც.
პარლამენტმა შენობაში ონლაინმედიის აკრედიტებული ჟურნალისტების შესვლა შეზღუდა.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.