ოხანაშვილი ონლაინმედიების პარლამენტში არშეშვებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ონლაინმედიების პარლამენტში არშეშვებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ „ტყულია” ინფორმაცია კომიტეტზე მედიასაშუალებების ჟურნალისტების არ დაშვებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მან საპარლამენტო ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრის, ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ თქვა.
„დღეს ამ სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიასაშუალების ჟურნალისტს”, – განაცხადა დეკანოიძემ, რის შემდეგაც ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და განაცხადა, რომ „ეს არის ტყუილი”.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მისი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გათიშოს მიკროფონი და თქვას სიმართლე.
„ტყუილია… ჩემი ვალდებულებაა, რომ დეზინფორმაციის შემთხვევაში გავთიშო მიკროფონი და ვთქვა სიმართლე. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა საშუალება ბევრს დასწრების, ეს არის ტყუილი. აქ არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ვინც მოგვმართა მაქსიმალურად შევძელით, რომ დასწრებულიყვნენ სხდომას, ასევე მედიაორგანიზაციების სახელით, ვინც ითხოვა დასწრება, მივეცით საშუალება… დეზინფორმაციის შემთხვევაში გავთიშავ ყველა მიკროფონს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ჟურნალისტების არ დაშვების გამო, „ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ წარმოადგინოს დასაბუთება – რატომ არ არიან ონლაინმედიების წარმომადგენლები სხდომაზე.
„ვაყენებ წინადადებას, რომ თქვენ, საზოგადოებას, რომელიც გვისმენს და გვიყურებს, მიაწოდოთ სრული ინფორმაცია, ვინ მოგმართათ სხდომაზე დაშვების სურვილით, მათ შორის, ონლაინმედიის პლატფორმებმა და ამის შემდეგ გვითხრათ, რა ნაწილი დაუშვით იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისა, რომლებსაც სრულიად ლეგიტიმური სურვილი ჰქონდათ. წარმოადგინეთ სრული სია და დასაბუთება, რატომ არ არიან ონლაინმედია პლატფორმების, სააგენტოების წარმომადგენლები სხდომაზე”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ყველა წარმოდგენილია, ყველა ორგანიზაცია, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ კომპეტენტურ აზრს ქმნიან. დარბაზია სავსე და ამბობთ, რომ ხალხი არ არის დაშვებულიო“, – უპასუხა ოხანაშვილმა.
რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ.
პარლამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.