Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო


პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

მასთან ერთად განიხილავენ ორ ალტერნატიულ პროექტს - ერთია, „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი და თანმდევი "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე - „გრანტების შესახებ" კანონსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების ფონზე "ჩაგდებული" პროექტის იდენტურია.

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს".

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

რაც შეეხება ალტერნატიულ კანონპროექტებს, ის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრების მიერ არის ინიცირებული. "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას. "გრანტების შესახებ" კანონსა და "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებებით, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...