რა შეუსაბამობები იყო ლაზარე გრიგორიადისის საქმეში
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე 12 აპრილს მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენი გამოიტანა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის მონაწილე ახალგაზრდას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროცესის განმავლობაში, რომელიც არაერთხელ გადაიდო და წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, როგორც დამკვირვებელი არასამთავრებო ორგანიზაციების, ისე დაცვის მხარის განცხადებით, არაერთი შეუსაბამობა გამოვლინდა.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის მასალებს გაეცნო „ნეტგაზეთიც“ და მოკლედ აღვწერთ იმ გარემოებებს, რის საფუძველზეც დაცვის მხარე ირწმუნება, რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პოლიციის თანამშრომლის მიმართულებით ნამდვილად ლაზარემ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და მანვე დაწვა შსს-ს კუთვნილი ავტომობილი.
12 აპრილს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ 22 წლის ახალგაზრდას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს.
მოწმეთა ჩვენებები საქმეში
ლაზარე გრიგორიადისის საქმეში ბრალდების მხარე ექსკლუზიურად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა. საქმის მასალებში არ გვხვდება არცერთი ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ქმედება, რომელსაც ლაზარეს ედავებიან, ნამდვილად ამ პიროვნებამ ჩაიდინა.
საქმეში დევს რამდენიმე პოლიციელის ჩვენება, რომლებიც ერთმანეთის მსგავს ისტორიებს ჰყვებიან. პოლიციელები მოლოტოვის კოქტეილის სროლის ნაწილში ამბობენ, რომ დაინახეს, თუ როგორ ისროლა აალებადი საგანი 20-25 წლის ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ეცვა მომწვანო ფერის ქურთუკი, თავზე იასამნისფერი შეფერილობის ჰუდი ჰქონდა წამოფარებული, სახეზე კი პირბადე ეკეთა.
ყველა მათგანი ამბობს, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის შემდეგ აღნიშნული პიროვნება თვალთახედვის არეალიდან არ დაუკარგავთ, თუმცა მიახლოება და მისი დაკავება ვერ შეძლეს. Პოლიციელები გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში ამბობენ, რომ ე.წ. Მმოლოტოვის კოქტეილის სროლის შემდეგ აღნიშნულმა პირმა პირბადე მოიხსნა და სახე მოიწმინდა, რა დროსაც დაიმახსოვრეს მისი სახის ვიზუალი და შემდეგნაირად აღწერენ:
„მამაკაცი არის დაახლოებით 20-25 წლის 175-180 სიმაღლის, აქვს მსხვილი მუქი წარბები, მოგრძო ფორმის მსხვილი ცხვირი, სქელი ტუჩები და დიდი ზომის მუქი ფერის თვალები. ნახვის შემთხვევაში შევძლებ ამოცნობას მათ შორის ფოტოსურათით“, — წერს ჩვენებაში ერთ-ერთი პოლიციელი, რომლის იდენტურადაც აღწერენ ამ პირს დანარჩენი პოლიციელებიც.
ანალოგიურ ჩვენებებს იძლევიან ის პოლიციელებიც, რომლებიც ამბობენ, რომ დაინახეს, როგორ წაუკიდა ცეცხლი შსს-ს კუთვნილ ავტომობილს სავარაუდოდ ლაზარემ:
„ტოიოტა კოროლას მარკის ავტომობილის ამოტრიალების შემდგომ რამდენიმე ხანში დავინახე, რომ ავტომობილს უკანა მხრიდან მიუახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ეცვა მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის სპორტული შარვალი, მუქი ფერის ქურთუკი, ხოლო თავზე და სახეზე ჩამოფარებული ჰქონდა ნიღაბი, რომელიც იყო ხაკისფერი.
ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ მიუახლოვდა ხსენებული პიროვნება ამოტრიალებულ ავტომობილს და სავარაუდოდ სანთებელას გამოყენებით წაუკიდა ცეცხლი, ცეცხლი ავტომობილს მოედო მალევე და დაიწვა. მოგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ხსენებულმა პირმა წაუკიდა ცეცხლი აღნიშნულ ავტომობილს, ის გაერია ხალხის მასაში, თუმცა მე ის თვალთახედვის არიდან არ დამიკარგავს და დავინახე, თუ როგორ მოიხადა სწორედ ის ნიღაბი, რომელიც ეფარა სახეზე.
სწორედ აღნიშნულ დროს დავინახე მისი სახე გარკვევით და შემიძლია აღვწერო, რომ ის იყო დაახლოებით 20-25 წლის 175-180 სმ სიმაღლის, მას ჰქონდა მსხვილი წარბები, მოგრძო ფორმის მსხვილი ცხვირი და ტუჩები, თხელი ლოყები და დიდი ზომის თვალები“ ,,— წერს პოლიციელი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში.
როგორც ზემოთ მოყვანილი ამონარიდებიდან ჩანს, ყველა პოლიციელი ჩვენებაში მიუთითებს, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ, აღნიშნულმა პიროვნებამ პირბადე/ნიღაბი მოიხსნა, რა დროსაც დაინახეს მისი სახე, რომელსაც თითოეული მათგანი ერთნაირად აღწერს და შეძლებენ ამ პიროვნების ამოცნობას, მათ შორის ფოტოსურათით.
გამოძიების შემდგომ ეტაპზე ყველა მათგანმა ლაზარე გრიგორიადისი ფოტოსურათით ამოიცნო. აღნიშნულ საქმეში ასევე დევს იმ პირების ჩვენებები, რომლებიც ლაზარეს იცნობენ და მასთან ერთად იმყოფებოდნენ 7-8 მარტის აქციებზე. მოწმეები აცხადებენ, რომ ლაზარეს ჩაცმულობა არ ახსოვთ, თუმცა ამბობენ, რომ იმ პერიოდში, როცა ლაზარე მათთან ერთად იმყოფებოდა, მის ხელში არავითარი საგანი ან კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ შეუმჩნევიათ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე, რომელმაც შეისწავლა ლაზარე გრიგორიადისის საქმის მასალები, აღნიშნავს, რომ შეუსაბამობები გამოიკვეთა თავად პოლიციელების ჩვენებებშიც.
მართლაც, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შსს-ს თანამშრომელი გიორგი მაისურაძე, რომლის ფაქტობრივ განკარგვაშიც იყო დამწვარი ავტომობილი, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობდა, რომ ავტომობილის დაზიანების კადრები მედიასაშუალებების მიერ გადაღებულ ვიდეოებში ნახა, სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში კი უკვე ამბობდა, რომ თავად დაინახა, თუ როგორ წაუკიდა ავტომობილს ცელცხლი ერთმა პიროვნებამ, რომლის ამოცნობა ან აღწერა არ შეუძლია.
ამ თემაზე წაიკითხეთ: პოლიციელის თქმით, ძვირადღირებულ ნივთებს ინახავდა მანქანაში, რომლის დაწვაშიც ლაზარეს ადანაშაულებენ
გარდა ამისა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ ორი ამომცნობი პოლიციელიდან ერთი ამბობდა, რომ ლაზარემ ე.წ. „კაპიუშონი“ და კეპი მოიხადა, მეორე კი ამბობდა, რომ არ მოუხდია. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ კეპის ამბავი მნიშვნელოვანია, რადგან ლაზარე ერთადერთია, ვისაც ამოსაცნობ ფოტოსურათზე ქერა თმა აქვს და თუ მას აქციაზე კეპი არ მოუხდია, პოლიციელები ამ ნიშნის იდენტიფიცირებას ვერ მოახდენდნენ.
პოლიციელების ჩვენებების ასეთი ერთგვაროვნება ობიექტურ ეჭვებს აჩენს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორის თამარ გეგელიას აზრითაც, რომელიც ასევე გაეცნო საქმის მასალებს.
მისი თქმით, ასეთ დროს აუცილებელია მოწმის სანდოობის შემოწმება, რაც საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით შეიძლება მოხდეს:
„ეს გულისხმობს რას — მოწმე როდესაც ამბობს, რომ მე დავინახე შემთხვევის ადგილას პირი, ამ ვერსიის შემოწმება უნდა მოხდეს იმ პირობების აღდგენით, რა პირობებიც იყო იმ ღამით, როგორი განათებაც იყო, როგორი სიბნელეც იყო… ამის აღდგენა უნდა მომხდარიყო და შეემოწმებინათ, რამდენად შეეძლო მოწმეს იმ მანძილიდან, რა დაშორებაშიც იმყოფებოდა, გაერჩია ეს ადამიანი, რომელსაც ვიდეოკადრებში ჰუდი და კეპი ეხურა…
ენახათ მისი შუბლი, გამოკვეთილად დაენახათ წარბები და არა მხოლოდ თვალის ფორმა, არამედ ფერიც… ეს მიუკერძოებელ ადამიანში ეჭვებს ბადებს და ამ ეჭვების გასაქარწ####ბლად საჭირო იყო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება“ ,— აცხადებს თამარ გეგელია ჩვენთან საუბარში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე კი აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ასე მძიმედ ეფუძნება პოლიციელების ჩვენებებს, მნიშვნელოვანია, მას სხვა, ნეიტრაული პირდაპირი მტკიცებულებები ამყარებდეს.
ამგვარი მტკიცებულება კი შესაძლოა იყოს მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა იმნაძე აღნიშნავს, რომ პირდაპირ ლაზარეს ბრალეულობას არც საქმეზე დართული ექსპერტიზები და არც სასამართლოში ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებები მიუთითებს.
რა წერია ექსპერტიზების დასკვნებში?
საქმის მასალების მიხედვით, ექსპერტიზა ჩაუტარდა როგორც ლაზარე გრიგორიადისის ტანისამოსს, რომელიც პოლიციამ მისი სახლიდან ამოიღო, ასევე, დაზარალებული პოლიციელების სამოსსაც. ამასთან, საქმეში დევს დამწვარ ავტომობილზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც.
„ნეტგაზეთი“ სტატიის ამ ნაწილში ყურადღებას გაამახვილებს ლაზარეს სამოსსა და დამწვარ ავტომობილზე ჩატარებულ ექსპერტიზებზე.
ექსპერტი, რომელმაც ლაზარეს სამოსის ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარა, შსს-ს საექსპერტო დეპარტამენტის ქიმიური განყოფილების უფროსი ალექსანდრე დადიანიძეა. სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში ექსპერტმა განაცხადა, რომ კვლევის ფარგლებში შეისწავლა გრიგორიადისის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ქურთუკი, რომელთაგან ნავთობპროდუქტების კვალი მხოლოდ ქურთუკიდან ამოვიდა. კერძოდ, ექსპერტმა სასამართლოზე განაცხადა, რომ გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი აღმოჩნდა.
როგორც ალექსანდრე დადიანიძემ განმარტა, ნავთობპროდუქტების მსუბუქი და საშუალო ფრაქციები აქროლადია და დროთა განმავლობაში აორთქლება ახასიათებს, მძიმე ფრაქციები კი ილექება. მიუხედავად ამისა, ექსპერტმა განმარტა, რომ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა ხანდაზმულობისაა მის მიერ აღმოჩენილი კვალი. ამასთან, ექსპერტის თქმით, კვალი შეიძლება დაეტოვებინა როგორც ბენზინს, დიზელს ან ნავთს, ასევე ზეთოვან ნავთობპროდუქტებსაც, როგორიცაა, მაგალითად, ავტომანქანის ზეთი.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი გურო იმნაძე აღნიშნავს, რომ ექსპერტიზამ ამ ნაწილში ცხადად ვერ უპასუხა კითხვას, თუ რა გზით მოხვდა ეს კვალი ლაზარეს სამოსზე და არ გამორიცხა, რომ ის დაბინძურებული ჰაერიდანაც გადასულიყო სამოსზე.
მართლაც, ადვოკატების კითხვაზე, რა გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო ეს კვალი ლაზარეს ქურთუკზე და შეიძლებოდა თუ არა ეს ჰაერიდან მომხდარიყო, ექსპერტმა უპასუხა — „ჰაერში ნავთობპროდუქტი ზოგადად არ არის, თუ დაბინძურებული არ არის“. თუმცა, მისი განცხადებით, ეს არ წარმოადგენდა კვლევის საგანს, მხოლოდ კვალის აღმოჩენა ევალებოდა და არა მისი წარმომავლობის დადგენა.
ლაზარე გრიგორიადისმა ექსპერტს ასევე ჰკითხა, ქურთუკის კონკრეტულად რომელი ნაწილზე იქნა აღმოჩენილი ნავთობპროდუქტის კვალი, რაზეც ექსპერტმა უპასუხა — „იმდენად მცირე კვალი იყო, ვერ ვიტყვით“.
ალექსანდრე დადიანიძის თქმით, ექსპერტიზის ფარგლებში ნიმუშები აიღეს ქურთუკის მთლიანი შიდა და გარე ზედაპირიდან, ასევე ჯიბეებიდან, და მისი ნაწილების ცალ-ცალკე შესწავლა არ მომხდარა. ექსპერტის განცხადებით, სამოსს არ აღენიშნებოდა ლაქა, რათა ცალკე რომელიმე ნაწილის შესწავლა მომხდარიყო.
ვრცლად წაიკითხეთ: რა თქვა პროცესზე ექსპერტმა, რომელმაც ლაზარეს ტანსაცმელს ქიმიური ექსპერტიზა ჩაუტარა
კიდევ ერთი ექსპერტიზა, რომელიც საქმეში დევს, დამწვარ ავტომობილს შეეხება. სწორედ ამ ნაწილშია ექსპერტიზის დასკვნები, გურო იმნაძის თქმით, ერთმანეთთან შეუსაბამო.
კერძოდ, პროცესზე შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის ექსპერტმა ირაკლი სადრაძემ განაცხადა, რომ მისი კომპეტენციის სფერო იყო, ჩაეტარებინა ტრასოლოგიური ექსპერტიზა და განესაზღვრა, რა დაზიანებები აღენიშნებოდა ავტომობილს და რისი გამოყენებით იყო გაჩენილი. თუმცა, სადრაძის თქმით, ავტომობილი სრულად იყო დამწვარი, განადგურებული და კონკრეტული დაზიანებების შეფასების შესაძლებლობას არ იძლეოდა.
ავტომობილზე ჩატარებული კიდევ ერთი ექსპერტიზის ავტორმა ვლადიმერ ბერიძემ კი სასამართლოს განუცხადა, რომ ტოიოტა კოროლას მარკის ავტომობილს მხოლოდ წინა მხარე ჰქონდა შენარჩუნებული, რითაც დაასკვნა, რომ ავტომობილი დამწვარი იყო. ამასთან, ექსპერტის თქმით, დაათვალიერა ავტომობილის ელექტროგაყვანილობის დარჩენილი ნაწილიც, რამაც არ მისცა იმის ფიქრის საფუძველი, რომ ხანძარი ელექტრობის პრობლემამ გამოიწვია. მან საბოლოოდ დაასკვნა, რომ მანქანის დაწვის მიზეზი ცეცხლის ღია წყარო იყო.
ექსპერტის აღნიშნული ჩვენების შემდეგ დაცვის მხარემ მოწმეთა ჩვენებებს შორის შეუსაბამობაზე მიუთითა. კერძოდ, გრიგორიადისის ადვოკატებმა იკითხეს, როგორ მოხდა, რომ ერთსა და იმავე ავტომობილზე ორი ექსპერტიდან, რომლებიც ერთად მუშაობენ, ერთი აცხადებს, რომ ავტომობილი მთლიანად განადგურებული იყო და მასზე დაზიანებების აღმოჩენა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა შეუძლებელი იყო, მეორე კი ამბობს, რომ გადარჩენილი წინა ნაწილით დაასკვნა დაზიანების მიზეზი და ის, თუ რამ გამოიწვია ხანძარი.
აღნიშნულის საპასუხოდ თავად ექსპერტმა თქვა, რომ სხვა ექსპერტის დასკვნას ვერ შეაფასებდა, ბრალდების მხარემ კი განაცხადა, რომ საუბარია ორ სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზაზე.
ექსპერტების ჩვენებებზე, რომლებმაც დამწვარი ავტომობილი შეისწავლეს, წაიკითხეთ ვრცლად.
რას ამტკიცებს საქმეზე დართული ვიდეოჩანაწერები?
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვებში ნეიტრალურ და დამაჯერებელ მტკიცებულებად ასახელებდა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც თითქოსდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ამსახველ ვიდეოჩანაწერში ექსპერტმა ლაზარეს სახის იდენტიფიცირება მოახდინა.
რეალურად კი, ექსპერტს გადაეცა ვიდეოკადრები, რომლებიც მხოლოდ ლაზარეს საპროტესტო აქციაზე ყოფნასა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტში პროდუქტების ყიდვას ასახავს.
მართლაც, საქმეში დევს არაერთი ვიდეოჩანაწერი სხვადასხვა რაკურსით, თუ როგორ ყიდულობს ლაზარე გრიგორიადისი სუპერმარკეტ „სპარში“ პროდუქტებს და იხდის მათ ღირებულებას „თიბისი“ ბანკის ბარათით. ამასთან, საქმეში დევს კადრები, თუ როგორ შედიან ლაზარე და მისი მეგობრები ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, საიდანაც ლაზარე მარტო გამოდის პარკით ხელში, რომელშიც, მისი თქმით, საყოფაცხოვრებო ნარჩენები იყო მოთავსებული. გამოძიებას აღნიშნული ჩანაწერი არაერთი რაკურსით აქვს საქმეზე დართული.
საქმეზე დართული სხვა კადრები შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდაც გაავრცელა ლაზარეს დაკავების შემდეგ.
თამარ გეგელია აღნიშნავს, რომ საქმეში ასევე არ დევს უწყვეტი ვიდეოჩანაწერი, რომელიც აჩვენებდა, რომ კადრებში ნაჩვენებმა პიროვნებამ მართლაც ისროლა მოლოტოვის კოქტეილი იმ მიმართულებით, რასაც ედავებიან, დაეცა და ცეცხლის წაკიდება გმაოიწვია:
„ასეთი უწყვეტი ვიდეომასალა არ არსებობს — შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულებაც“, — აღნიშნავს სისხლის სამართლის პროფესორი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი გურო იმნაძე მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებიდან მხოლოდ ერთი რამ დასტურდება — რომ ლაზარე მართლაც იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე 7-8 მარტის აქციების დროს, რასაც არც თავად მსჯავრდებული უარყოფს.
დარღვევები ამოცნობის პროცესში
გურო იმნაძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება ბრალდების მხარისთვის ამ საქმეში ამოცნობის ოქმები უნდა ყოფილიყო, თუმცა პროცესი საპროცესო მოთხოვნების არსებითი დარღვევით ჩატარდა.
კერძოდ, ამოცნობის ოქმებში მითითებულია, რომ ფოტოსურათით ამოცნობა იმიტომ ჩატარდა, რომ ბრალდებულის ადგილსამყოფელი უცნობი იყო, რასაც თავად საქმის მასალები ეწინააღმდეგება, სადაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის თაობაზე, რომ ბრალდებული იმალებოდა.
უფრო მეტიც, ბრალდების მხარეს პროცესზე წარმოდგენილი ჰქონდა გრიგორიადისის საცხოვრებელი სახლის შენობის ლიფტთან გადაღებული ვიდეოკადრები. პოლიციელი, რომელსაც ოპერატიული წყაროსგან ეცნობა ინფორმაცია ლაზარეს მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ, სასამართლო პროცესზე დასმულ შეკითხვაზე – რატომ არ სცადა ლაზარესთან დაკავშირება და უშუალოდ მისი დაბარება ამოცნობაზე (მაშინ როდესაც ლაზარესა და მისი ოჯახის წევრების საკონტაქტო ინფორმაცია უკვე ჰქონდათ), პასუხობს, რომ საჭიროდ არ ჩათვალა.
მოწმეებს კი ამოსაცნობად ლაზარესგან მკვეთრად განსხვავებული გარეგნული მახასიათებლების მქონე სამი პირის ფოტოსურათები წარედგინათ. კერძოდ, წარდგენილ ფოტოსურთაში მხოლოდ ლაზარეს ჰქონდა ქერა თმა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ ამომცნობს უნდა წარედგინოს ფოტოსურათები, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან.
გარდა ამისა, ის ზოგადი ნიშნები (მსხვილი წარბები, მუქი ფერის თვალები და სხვ.), რომლებიც ამომცნობმა პოლიციელებმა დაასახელეს ამოცნობის საფუძვლად, სხვა ფოტოებზე წარმოდგენილ პირებსაც უნდა ახასიათებდეთ.
„საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის“ ,— აღნიშნავენ ორგანიზაციაში და დასძენენ, რომ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლაზარეს სახეზე დიდი ზომის ტატუირება აქვს. თუ პოლიციელები იმდენად დიდხანს აკვირდებოდნენ მის სახეს, რომ დეტალურად აღწერენ სახის ნაკვთებს, სვირინგიც უნდა შეენიშნათ, თუმცა ჩვენებების მიხედვით, ვერც ერთმა პოლიციელმა ვერ ნახა ე.წ. „ტატუ“ მის სახეზე:
„დაცვის მხარის პოზიციით, ეს იმითაა განპირობებული, რომ ამოსაცნობად წარდგენილ ფოტოსურათში ლაზარეს ტატუ არ ჰქონდა და, შესაბამისად, პოლიციელები ვერ იტყოდნენ, რომ ამ ნიშნით ამოიცნეს“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამავეს გვეუბნება კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ გეგელიაც, რომელიც საქმის მასალებს გაეცნო.
სამართლის პროფესორი ხაზს უსვამს, რომ საქმეში მოწმეები ძალიან ზოგად მახასიათებლებზე უთითებენ და არ საუბრობენ ინდივიდუალურ ნიშან-თვისებებზე, როგორიც იქნებოდა, მაგალითად, ტატუ ლაზარეს თვალზე, რომელიც არცერთს საკუთარ ჩვენებაში უხსენებია:
„გასაკვირია, რომ ისეთ განათებასა და მოძრაობაში, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ თხელი ლოყები და წარბები გაარჩიეს და დაინახეს თვალის არათუ ფორმა, ფერიც — ტატუ კი ვერ შეამჩნიეს. არცერთ ჩვენებაში მითითებული არაა ინდივიდუალურ ნიშნ-თვისებაზე“ ,— აცხადებს გეგელია.
მისი თქმით, გარდა თმის ფერისა, ფოტოსურათით ამოცნობის პროცედურისას წარმოდგენილი პირები სხვა ნიშან-თვისებებითაც განსხვავდებიან ლაზარესგან, რაც ასევე უხეში დარღვევაა:
„წარმოდგენილი ოთხი ფოტოდან ორს აქვს წვერი და ამოსაცნობ პირს არ ჰქონია წვერი, იგივე თმის ფერიც… კანონში წერია, რომ არსებითი განსხვავება არ უნდა იყოს ამოსაცნობ პირებს შორის ლაზარე კი ძალიან ინდივიდუალური ნიშან- თვისებებით გამოირჩევა, უკეთია საყურე, მელირება აქვს, გამოკვეთილად სქელი წარბები აქვს, დანარჩენ ამოსაცნობ პირებს კი არ აქვთ ასეთი სქელი წარბები, არც სქელი ტუჩები, არსებითი განსხვავებაა პირს, რომელზეც ეჭვი ჰქონდათ, და დანარჩენ ადამინებს შორის“ ,— აღნიშნავს გეგელია.
Საქმის პოლიტიკური მდგენელი
გრიგორიადისის დაკავების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომელიც დაცვის მხარის შეფასებით ლაზარეს დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ამბობდა, რომ „ამ ადამიანს ყველანაირი ორიენტაცია ჰქონდა არეული“, ირაკლი ღარიბაშვილი კი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ამბობდა, რომ ამ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი „უნდა დაისაჯოს“.
ხელისუფლების წარმომადგენლების ამ და სხვა მსგავსი განცხადებების გამო ლაზარე გრიგორიადისის მხარე კობახიძისა და ღარიბაშვილისთვის სასამართლოში ჩივილსაც გეგმავდა, თუმცა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ ლაზარეს მადისკრედიტირებელი კამპანია წარმოებდა პროსახელისუფლებო მედიაშიც. კერძოდ, 2023 წლის 30 მარტს ლაზარეს დაკავების შესახებ ინფორმაცია პროსახელისუფლებლო ტელეკომპანია POSTV-მ გაასაჯაროვა და ბრალდებულის ფოტოს დაურთო წარწერა – “წარსულში მამის მიმართ ძალადობაზე ნასამართლევი, ხოშტარიას პარტიის წევრი ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს”.
რეალურად კი, ამ განცხადების გავრცელების მომენტში ლაზარეს ბრალი ჰქონდა წაყენებული ოჯახური დანაშაულისთვის, თუმცა არ არსებობდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, არც ნასამართლევი იყო. ამასთან, მისი კავშირი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან არ დადასტურებულა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ პროპაგანდისტულ კამპანიას მოსახლეობაში ლაზარეს მიმართ ნეგატიური შთაბეჭდილებების შექმნისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მიზანი ჰქონდა. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა იმთავითვე წარმოაჩინა ლაზარეს მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმისადმი პოლიტიკური დაინტერესება:
„საქმეში იკვეთება არსებითი ხასიათის პროცესუალური და მტკიცებულებითი დარღვევები. საქმის სასამართლოში მსვლელობა და მის ირგვლივ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები აჩვენებს, თუ რამდენად მძაფრი იყო ამ საქმის პოლიტიზირების მცდელობა. საქმის განხილვის არაერთ ეტაპზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ლაზარეზე ყალბი ინფორმაციების გავრცელება, მისგან მტრის ხატის შექმნის და საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები“ ,— აცხადებენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.