Jump to content
Planeta.Ge

PSC-ის დელეგაცია - ბევრი დრო არ არის - ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომელთაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ


ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომელთაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ, - ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში PSC-ის წევრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველოს ოფიციალური პირებს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების შესრულებისთვის იწვევენ.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციები არის მკაფიო სახელმძღვანელო.

„საჭირო რეფორმები და პროგრესი დაყოვნების გარეშე და მთლიანი საზოგადოების ჩართულობით უნდა იქნას შესრულებული - მთავრობის, ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

ბევრი დრო არ არის. ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომლებსაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ. შეშფოთებები, რომლებიც ბოლო დროის ზოგიერთ ინიციატივასთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე" კანონპროექტთან, საქართველოს ოფიციალურ პირებთან იქნა განხილული, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის 2024 წლის 4 აპრილის განცხადებაზე დაყრდნობით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მის ღირებულებებს, რომლებიც ქარტიაშია ასახული”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, PSC-ის წევრებმა საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდეს, მომენტით ისარგებლონ, მათ შორის 2024 წლის 26 ოქტომბერს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფონზე.

ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოიწვიოს ODIHR-ის დამკვირვებლები. ასევე ევროკავშირი აღნიშნავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და საუბრობს ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის მიერ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული შესწორებების განხორციელების მნიშვნელობაზე.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) წევრები სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან. დელეგაცია, რომელსაც PSC-ის თავმჯდომარე ელჩი დელფინე პრონკი ხელმძღვანელობს, შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...