Jump to content
Planeta.Ge

როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე ვდგებით, გვიმეორდება 9 აპრილი — ილიკო სუხიშვილი რუსულ კანონზე


ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ტელეკომპანია „პირველთან“ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება.

ილიკო სუხიშვილის თქმით, ამგვარი ნაბიჯებით დასავლეთში საქართველოს ხელისუფლება აგზავნის მესიჯს, რომ ყველა ღონეს ხმარობს ხაზი გადაუსვას ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას და აცხადებს, რომ ახლანდელი რეჟიმი საბჭოთაზე არანაკლებ საშინელია:

„არ არის ისეთი კანონები, რომელიც პირიქით დაგვაახლოვებს ამ [დასავლურ] პერსპექტივასთან? ჩემი აზრით, დასავლეთიდან ახლა გვიყურებენ, რომ ჩვენ ყველანაირ ღონეს ვხმარობთ, რათა ხაზი გადავუსვათ ამ პერსპექტივას და არამგონია, ეს ლამაზად ჩანდეს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე ვდგებით, გვიმეორდება 9 აპრილი. ვერ გამოვედით, ვერ გამოვძვერით აქედან, იმ საბჭოთა რეჟიმიდან მოყოლებული ამდენი თაობა და დღევანდელი რეჟიმი, რომელიც ამ თავის ფორმატით არანაკლებ საშინელია. ვშორდებით თავისუფლების პერსპექტივას, ეს მართლა არ მესმის. სამყარო გვიყურებს როგორც ჩვენი ხალხის ნებას, ამის იმედი მაქვს“ — ამბობს ილიკო სუხიშვილი.

რუსულ კანონზე კომენტარი გააკეთა ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორმა ნინო სუხიშვილმაც. ნინო სუხიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს რუსული კანონის ხელახლა შემობრუნების გამო, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

„ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რატომ მოითხოვს ეს ხელისუფლება ასე დაჟინებით ამ პროექტის დამტკიცებას, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ ეს კანონპროექტი ჩავარდა და ეს იყო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის შედეგი. გასაკვრიია, რომ წელს კიდევ წარმოიშვა ამ კანონპროექტის გატანის იდეა, არაფერი არ არის შეცვლილი ერთ სიტყვის გარდა — „აგენტია“ ამოღებული და პრინციპში, იგივეა.

ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის ქვეშ მოექცევიან, არ მიმაჩნია, რომ არიან უცხო ქვეყნების ინტერესების მატარებლები. პირიქით, ისინი იცავენ საქართველოს დემოკრატიულ გზას. ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს ჩვენს ქვეყანაზე აზრს შეუცვლის,“ — ამბობს ნინო სუხიშვილი.


რა ხდება
 
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

 

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...