„ძალიან დიდი საჩუქარია პუტინისთვის“ — გიორგი თავდგირიძე ვაზიანში აეროპორტის აშენებაზე
საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნება.
ის ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ახალი აეროპორტის მაინცდამაინც ვაზიანის სამხედრო ბაზასთან აშენება, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ბაზის სამხედრო პოტენციალს.
„რეალურად ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი პუტინისთვის. ახლა, როცა ის იმპერიის რეანიმირებას ცდილობს, მისთვის ამ ტიპის გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი საჩუქარი. ერთი მხრივ, რუსები ძალიან იყვნენ იმით აღშფოთებული, რომ ვაზიანი ჩვენ დაგვრჩა. ისინი მიიჩნევენ, რომ ვაზიანი მათი ჩაქცეიული ჯაფის შედეგია და ჩვენ ის არ დაგვიმსახურებია. მათი „შელახული თავმოყვარეობისთვის“ ეს მალამოსავით იქნება.
მეორე მხრივ, თბილისი ძალიან მოწყვლადი ხდება. როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაიწყო, ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იყო დესანტის გადასხმის მცდელობა, რომ კიევზე დარტყმა განეხორციელებინათ არა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან კიევის მიმართულებით, არამედ იქვე შიგნიდან. შედარებით მოკრძალებული ძალებითაა, მაგრამ გაცილებით ეფექტურია, როცა ამხელა მანძილი არ გაქვს გასავლელი და პირველივე წუთებზე შეგიძლია დაარტყა ქვეყნის პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცენტრს,“ — უთხრა თავდგირიძემ ნეტგაზეთს.
მისივე განმარტებით, ვაზიანის სახმედრო ბაზის დასუსტება რუსეთს საშუალებას მისცემს, თბილისის დასაკავებლად დესანტი ფოთსა და აფხაზეთში კი არ ჩამოსხას, რა დროსაც მას მთელი საქართველოს გამოვლა მოუწევს, არამედ პირდაპირ თბილისის შუაგულიდან დაიწყოს საქართველოს დედაქალაქის დაკავება.
როგორც თადარიგის პოლკოვნიკი ნეტგაზეთთან ამბობს, ვაზიანის სამხედრო ბაზა მხოლოდ სამხედრო აეროდრომი არ არის. მისი თქმით, ეს უნიკალური სამხედრო კომპლექსია და მსოფლიოში ბევრი არ არის ისეთი სამხედრო ბაზა, რომელსაც შეუძლია დაიკვეხნოს იმ ტიპის გარემოთი, შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით, რომელიც ვაზიანს აქვს.
„ეს არის ყაზარმების ძალიან დიდი ფონდი, რომელიც თითქმის საუკუნის განმავლობაში შენდებოდა და იზრდებოდა მისი მოცულობა. მშენებლობის ხარისხის მხრივაც ძალიან მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ვაზიანს გააჩნია საკმაოდ კარგი საცავები სამხედრო თვალსაზრისით. ეს არის იშვიათი გარემო, სადაც შესაძლებელია სამხედრო ბაზას ჰქონდეს თავისი პოლიგონი. არა იმისთვის, რომ მხოლოდ სასროლეთი იყოს, არამედ ამ პოლიგონზე შესაძლებელია სატანკო სწავლებების ჩატარება, მათ შორის საბრძოლო საშტატო გასროლების გამოყენებით.
ამასთანავე ამ სამხედრო ბაზის სივრცეში განთავსებულია რამდენიმე სასწავლო ცენტრი, თავის თავისებურებებით. პოლიგონი მხოლოდ მინდორი არ არის, სადაც ისვრი. ეს არის გარკვეული მოწყობილობა და აქ არის საქართველო-ნატოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, რომელიც ძალიან კარგად არის კონფიგურირებული. ამასაც არაერთი წელი მოხმარდა, რათა აქ პერსონალი, ინფრასტრუქტურა და თავისი სასწავლო სიმძლავრეები ყოფილიყო. ასევე, ვაზიანის სამხედრო კომპლექსის შემადგენლობაში არის სამხედრო აეროდრომი“, — ამბობს გიორგი თავდგირიძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ვაზიანის სამხედრო კომპლექსი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ შესაძლებელია არტილერიის განლაგებაც.
როგორც გიორგი თავდგირიძე ამბობს, ვაზიანის სამხედრო კომპლექსი უნიკალურია თავის გეოგრაფიული მდებარეობითაც და თბილისის თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
„თბილისის ურბანული განვითარება ისე მოხდა, რომ ვაზიანი არ აფერხებს ქალაქის განვითარებას და ირგვლივ ისეა ეს ურბანული გარემო, რომ ვაზიანის ექსპლუატაცია არის ძალიან იაფი. ერთი მხრივ, ურბანულ დასახლებასთან და ქალაქთან ახლოს არის, ინფრასტრუქტურულად ყველა კომუნიკაცია, რაც კი რამ შესაძლებელია მათთან, ძალიან ადვილად მიდის. მეორე მხრივ, ის არ აზიანებს მის მეზობლად მოსახლეობის უსაფრთხოებას. ეს ძალიან უნიკალურია“, — მიიჩნევს თადარიგის პოლკოვნიკი თავდგირიძე.
მისი თქმით, იმის გამო, რომ ვაზიანი გეოგრაფიულად ძალიან კარგ წერტილშია განთავსებული და საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ამ ბაზიდან შესაძლებელია, ქვედანაყოფები ისე აღმოჩნდნენ საბრძოლო მოქმედებების არეალთან, რომ ნაკლები დრო დაიკარგოს და მთელი თბილისის გავლა არ დასჭირდეს.
„ასევე, თუ საჭირო გახდა თბილისის თავდაცვა, არამხოლოდ ომის შემთხვევაში, მაგალითად, თუ ვიღაც ჩაიფიქრებს თბილისის წინააღმდეგ რეიდის მოწყობას, ან დესანტის გადმოსხმას, ვაზიანის სამხედრო ბაზა ისე მჭიდროდ არის თბილისთან განლაგებული, რომ ძალიან მოკლე ხანში მას შეუძლია თბილისის ყველა მისადგომის დაკავება და გამაგრება, შესაბამისად, ქალაქის თავდაცვაც.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, რადგან დღევანდელი სამხედრო საქმე ისეა განვითარებული, რომ ფორსირებული მარშის შემთხვევაში საკმაოდ სწრაფად წარმოიქმნება საფრთხე დედაქალაქისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მის მახლობლად განლაგებული იყოს საკმაოდ მძლავრი დაჯგუფება, რომელიც სწრაფად მოახერხებს საფრთხის ლიკვიდაციას. ასეთი არის ვაზიანი,“ — განუცხადა ნეტგაზეთს თავდგირიძემ.
თადარიგის პოლკოვნიკი ასვეე განმარტავს, თუ როგორ შეაფერხებს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება ვაზიანის სამხედრო კომპლექსის ფუნქციონირებას.
„სამხედრო აეროდრომს კი არ ვკარგავთ, მისი ნაწილი გამოყენებული იქნება სამოქალაქო აეროდრომისთვის და ნაწილი შეიძლება დარჩეს. როცა ვაზიანის სახმელეთო და საარტილერიო ბრიგადაზე გვაქვს საუბარი, თუ აქ სამოქალაქო აეროდრომი აშენდება, მისი ფუნქციონირება ხორციელდება 24 საათი. შესაბამისად, პოლიგონი და ის სამხედრო სიმძლავრეები, რაც განლაგებულია, რაც განლაგებულია ვაზიანში, ვერ ივარჯიშებს და ვერ იფუნქციონირებს.
როდესაც ეს ინფრასტრუქტურა დაიწყებს მოქმედებას, ჯერ ერთი კომუნიკაციის ხაზები შეეზღუდება პოლიგონს და მისი რეაგირების დრო გართულდება და ფასს დაკარგავს, რადგან სამხედრო საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია რეაგირების დროის ფაქტორი.
მეორე მხრივ, ამ შემთხვევაში სამხედრო და საარტილერიო ქვედანაყოფები, რომლებიც აქაა განლაგებული და არა მარტო ისინი, იძულებული იქნებიან, სადღაც ივარჯიშონ,“ — ამბობს თავდგირიძე.
მისივე თქმით, თბილისის მახლობლად არ არსებობს სხვა ტერიტორია, სადაც ასე არის შერწყმული ის შესაძლებლობები და გარემო, რაც ვაზიანშია სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის.
როგორც თადარიგის პოლკოვნიკი ამბობს, ახალი პოლიგონის მონახვა საკმაოდ ძნელია, რადგან ერთი მხრივ, უნდა მოიძებნოს ადგილი, სადაც მისვლა ადვილია და მეორე მხრივ, უკაცრიელი უნდა იყოს.
გიორგი თავდგირიძის თქმით, ვაზიანის შემდეგ თბილისიდან ყველაზე ახლოს ახალციხეში მდებარე ორფოლოს პოლიგონია.
„გარკვეულწილად, უკვე ასეთი უნდა იყოს [ახალი] ადგილი და ასეთი აღარ გვაქვს. ასეთი ახლოს მარტო ორფოლოა. წარმოიდგინეთ, ორშაბათობით ვაზიანზე დატვირთო ტანკი, ჩაიყვანო პოლიგონზე, ავარჯიშო და პარასკევს ისევ დატვირთო და უკან წამოიყვანო, ძალიან დიდი ხარჯია. წაიყვანო და იქ დატოვო, მაშინ გამოდის, რომ სატანკო ბატალიონი აქ არ გყავს და სატანკო ბატალიონს და ჯავშან-სატანკო ბატალიონს თავისი ტექნიკა ჰყავს ორფოლოში. გამოდის, რომ ან ძალიან გაძვირდება ექსპლუატაცია და ვაზიანში სამხედროების ყოფნა აზრს დაკარგავს, ან დაზიანდება, რადგან თუ ვარჯიშზე არ წაიყვან, სამხედრო მომზადება იქნება ნული. მოუმზადებელი სამხედრო გინდა გყოლია, გინდა არა…
სრულ აბსურდამდე მივდივართ. პირდაპირ კი არ ანგრევენ ბაზას, საუბარია იმაზე, რომ სამოქალაქო აეროდრომის გაკეთება, თან თუ საუბარია ჰაბის გაკეთებაზე, ფუნქციონერების მთავარ ელემენტს უკარგავს,“ — უთხრა ნეტგაზეთს თადარიგის პოლკოვნიკმა.
გიორგი თავდგირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ორფოლოში გადასვლა რთული იქნება სამხედრო პერსონალისთვისაც.
„გადავა ორფოლოში ვაზიანის სამხედრო ბაზა, თბილისი დაკარგავს დაცვას. ორფოლოში რომ გადავიყვანთ, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ინფრასტრუქტურაა აქ, პერსონალს თავის ოჯახები ჰყავთ, როგორ გინდა თბილისში მაცხოვრებელი ორფოლოში გადაიყვანო. აქედან ახალციხემდე რით ივლის? თუ ახალციხეს ისე მოვაწყობთ, რომ რამდენიმე ათეული ათასი ოჯახი გადასახლდება იქ იმისთვის, რომ პერსონალი შევუნარჩუნოთ ამ ბაზას? ბაზა მხოლოდ გეოგრაფიული განთავსება არაა, ეს არის ინფრასტრუქტურა, მომსახურე პერსონალი და იქ არსებული საბრძოლო ტექნიკა. ამ ოთხ ელემენტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონალი. პერსონალს სად ვტოვებთ? ვაზიანში დარჩებიან ის ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები არიან და არ ექნებათ სამუშაო და ორფოლოში იქნება სამუშაო, რაც გასაკეთებელია, მაგრამ არ გვეყოლება პერსონალი, ვინც ამ სამუშაოს თავის თავზე აიღებს.
თუ ახალი მთავრობა მოვა და თავის თავზე აიღებს, შეიძლება, 20-30 წლის შემდეგ ორფოლოც ასეთივე კარგ სამხედრო ბაზად ჩამოყალიბდეს, როგორ ვაზიანია, მაგრამ თბილისს რა ამით?“ — ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში გიორგი თავდგირიძე.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.