Jump to content
Planeta.Ge

რუსეთში გეგმავენ, „უცხო ქვეყნის აგენტებად" მიჩნეულ პირებს არჩევნებში კენჭისყრა აუკრძალონ


რუსეთში გეგმავენ, ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნის აგენტებად არიან დარეგისტრირებული, ნებისმიერი დონის არჩევნებში კენჭისყრას აუკრძალონ.

შესაბამისი კანონპროექტი რუსეთის დუმაში გუშინ, 2 აპრილს დარეგისტრირდა.

ამასთან, მას შემდეგ, რაც ინიციატივის შესახებ მედიამ დაწერა, ინიციატორებმა ის „გადასინჯვისა და გაუმჯობესების” მიზეზით გაითხოვეს და გაუმჯობესებული ვარიანტის ხელახალი რეგისტრაციის პირობა დადეს.

კანონპროექტის ავტორი ფრაქცია „სამართლიანი რუსეთია“. რუსეთში ამ ეტაპზე მოქმედი კანონდებლობით, „უცხო ქვეყნის აგენტებს” არჩევნებზე დაკვირვება ეკრძალებათ.

რუსული სამთავრობო მედია, რომელთათვისაც დოკუმენტი ხელმისაწვდომია, წერს, რომ რუსეთის „უცხო ქვეყნის აგენტად” გამოცხადებულ მოქალაქეებს ჩამოერთმევათ როგორც ფედერალურ, ისე რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ასევე, საარჩევნო კომისიებში ყოფნის შესაძლებლობა. თუმცა, ეს ისედაც აკრძალულია.

ასევე, აეკრძალებათ საჯარო დაწესებულებებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ სამსახურებში მუშაობა.

ფრაქციის ლიდერმა, სერგეი მირონოვმა უახლესი რეპრესიული კანონპროექტი იმით ახლა, რომ „უცხო ქვეყნის აგენტების“ მნიშვნელოვანი ნაწილი „ცხოვრობს საზღვარგარეთ, იკავებს ანტირუსულ პოზიციებს და მხარს უჭერს, მათ შორის ფინანსურად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“.

ჯერაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, უცხო ქვეყნის აგენტად „გამოაცხადოს ის, ვინც „უცხოური გავლენის ქვეშაა“, თუმცა, ამ ტერმინის განმარტება ბუნდოვანია.

არსებობს „უცხო ქვეყნის აგენტების” რეესტრი. ახლა დარეგისტრირებულია 570-ზე მეტი „აგენტი“: ფიზიკური პირები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობები.

„უცხო ქვეყნის აგენტის” სტატუსი, სხვა საკითხებთან ერთად, პირს ავალდებულებს, კვარტალში ერთხელ წარადგინოს მოხსენება პირად საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესახებ. ასევე, აღრიცხოს ყველა კომუნიკაცია. ანგარიშში შეცდომები ან კომუნიკაციის არაღრიცხვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით.

2022 წლის ბოლოდან „უცხო ქვეყნის აგენტებს“ ეკრძალებათ სამთავრობო დაწესებულებებში სწავლება, საჯარო ღონისძიებების ორგანიზატორობა, ჯარში საკონტრაქტო სამსახური, საარჩევნო კომისიის წევრობა და დამკვირვებლობა.

საქართველოში კი „ქართული ოცნება” პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 

ანალოგიური პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირ0ა და პირველი მოსმენითაც მიიღო. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გაიწვია.

წლევანდელი კანონპროექტი შარშანდლის იდენტურია, ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი” გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია”.

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული, – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად” გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ. სახელმწიფოს ენიჭება ორგანიზაციების დაჯარიმების უფლებამოსილება.

სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია” შესაძლოა, გაიგივდეს „უცხოელ ჯაშუშთან” და „მოღალატესთან”, რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად შეაფერხებს მათ აქტივობებს.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...