Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ კანონპროექტს არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან, ამის უკან დგას შიშები მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით


„ქართული ოცნება“ იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, ახალ-ახალ კანონპროექტებს, გავლენის ბერკეტებს ქმნის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე დაუსვეს კითხვა.

„საქართველოს მდგომარეობის შედარება იმ ქვეყნებთან წარმოუდგენელია. ჩვენ გვყავს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ჰიბრიდული მეთოდებით იბრძვის, პროპაგანდას აღვივებს ქვეყანაში. პირველად როცა მოხდა „რუსული კანონის“ ინიცირება, უგულებელყვეს ჩვენ მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავებისა და შეზღუდვის შესახებ. რატომ? ვინაიდან მათ კანონპროექტს, რეალურად, არაფერი აქვს საერთო მტრულად განწყობილი სახელმწიფოების, პირველ რიგში, რუსეთის გავლენების შეზღუდვასთან. მას აქვს სხვა დანიშნულება და ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა „ოცნების“ ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, ახალ-ახალ კანონპროექტებს, გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში. მათ ავიწყდებათ, რომ საზოგადოებამ პირველ ჯერზე ეს არ „გაუტარა“ და ახლა მით უმეტეს. ჩვენი ქვეყნის საზოგადოების პირველი მობილიზება იქნება მოახლოებულ არჩევნებზე, სადაც „ქართულ ოცნებას“ შესაბამის პასუხს გასცემენ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს არანაირი კავშირი არ აქვს დაფინანსების გამჭვირვალობასთან.

„ძალიან კარგად ვხედავ, რომ დაფინანსება არის გამჭვირვალე. ხელისუფლებას რამემ შეუქმნა დაბრკოლებები, გამოეტანათ ის შემთხვევები, რომლებიც სიმართლეს შეესაბამებოდა ან – არა? რამე დაბრკოლება იყო, რომ გამოეტანათ კონკრეტული საკითხები, რომლებზეც, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, მათ სურდათ ყურადღების გამახვილება? არ დაუბრკოლებიათ.

ყველაფერი ნათელია, ამას არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების მიზანი, მისია არის ძალაუფლების გახანგრძლივება და არა ქვეყნის განვითარება, გაჯანსაღება. რა თქმა უნდა, ეს არის რუსული შინაარსის და მიზნების მატარებელი კანონპროექტი. ისტორიამ განსაზღვრა ჩვენ მიმართ მტრული სახელმწიფოები. მზად ვარ, მხარი დავუჭირო ჩვენს ალტერნატიულ პროექტს, რომელიც საქართველოში რუსული გავლენების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამით დავიწყოთ და ეტაპობრივად თუ გამოჩნდება ზედაპირზე მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინტერესები, ეს წრე შემდეგ გავაფართოოთ. ამას არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან. ეს არის პროპაგანდა, რომელსაც „ოცნება“ იყენებს. სასაცილოა ის შიშები, რაც ამის უკან დგას. ამის უკან დგას მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით უზარმაზარი შიშები, ეს ჩანს ამ გადაწყვეტილებებში – ლგბტ საკითხთან დაკავშირებით, ცესკო-ს დაქვემდებარებაში, გენდერული კვოტების გაუქმებაში და ყველა მათ ბოლო გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

 


ავტორი - ანი ქაჯაია

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...