გიორგი გახარია - ჩვენ არავის მტრები არ ვართ, მაგრამ ყველამ, ვინც ხალხის ფული მოიპარა, ეს ფული უკან უნდა დააბრუნოს
29-31 მარტს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გუნდთან ერთად სამეგრელოში შეხვედრები გამართა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯგალში, კირცხში, ხაბუმეში, სენაკსა და ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის, გაზიფიცირების, წყლით მომარაგების, დასაქმების პრობლემები, მოსახლეობა განსაკუთრებით წუხს, რომ ახალგაზრდები ტოვებენ სოფლებს, ტოვებენ რეგიონს და მიდიან ევროპაში, ან აშშ-ში, რადგან საკუთარი უნარების და შესაძლებლობების რეალიზების საშუალება საკუთარ ქვეყანაში არ აქვთ.
"ჩვენ, ჩვენი გუნდი, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში უსამართლობამ და კორუფციამ ვერ გაიხაროს. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ბავშვი რომელ და როგორ ოჯახში დაიბადა. ყველა ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს სკოლა, განათლება, ჯანმრთელობა, ელემენტარული კვება! რაც ახლა ხდება, უსამართლობაა, ეკონომიკა მართლაც იზრდება, მაგრამ მხოლოდ 25 ოჯახი მდიდრება.
ჩვენ არავის მტრები არ ვართ, მაგრამ ყველამ, ვინც ხალხის ფული მოიპარა, ეს ფული უკან უნდა დააბრუნოს. როდესაც ღარიბ და ღატაკ ქვეყანაში, როცა მშობლები იმას ფიქრობენ, შვილებს რა აჭამონ, ან მშობლების ნაწილი უცხოეთშია გადახვეწილი, რომ შვილები შეინახოს, და ასეთ ქვეყანაში ხალხის ფულს ხელს კიდებ, ეს დანაშაულზე მეტია, ეს არის ღალატი! ასე ნორმალურ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ჩვენ არავის ვემტერებით, არ ვამბობთ, რომ ვიღაცას გავუსწორდეთ, არა, მაგრამ ხალხის ნაშრომი ვიღაც ნაძირალამ არ უნდა მოიპაროს და სახლში არ უნდა წაიღოს. ეს ხომ უნდა დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ. ამას კი სჭირდება, სწორი, კარგი ადამიანები პირველ რიგში პარლამენტში!“ - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატის გელა აბულაძის საქმეც გაიხსენა:
ყველამ კარგად იცის, როგორ მოექცნენ გელა აბულაძეს. რაღაც საქმე შეუთითხნეს, რადგან სწორ ადგილას - ჩვენთან ერთად იდგა. ადამიანი ერთი წელი გამოკეტეს ციხეში ცრუ ბრალდებით. რით განსხვავდებიან ნაცებისგან, ნაცები იგივეს არ აკეთებდნენ?!
მთავრობა ამბობს, რომ თითქოს ანტიკორუფციულ ნაბიჯებს დგამს და კვლევებს ატარებს, ევროპაში მესამე ადგილზე ვართო, სამარცხვინოდ ტყუიან და არაფერზე ფიქრობენ გარდა კორუფციისა, რაც შეიძლება მეტი ფულის მოპარვისა და ამ მოპარულის გადარჩენისა, რომ როგორმე ევროპაში გაიქცნენ და გაიპარონ!“, - განაცხადა გახარიამ.
სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, პარლამენტის დეპუტატები ანა ბუჩუკური და შალვა კერესელიძე, პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ჭანტურია, პარტიის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ თორია, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია, წალენჯიხის საკრებულოს წევრი გია აბულაძე, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია და პარტიის სხვა წევრები.
FRONTNEWS.GE
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.