Jump to content
Planeta.Ge

კიბო განაჩენი არ არის, მაგრამ საქართველოში არის – ასმათ მიქაძის ამბავი


“საყოველთაოდ დამკვიდრებული ფრაზა – კიბო განაჩენი არ არის, დღეს შეუსაბამო სიტყვებია ჩვენი ქვეყნისა და რეალობისთვის”, – ამბობს ასმათ მიქაძე, ორგანიზაციის “კავშირი სიცოცხლისთვის” წევრი, რომელმაც კიბო დაამარცხა და ახლა სხვების უფლებებისთვის იბრძვის.  


მე ვარ ასმათ მიქაძე, 53 წლის, პროფესიით პედაგოგი. ჩემი პროფესიით მხოლოდ 11 წელი ვიმუშავე.  დაქორწინების შემდეგ თბილისში ჩამოვედი და  აქაც ვიმუშავე სკოლაში, დაახლოებით ორი წელი.

საზღვარგარეთ მომიწია წასვლა –  ცხრა წელი ევროპაში ვცხოვრობდი, შემდეგ კი, 2009 წლის აპრილში ჩამოვედი ისევ საქართველოში. აღმოვჩნდი მანდატურის სამსახურში.

მანდატურის სამსახურში, არ ვიცი, ამდენ ადამიანში როგორ გამომარჩიეს, თანამდებობაზე დამნიშნეს, სადაც სამ წელი ვიმუშავე, შემდეგ კი, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, გამიშვეს სამსახურიდან.

მოხდა ისე, რომ შტატგარეშე თანამშრომლად ამიყვანეს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ახლად შექმნილ დეპარტამენტში. 10 წელია აქ ვარ. თუმცა ამ სამსახურიდანაც გამიშვეს. მერე ვიჩივლე, სასამართლო მოვიგე და დავბრუნდი სააგენტოში. ვმუშაობ და ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებდი ათი წლის განმავლობაში დეპარტამენტის ფარგლებში.

დიაგნოზი

2018 წლის თებერვალში დამიდგინდა მეორე სტადიის მკერდის სადინროვანი კარცინომა, აგრესიულობის კოეფიციენტი – ორი. სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული ფორმის სიმსივნე არ მქონია. დროულად, სკრინინგის მეშვეობით აღმოვაჩინე და თითქმის წელიწადი ვებრძოდი სენს.  

 სკრინინგ ცენტრში მითხრეს, რომ მქონდა სერიოზული პრობლემა.

პირველი პროცედურა, როდესაც შედიხარ – ჯერ მამოლოგთან ვიზიტია, ან ექოსკოპიაზე, ან მამოგრაფიის აპარატთან. პირველად წავედი იქ, სადაც ნაკლები ხალხი იყო – მამოგრაფიის აპარატზე. გამოვიდა გოგო, ელვისებურად შევიდა ექოსკოპისტთან,  მერე მყისიერად- მამოლოგთან. შემდეგ მომკიდა ხელი და მითხრა, წამობრძანდით ქალბატონოო, ახლავე დაგიძახებენო. მივხვდი, რომ კარგი რამ ჩემს თავს არ ხდებოდა. 

როგორც კი გამიკეთეს ექოსკოპია, მაშინვე მკითხა ექიმმა, რატომ არ დადიხართ ექიმთანო. მეთქი, რატომ არ დავდივარ? დავდივარ. მკითხა, როდის გავიკეთე ბოლოს ექოსკოპია და ვუპასუხე, ერთი წლის წინ-მეთქი. მამოლოგმა გამიწია გიდობა – მან მიმიყვანა ექოსკოპიაზე, სადაც მივხვდი, რომ უკვე ცუდი სიტუაცია იყო. 

ჩემი დისშვილის მეუღლე მახლდა და გაურკვეველი სახით მიყურებდა, რა ხდება, რატომ დაგდევენ ასეო. კიბოა-მეთქი, დეიდა, კიბო მჭირს. შეეშინდა და მე ვუთხარი, ნუ გეშინია, კიბო რას მიზამს-მეთქი. ისევ სხვებს ვამშვიდებდი. 

მითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა მომეძიებინა სპეციალისტი. არ შეიძლებოდა დაყოვნება, რადგან ძუძუზე უკვე განვითარებული იყო კარცინომა და  გადასული იყო იღლიაზეც.  მერე აღმოვაჩინეთ, რომ იღლიაში დაზიანებული იყო ლიმფური კვანძები – ოთხი ლიმფური კვანძი ამოვიღე. 

სკრინინგი უფასოა, ამის შემდეგ კი იწყება ნამდვილი ომი, მით უმეტეს, მაშინ – 2018 წელს. დიაგნოსტიკა დღესაც ჯდება ძალიან ძვირი და აუცილებელია იმისთვის, რომ დავამტკიცოთ სიმსივნის არსებობა. 

მკურნალობა

ფაქტობრივად, იმავე თვეს, ორი კვირის განმავლობაში 14 პროცედურა  შევასრულე – კვლევა, სისხლის ანალიზი, ექოსკოპია, ემერტე, კატე, სინტიგრაფია… ესენი  უნდა გამეკეთებინა, რომ დიაგნოზი ამეღო და ფორმა 100-ში  შესულიყო მთელი შკალა, რომ მქონდა კიბო. 2700 ლარი დამიჯდა იმის გაგება, რომ მე მქონდა სიმსივნე – კარცინომა, მეორე სტადია, აგრესიულობა ორი. 

მხოლოდ ამის შემდეგ ერთვები სახელმწიფო პროგრამაში და სახელმწიფო გიფინანსებს მიზერულ თანხას: ექვს თვეში ერთხელ – კატეს და ონკომარკერს, რომელიც, სიმართლე გითხრათ, არაფრის მომცემი არ არის. ონკომარკერი, შესაძლოა, ანთებითი პროცესის გამოც იყოს აწეული. 

დამენიშნა ქიმიოთერაპიის კურსი. დამჭირდა ექვსი ქიმია 21-დღიანი შუალედით. ქიმიოთერაპია მაშინ ფინანსდებოდა 70%-ით, ხოლო 30%-ს ვამატებდი მე. თუმცა 21- დღიან შუალედში, ქიმიიდან ქიმიამდე, მჭირდებოდა როგორც სისხლის ანალიზი, ასევე, კოაგულოგრამა. მჭირდებოდა მედიკამენტები, რომლებიც იყო ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების გამანეიტრალებელი, ღვიძლის დამცავი, რკინის მოსამატებელი, სისხლის გამათხელებელი. 

სამივე კვირა მიწევდა კვლევების ჩატარება, მედიკამენტების მიღება, დიეტა, რომ რაიმე ცუდი არ მომხდარიყო. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ქიმიოთერაპიისგან ცუდი უკუჩვენებები აქვს. რაც აუცილებელი იყო, იმით უნდა მეკვება. 

ამ პირობებს, ჩემი მწირი ხელფასის მიუხედავად, მაინც ვიცავდი, იმიტომ, რომ თუ ამას არ გავაკეთებდი, ვიცოდი, მერე უფრო მეტი გართულება და ხარჯები მოჰყვებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც ექიმი მეუბნებოდა.

ქიმიოთერაპიის დარჩენილი გადასახადი, მედიკამენტები და კვლევები, დავიანგარიშე და დღემდე მაქვს შენახული ის ქვითრები, რასაც ვიხდიდი. დაახლოებით  38 000 ლარი დამიჯდა მთელი ჩემი ჯანმრთელობა იმ პერიოდში, ათი თვის განმავლობაში. 

დაფინანსება 

2018 წლის 26 ივლისს მქონდა ბოლო ქიმიოთერაპია, 14 აგვისტოს კი დამენიშნა ოპერაცია. შევიტანე მოთხოვნა დაფინანსებაზე და პასუხიც მოვიდა. ჩავიხედე ფურცელში და არ მეგონა, იმ მომენტში თუ არ მოვკვდებოდი. 

295 ლარი ჩამირიცხა საყოველთაო დაზღვევამ და რატომ? მე ხელფასი მქონდა 1000 ლარი, რომლიდანაც 20% ყოველთვიურად ბიუჯეტში მიდის საშემოსავლო გადასახადის სახით.

ეს ნიშნავდა, რომ 800 ლარით  ქიმიიდან ქიმიამდე წამლებიც უნდა მეყიდა, კვებაც მომეწესრიგებინა, კვლევებიც მეტარებინა. ამას დამატებული, ქიმიიდან ქიმიამდე ხარჯი; ოპერაციის ფულიც უნდა გადამედო, რომელიც 4300 ლარი მიჯდებოდა, საყოველთაო ჯანდაცვამ კი 295 ლარი დამიფინანსა, როდესაც მე ყოველთვიურად 200 ლარს ჩემი ხელფასიდან უკან ვუბრუნებ. 

ეს იმხელა უსამართლობა იყო ჩემთვის, მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა? საყოველთაოში რომ მივედი და მომცეს ეს ფურცელი, მანქანამდე ძლივს მივედი. თან, როგორია, ქიმიოთერაპიისგან მოცელილი, გადაღლილი, თმის, წარბების, წამწამებისა და ფრჩხილების გარეშე. დღესაც კი ვებრძვი ამ პრობლემებს. 

ვიფიქრე, მერიაში შევიტან-მეთქი და ალბათ ისინი მაინც დამიფინანსებენ რაიმეს. მერიამაც 295 ლარი დამიფინანსა. აღმოჩნდა, რომ რასაც საყოველთაო აფინანსებს, ფაქტობრივად, იგივე თანხას ფარავს მერიაც. 

ვხედავდი, რომ ფინანსდებოდა ოპერაციები, მაგრამ რახან მე მქონდა ხელფასი დარიცხულად 1000 ლარი, ამის გამო აღარ დამიფინანსეს მკურნალობა. ავადმყოფობის გამო გამომრჩა ის პერიოდი და თურმე აპრილში შეცვლილა საყოველთაო დაზღვევის  ეს მოცემულობა – ოპერაციები უკვე ფინანსდებოდა, მე კი აღმოვჩნდი 590 ლარით დაფინანსებული. 

ძალიან გაბრაზებულმა დავწერე პოსტი და მოვნიშნე ჯანდაცვის სამინისტრო, მინისტრი. მთელ ქვეყანას გავაგებინე, გავასაჯაროვე ყველაფერი, რომ მე ვარ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც მათგან ერიცხება ხელფასი 1000 ლარი, ხელზე იღებს 800 ლარს, ხოლო სახელმწიფოს ჰგონია, რომ მე შემიძლია 4000 ლარის მობილიზება ამ პირობებში, ასეთი ავადმყოფობის დროს, როდესაც ამდენი ხარჯი მაქვს. საღამოს დამირეკეს  და მითხრეს, რომ რეფერალურზე შემეტანა განცხადება.

შევძარი ქვეყანა და მეორე დღეს 1700 ლარი დამირიცხეს. ვისაც ეს არ შეუძლია, არ შეუძლიათ ყურებზე დააყენონ მთელი ქვეყანა, რა უნდა ქნან?

დარჩენილი თანხა 

ექვსი ქიმია და ოცდათორმეტი სხივი გავიკეთე. სახელმწიფომ დამიფინანსა მხოლოდ 295 ლარი, 295 ლარიც მერიამ, რეფერალურმა სამსახურმა ჩამირიცხა 1700 ლარი. შემდეგ ჩემი გადარჩენა დამოკიდებული იყო ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზე, მათ კეთილ ნებაზე, სამეგობროსა და ოჯახზე. 

შეიკრიბა თანხა, გავიკეთე ოპერაცია, თუმცა სხივებზე 4000 ლარის დამატება კიდევ დამჭირდა. ისე მოხდა, რომ სხივებისთვისაც კი დამჭირდა ფულის მობილიზება. თანამშრომლებმა ერთი ხელფასი შემიგროვეს, აი, ის 800 ლარი. მეორე სამსახურმაც ერთი ხელფასი შემიგროვა. მათ პატივისცემას ვერასდროს გადავიხდი, იმიტომ, რომ მიზერული ხელფასებს იხდიდნენ. 

ამერიკიდან გამომიგზავნა მეგობარმა, ჩემმა სტუდენტობის მეგობრებმაც შემიკრიბეს ფული. ფეისბუქის მომხმხმარებლებმა ხუთ-ხუთი, ათ-ათი ლარი შემიგროვეს. ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზე, გულისხმიერებაზე, გულჩვილობაზე, სიკეთის კეთების სურვილზე იყო და არის დღემდე დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე, ონკოპაციენტების სიცოცხლე. 

არ ვიცი, როდემდე უნდა იყოს ეს ქვეყანა ვიღაცების, უცნობების, სოციალურ პასუხისმგებლობაზე დამოკიდებული. 

ფსიქოემოციური მდგომარეობა

საყოველთაოდ დამკვიდრებული ფრაზა – კიბო განაჩენი არ არის, დღეს შეუსაბამო სიტყვებია ჩვენი ქვეყნისა და რეალობისთვის. კიბო განაჩენია ასეთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მოსაძიებელია – კარგი ექიმი, სწორი ანალიზები, დიაგნოზიც კი. აქ დიაგნოზს ბევრ შემთხვევაში ვერ სვამენ – საზღვარგარეთ იგზავნება. უამრავი ამის მაგალითი გვაქვს. 

მე დავამარცხე კიბო. კი ბატონო, დავამარცხე, მაგრამ რის ხარჯზე დავამარცხე და როგორი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა უნდა მქონოდა მე, ადამიანს, რომელსაც მწირი ხელფასი აქვს, სახელმწიფომ, როგორც მათხოვარს, მესროლა 295 ლარი. მაშინ მე მათხოვარი ვიყავი და არა ქვეყნის მოქალაქე. 

როდესაც თავად ან მათ ოჯახის წევრებს სჭირდებათ, საზღვარგარეთ გადააფრინენ და გაუკეთებენ ყველაფერს. სანამ სოციალური სამართლიანობა არ იქნება ამ ქვეყანაში, მანამ იქნება კიბო განაჩენი. 

რა ხდება ახლა? 

ახლა რემისიაში ვარ და ყველაფერი კარგად არის ექვსი წელია, მაგრამ არაფერი უნდა გამოგვრჩეს. ვცდილობ, რომ წელიწადში ერთხელ კატე,  ექვს თვეში ერთხელ კი  ექოსკოპია გავიკეთო. ეს აუცილებელია. მოვიკლებ საჭმელს, სხვა ბევრ რამესაც, ოღონდ ეს უნდა გავაკეთო აუცილებლად, რომ მერე უფრო ძვირი არ დამიჯდეს. 

პირველ რიგში, დავდივარ სკრინინგზე. წელიწადში ერთხელ, როდესაც უფასო კვლევების შესაძლებლობა არის, მივდივარ და ვიკეთებ ყველაფერს, რაც მეკუთვნის. ვცდილობ, თუ რაიმე უფასო კვლევა არის, გავიკეთო, რადგან ძალიან ძვირი ღირს ნებისმიერი მომსახურება. სამედიცინო კვლევების ფასებიც კატასტროფულად მომატებულია. ეს ყველაფერი როგორღაც უნდა მოვახერხო კვებასთან და ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნასთან ერთად.

რაში მდგომარეობს საქართველოში ონკოპაციენტებისთვის გამოსავალი?

2023 წლის ნოემბერში გამოვიდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ონკოპაციენტების მკურნალობისთვის დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტი უნდა მოხსნილიყო. დადგენილებაში მითითებული იყო ისიც, რომ ამ მოცემულობაში შევიდოდა ძვირადღირებული წამლები და თერაპიები. 

ვხედავთ, რომ იანვრიდან ლიმიტს ეჭრება ძვირადღირებული წამლების თანხა და ფაქტობრივად, ადამიანებმა, ვისაც ეს წამლები სჭირდებათ, აპრილის დასაწყისში ლიმიტი უკვე ამოწურეს. ერთი ამპულა, მაგალითად, „კეიტრუდა“ ღირს 8000 ლარი და ერთი გადასხმა პაციენტისთვის საკმარისი არ არის. 4-მილიგრამიანი ორი ამპულა არის გადასხმისთვის საჭირო, რომელიც 16 000 ლარი ღირს, 25 000 ლარი კი, ამხელა თანხის ფონზე, საკმარისი არ არის. 

ამ მომენტისთვის 25 000- ლარიანი ლიმიტი აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ვფიქრობ, საჭიროებების მიხედვით უნდა იყოს განსაზღვრული ნებისმიერ პაციენტზე. იმ ადამიანს, რომელსაც 16 000- ლარიანი წამალი სჭირდება ყოველთვიურად, ერთი გადასხმისთვის, ოცდაერთი დღის შუალედში, მას უნდა ჰქონდეს ულიმიტო, სანამ საჭიროებს ამ წამლის მიღებას. 

ერთ-ერთ ონკოპაციენტ გოგონას თვის განმავლობაში სჭირდება 11 000 ლარის აბი, რომელიც გაიდლაინში წერია.  მაგრამ არ აძლევენ იმიტომ, რომ მეოთხე სტადიაზე არ არის. რამდენი რამ არის მოუწესრიგებელი – ექიმმა გამოუწერა პაციენტს 11 000- ლარიანი წამალი,  ჯანდაცვის სამინისტრო კი ეუბნება, რომ არა, თქვენ მეოთხე სტადიაზე არ ხართ, ძვალზე არ გაქვთ გადასული სიმსივნე, ამიტომ ამ წამალს ვერ მოგცემთო. ძვალზე რომ გადაუვა ადამიანს,  მაშინ რაში ვაძლევთ იმ 11 000 -ლარიან წამალს ყოველთვიურად? რა საჭიროა ამხელა ხარჯი მეოთხე სტადიაზე, მაშინ, როდესაც შეგიძლია პირველ სტადიაზე დაალევინო ეს წამალი ადამიანს და გაუხანგძლივო სიცოცხლე.

არის სოლიდარობის ფონდი, რომელიც ეხმარება 22 წლამდე ახალგაზრდებს. რატომ არის ასე დიფერენცირებული, რომ ვიღაცას აქვს სიცოცხლის უფლება, ვინც 22 წლამდეა, ხოლო იმის იქით – არა? ერთი მეგობარი გოგონა გვყავს, რომელიც ოცდაერთი წლის იყო და ფარისებრ ჯირკვალზე კარცინომა დაუდგინდა. როდესაც გაუკეთეს ოპერაცია, უთხრეს, როგორ გაგიმართლა, ოცდაერთი წლის რომ ხარო. ოცდაორი წლის რომ ყოფილიყო, არ გაუკეთებდნენ ძალიან ძვირადღირებულ ოპერაციას. გაუმართლა, რომ ერთი წლით ადრე დაემართა ეს სიმსივნე.

ჩემი მიზანი, პირადად ასმათ მიქაძის მიზანი არის ის, რომ უკიდურეს სოფელში მცხოვრებ პენსიონერს, უპატრონოს, მიაკითხოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მიუტანოს წამალი, მიუტანოს სერვისი. აი, სანამ ეს არ იქნება ქვეყანაში, მანამ აქაურობას არაფერი ეშველება. მაშინ თქვას ვინმემ, რომ რაღაც გააკეთა ქვეყნისთვის.

ჩემი მოთხოვნა არის სამართლის აღდგენა ადამიანების მიმართ, რომ კონსტიტუციური უფლებები, ადამიანის უფლებები დაიცვან. სახელმწიფო ვალდებულია, ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაიცვას. 25 000 ლარი ღირს ადამიანის სიცოცხლე ისე, როგორც მაშინ ჩემი სიცოცხლე შეაფასეს  295 ლარად.



NETGAZETI

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...