Jump to content
Planeta.Ge

აფხაზეთის ომში დაკარგული 12 პირის ნეშტი ოჯახებს გადაეცა — წითელი ჯვარი


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ცნობით, დღეს, 27 მარტს, მათი დახმარებით, ოჯახებს გადაეცა 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის ამოცნობილი ნეშტი.

როგორც ICRC აცხადებს, ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით 2010 წლიდან მომუშავე ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.

ICRC-ის ცნობით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია მათი ახლობლების ნეშტების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის პროცესის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და ICRC-ის ექსპერტები.

„ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ამ ოჯახებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სახელით მსურს, თანაგრძნობა გამოვხატო მათ მიმართ, ვისაც გაურკვევლობის ათწლეულების შემდეგ გადაეცათ ახლობელი ადამიანების ნეშტები. დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმ ოჯახებზეც, რომელთა ახლობლები კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან და იტანჯებიან გაურკვევლობით მათი ხვედრის არცოდნის გამო.

გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რადგან წელს გაიზრდება მათი პასუხისმგებლობები უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების მხარდაჭერისა ჰუმანიტარული ამოცნობის პროცესის კუთხით. ასევე, 2024 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთად განვაგრძობთ დაკარგული პირების ოჯახების ინფორმირებას, კონსულტაციებს, რათა მათი მოსაზრებები და წუხილი სათანადოდ იქნას გათვალისწინებული“, — აღნიშნა ან მონტავონმა, ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში. მის კომენტარს თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, 2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ მოძიებულია და ოჯახებს დაუბრუნდა 285 ადამიანის ნეშტი, რომლებიც 1992-93 წწ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას და მის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. დღეისათვის, ამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ჯერაც დაკარგულად მიიჩნევა 1859 სამხედრო და სამოქალაქო პირი.

ფოტო: კადრი აფხაზეთის ომიდან. ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები კავშირში არ არიან აღნიშნულ ამბავთან.
 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...