Jump to content
Planeta.Ge

„ნიდერლანდებიდან მოტყუებით გადმოარიცხინეს 128 ათასი ევრო“ — ბრალდებულია 7 პირი


საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გახსნეს მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული. შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან კომუნიკაციას ამყარებდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, სხვადასხვა ცრუ და გამოგონილი საფუძვლით, დაზარალებულებს საბანკო ანგარიშებზე თანხებს მოტყუებით არიცხინებდნენ.

როგორც პროკურატურა აცხადებს, ბრალდებულები სოციალური ქსელით დაუკავშირდნენ, მათ შორის, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს, რომელსაც 128 424 ევრო საქართველოში, მათთვის სანდო პირების საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად გადმოარიცხინეს, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...