ბექა ლილუაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი - არავის მივცემთ საშუალებას, რომ ბავშვები პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ
საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრი მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე - პროცესში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, არავის მისცემენ საშუალებას, რომ ბავშვები პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ.
“ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში. ჩავერთვებით იმიტომ, რომ პროპაგანდა არ გახდეს ამ საკითხის ყველაზე დიდი პროპაგანდისტის - “ქართული ოცნების” (ეს ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ჩანს) პოლიტიკური იარაღი. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრიც მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე. უბრალოდ, რომ “დაგუგლოთ” “ლგბტ პროპაგანდა”, სიის დასაწყისში შეგხვდებათ მამუკა მდინარაძე, როგორც ამ საკითხის მთავარი პროპაგანდისტი. ამიტომ, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას პროცესში ჩართვის გზითაც, რომ ბავშვები გამოიყენოს პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და კონკრეტული მუხლები დაასახელა, რომელსაც ცვლილებები ითვალისწინებს.
“მუხლი 1. 1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს; 2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ; 3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა; 4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება. 5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს; 6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. 7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. 8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, - განაცხადა მდინარაძემ.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.