Jump to content
Planeta.Ge

„მესტია ვერასოდეს გახდება ადგილი, სადაც ბევრი ტურისტი ჩავა - როგორც კი ამინდი ფუჭდება, რეისები უქმდება“


“წელს ხალხის სიცოტავე შესამჩნევი იყო, რადგან საბაგიროს ბილეთი, რომელიც 70 ლარი გახდა, ქართველისთვისაც და უცხოელისთვისაც საკმაოდ ძვირია” – “ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ წლევანდელი ზამთრის სეზონი შეაჯამა.

„სეზონი არ დასრულებულა, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ის აპრილამდე გაგრძელდება. გუდაურში მაღალმხარჯველი ტურისტების 90% სპარსეთის ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსულები, რომლებსაც ევროპაში სასრიალოდ წასვლას ისევ საქართველოში ჩამოსვლა ურჩევიათ.

პირდაპირ ევროპიდან ჩამოსული ტურისტები, რომლებიც პანდემიამდე საკმაოდ ბევრნი იყვნენ, დღეს არ ჩანან. ზოგადად, წელს ხალხის სიცოტავე შესამჩნევი იყო, რადგან საბაგიროს ბილეთი, რომელიც 70 ლარი გახდა, ქართველისთვისაც და უცხოელისთვისაც საკმაოდ ძვირია. საბაგირო კარგია, თოვლიც წელს ძალიან კარგი იყო, მაგრამ ხალხი არ იყო“, - ამბობს ჯაფარიძე.

 

„ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი მესტიის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით, ეს მხარე ვერ გახდება ტურისტულად აქტიური რეგიონი.

„მესტია ვერასოდეს გახდება ისეთი ადგილი, სადაც ბევრი ტურისტი ჩავა, სანამ ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი გვირაბი არ გაიჭრება. თბილისიდან რომ ჩახვიდე სვანეთში, გინდა დაახლოებით 10 საათი და ის მონაკვეთი, სადაც უნდა ასცდე ენგურის წყალსაცავს, საკმაოდ საშიშია ზვავის ან ქვათაცვენის გამო. ჯამში 2 დღე გჭირდება სვანეთში რომ ჩახვიდე და ჩამოხვიდე“.

ცოტნე ჯაფარიძის თქმით, დიდი სირთულეა სვანეთში თვითმფრინავის წასვლის მხრივაც, რადგან რეისები შესაძლებელია, ამინდის გამო გაუქმდეს.

„გარდა იმისა, რომ თვითმფრინავი არის 16-17 ადგილიანი, ანუ ძალიან პატარა, როგორც კი ამინდი ფუჭდება, რეისები უქმდება. წინა დღესაც კი ვერ გეუბნებიან ზუსტ პასუხს, შესრულდება თუ არა ფრენა მეორე დღეს. ანუ მიდიხარ გამზადებული ნატახტარში და სრულიად შესაძლებელია, რომ ფრენა არ შესრულდეს.

წლებია მიმდინარეობს ლაპარაკი, რომ სხვა კომპანია შემოიყვანონ, რომელიც ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებშიც შეძლებს ფრენას, მაგრამ დაზუსტებით პასუხი არ გვაქვს. სწორედ ამ მიზეზების გამო, ზამთარში სვანეთი თითქმის სულ ამოღებული გვაქვს“, - განაცხადა „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.

 

 
eka-darchiashvili-1649832571.jpg
ავტორი:
ეკა დარჩიაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...