Jump to content
Planeta.Ge

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩადის


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩადის, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბლინკენის ვიზიტი ემთხვევა დოჰაში მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას.

ბლინკენის ისრაელში ჩასვლა, ასევე, ემთხვევა გაერო-ში აშშ-ის მიერ უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრის დღეს, რომელიც ღაზის კონფლიქტში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

CNN-ი იუწყება, რომ ისრაელში ბლინკენის შეხვედრები, სავარაუდოდ, დაძაბული იქნება იმ ფონზე, როცა ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ რაფაჰში სამხედრო შეჭრას განახორციელებს.

”ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა, არის ის, რომ რაფაჰში დიდი სამხედრო ოპერაცია შეცდომა იქნება, რასაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ”, - განაცხადა ბლინკენმა ხუთშაბათს.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას საჭირო რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ.

”ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ გარკვეული გაუმჯობესება პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის”, - აღნიშნა ბლინკენმა.

ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს ჯიდაში საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და ღაზაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის აუცილებლობა განიხილა. გუშინ კი ის ეგვიპტეში იმყოფებოდა.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...