საქართველო ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურებით 134 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა — კვლევა
შვეიცარიული ორგანიზაცია IQAir მყარი ნაწილაკებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მოხვდა 134 ქვეყნის 7 812 ქალაქი, მათ შორის, თბილისი და რუსთავი.
ანგარიშის მიხედვით, ჰაერის PM 2.5 ნაწილაკების დაბინძურებით, რომელიც ჰაერში 2,5 მიკრომეტრის დიამეტრის მქონე ნაწილაკების არსებობას გულისხმობს, თბილისმა 7 812 ქალაქს შორის 1 658-ე ადგილი დაიკავა, რუსთავმა მასზე უარესი შედეგი აჩვენა – 909-ე. რეიტინგში პირველი ადგილი ყველაზე ცუდი შედეგია.
კვლევა ჰაერის მონიტორინგის 30 000 სადგურის მონაცემებს ეყრდნობა, რომლებიც მთავრობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ არის დამონტაჟებული. თბილისის ჰაერში PM ნაწილაკების კონცენტრაცია 2023 წელს 15.5 იყო, რუსთავში კი — 23.9.
ანგარიშის ავტორები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტით ხელმძღვანელობენ, რომლის მიხედვითაც, PM 2.5 ნაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში 5 ერთეულს არ უნდა აჭარბებდეს. შესაბამისად, ამ ნიშნულით თბილისი და რუსთავი იმ ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც ჰაერი მყარი ნაწილაკებით WHO-ის სტანდარტს 3-5-ჯერ აჭარბებს.
ამავე კვლევის მიხედვით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნორმას მსოფლიოს მხოლოდ 10 ქვეყანა და შემოწმებული ქალაქების მხოლოდ 9% აკმაყოფილებს.
ანგარიშის მიხედვით, ჰაერში PM 2.5 ნაწილაკების კონცენტრაციით საქართველომ 134 გამოკვლეულ ქვეყანას შორის 62-ე ადგილი დაიკავა (16.4).
PM 2.5 ნაწილაკებით ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული ჰაერია:
ამ მაჩვენებლით ყველაზე დაბინძურებული ქვეყნების ათეული კი ასე გამოიყურება:
Რაც შეეხება ქალაქების მონაცემებს, კვლევის მიხედვით P.M. 2.5 ნაწილაკებით ყველაზე დაბინძურებული ქალაქი ინდოეთის დედაქალაქი ნიუ დელია (92.7) — ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული კი- პუერტო რიკოს დედაქალაქი სან ხუანი (2.7).
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 9 გარდაცვლილიდან ერთი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებით იღუპება. WHO-ის მონაცემებით, სწორედ ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ PM2.5 ნაწილაკებით დაბინძურება იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ასთმა, სიმსივნე, გულის შეტევა და ფილტვების დაავადებები. ბავშვებში შესაძლოა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებიც კი გამოიწვიოს.
რას აკეთებს სახელმწიფო?
„ნეტგაზეთი“ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შესამცირებლად გადადგმულ და სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებზე გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელს ნოე მეგრელიშვილს ესაუბრა.
მეგრელიშვილის თქმით, ქვეყანა ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტით ხელმძღვანელობს. აღნიშნული ზღვარი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტზე ლმობიერია და თუ WHO-ის შემთხვევაში P.M. 2.5 ნაწილაკების დაშვებული კონცენტრაცია 5 მიკროგრამია, ევროკავშირის მიხედვით 25 მიკროგრამს არ უნდა აჭარბებდეს.
მეგრელიშვილის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირის სტანდარტი 2008 წელს შემუშავდა, WHO-მ კი 2021 წელს განაახლა:
„ახლა ევროკავშირში მიდის საუბარი ევროპული სტანდარტის გამკაცრებაზეც. როგორც ვიცი, საბოლოო ფაზაზე არიან, რომ შეჯერდნენ, რამდენად უნდა გამკაცრდეს ევროპული სტანდარტი“ ,— აღნიშნავს ნოე მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველომ უკვე დაიწყო მუშაობა იმისათვის, რომ ევროკავშირის სტანდარტის გამკაცრების შემთხვევაში ქვეყანა მზად იყოს.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში, ისევე როგორც ევროპის უმეტეს ნაწილში, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი სწორედ PM ნაწილაკები და აზოტის ჟანგეულებია. მყარი ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო საქართველოს შემთხვევაში არის სამრეწველო სექტორი, შეშის მოხმარება, სამშენებლო სექტორი, ავტოტრანსპორტი, ღია გრუნტი და ტრანსსასაზღვრო დაბინძურება.
მისი თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო აფართოებს მონიტორინგის სისტემას, რაც ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურების დამატებაში გამოიხატება. მეგრელიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში მონიტორინგის 14 ავტომატური სადგურია და ევროკავშირის დახმარებით კიდევ 9 სადგურის შეძენა იგეგმება. ამასთან, სააგენტო მონაცემებს იღებს ინდიკატორული სადგურებიდანაც.
რაც შეეხება ჰაერის დაბინძურების ხარისხის შემცირების ღონისძიებებს, მეგრელიშვილი რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას გამოყოფს:
„ქალაქ რუსთავში ყველაზე სახიფათო სამრეწველო ობიექტებს გაუჩნდათ ვალდებულება, რომ ჰქონდეთ უწყვეტი ინსტრუმენტული მონიტორინგი, ანუ უწყვეტი გაზომვები აწარმოონ მილში, რას აფრქვევენ და რამდენს. ეს ინფორმაცია უწყვეტად მიეწოდება გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ამ ქარხნებში უზრუნველყოფილი იყოს ფილტრაციის გამართული სისტემა“ ,— ამბობს მეგრელიშვილი.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შემდეგ ქალაქ რუსთავში მყარი ნაწილაკებით დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდა და ევროკავშირის სტანდარტს მიუახლოვდა.
ამასთან, ნოე მეგრელიძის თქმით, პარლამენტმა შარშან მიიღო კანონი სამრეწველო ემისიების შესახებ, რომელიც ავალდებულებს მოქმედ საწარმოებს, ეტაპობრივად დანერგონ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები ან კიდევ უფრო შეამცირონ გამონაბოლქვი.
გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ გაუმჯობესდა საწვავის ხარისხიც. საბოლოოდ კი სანქციები გამკაცრდა როგორც საწვავის ხარისხის შეუსაბამობაზე, ასევე სამრეწველო საწარმოების მიერ ემისიებზეც, რამაც ვითარება გააუმჯობესა:
“საწარმოებს და ნავთობრეალიზატორებს აღარ უღირთ ჯარიმის გადახდა და ისევ ისე ფუნქციონირების გაგრძელება. მათ გამართეს ფილტრაციის სისტემა და საწვავის ხარისხიც გააუმჯობესეს. ის დარღვევები, რაც წინა წლებში გვქონდა, 2023 წელს უკვე შემცირებული იყო, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს კიდევ უფრო შემცირდება და უკეთესი სურათი გვექნება“, — აღნიშნავს მეგრელიშვილი და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო ასევე ავტომობილების კატალიზატორების აკრძალვაც.
PM2.5 ნაწილაკებით რუსთავის ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე IQAir-ის კვლევაც მიუთითებს. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს რუსთავში 1 კუბურ მეტრ ჰაერში ამ დამაბინძურებლის კონცენტრაცია 31.3 მიკროგრამი იყო, 2021 წელს 34.8 მიკროგრამამდე გაიზარდა, 2022 წელს 26.5-მდე შემცირდა, 2023-ში კი 23.9 მიკროგრამი დაფიქსირდა.
ამავე კვლევით, PM2.5 ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი წლების მიხედვით დაკლებულია თბილისის შემთხვევაშიც. კერძოდ, 2019 წელს 1 კუბურ მეტრ ჰაერში ამ დამაბინძურებლის კონცენტრაცია ანგარიშის მიხედვით 20.1 მიკროგრამი იყო, 2020 წელს – 20.4 და ეს მაჩვენებელი 2021 წელსაც შენარჩუნდა. 2022 წელს 16.3 მიკროგრამამდე შემცირდა, 2023-ში კი 15.5 მიკროგრამს მიაღწია.
მეგრელიძის თქმით, ამჟამად სააგენტო თბილისის ჰაერის ხარისხის გეგმაზე მუშაობს, რომელიც ბოლო ფაზაშია და მალე დამტკიცდება. მეგრელიძის თქმით, გეგმაში იქნება განსაზღვრული მიმართულებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, ველოსიპედით გადაადგილების და ელექტრომობილების წახალისებაზე.
კიდევ რისი გაკეთებაა საჭირო?
„ეკო ცენტრის“ დამფუძნებელი და წევრი მოძრაობისა „გავიგუდეთ“ – თინათინ მაღედანი, რომელიც თავადაც რუსთავის მკვიდრია, ამბობს, რომ ცვლილებების შემდეგ ჰაერის ხარისხი რუსთავში მართლაც გაუმჯობესდება და ამას კვლევებიც ადასტურებს, თუმცა ყურადღების გამახვილება რამდენიმე საკითხზე კიდევაა საჭირო.
მათ შორის, მაღედანის თქმით, აღნიშნულზე გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსთავის ფეროშენადნობი საწარმოების ნაწილის მიერ ფუნქციონირების შეჩერებასაც, რაც მათი პროდუქციის საბაზრო ღირებულების კლებითაა გამოწვეული.
ამასთან, აქტივისტი აღნიშნავს, რომ რუსთავის 50-მდე საწარმოდან 24- საათიან მონიტორინგს მხოლოდ 15 ექვემდებარება, საიდანაც აღნიშნული სისტემა ამ დროისთვის 13-ს აქვს დანერგილი. კანონის აღსრულება კი, მაღედანის თქმით, კანონმდებლობის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ საზოგადოებისა და სამოქალაქო მოძრაობის პროტესტის შემდეგ დაიწყო.
თინათინ მაღედანის თქმით, აუცილებელია ინსპექტირების რაოდენობების ზრდაც, რაც აიძულებს ქარხნებს, მეტად დაიცვან რეგულაციები და დარღვევების გამოვლენის გარდა სახელმწიფოს პრევენციულ მექანიზმსაც მისცემს.
„როდესაც საწარმოო ზონაში მივდივართ, მონიტორინგის დროს, ფაქტობრივად, არ არსებობს შემთხვევა, რომ საეჭვო გაფრქვევა მაინც არ შევამჩნიოთ, თუ პირდაპირ კანონდარღვევა არა. ამიტომ ვითხოვთ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტისგან, რომ დღეში რამდენიმე შემოვლა მაინც განახორციელოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ღამის საათებში ხდებოდეს შემოვლა, იმიტომ, რომ რუსთაველების ძალიან დიდი ნაწილი შეწუხებული არის სუნით, რომელიც განსაკუთრებით ღამის საათებში იმატებს ხოლმე და არსებობს გარკვეული ეჭვი, რომ შესაძლოა საწარმოებთან იყოს დაკავშირებული“, — ამბობს აქტივისტი.
აქტივისტი აღნიშნავს, რომ ინსპექტირების დროსაც, ხშირად ზედამხედველობის დეპარტამენტის ჯგუფს თან არ აქვს საჭირო მოწყობილობა, ან შესაბამისი სპეციალისტი არ იმყოფება ადგილზე და უწევთ მისთვის დალოდება, ამასობაში კი საეჭვო გაფრქვევას შესაძლოა ვეღარ დააკვირდე.
მისი თქმით, საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძურების ეფექტიანი მონიტორინგისთვის მხოლოდ ავტომატური მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირება საკმარისი არაა, რადგანაც საეჭვო გაფრქვევა შესაძლოა არ მოხდეს ჰაერშემკრები ნაგებობის გავლით, საიდანაც ემისიები ფილტრების გავლით მიდის თვითმონიტორინგის სისტემამდე და ატმოსფეროში გამოიფრქვევა. ამასთან, აქტივისტი აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემურია ნედლეულის არასათანადო დასაწყობებაც, ვინაიდან რუსთავი ქარიანი ქალაქია და მტვერი ათობით კილომეტრზე ვრცელდება.
რაც შეეხება თბილისს, თინათინ მაღედანი აღნიშნავს, რომ დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერს ძირითადად საავტომობილო ტრანსპორტი აბინძურებს აზოტის დიოქსიდით, რაც თავის მხრივ მოძველებული ავტოპარკითაა მეტწილად გამოწვეული. რაც შეეხება მყარი ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურებას, მაღედანი აღნიშნავს, რომ აქ გამოსაკვეთია სამშენებლო სექტორის როლი. აქტივისტი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სამშენებლო არეალები შეფუთული იყოს, რასაც სამშენებლო კომპანიები იშვიათად ასრულებენ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.