Jump to content
Planeta.Ge

სახელმწიფომ “ქართუს” “გაკოტრების საქმის” საკომპენსაციოდ 7 მლნ-ის ქონება 1 ლარად გადასცა – BM.GE


ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ბანკ ქართუს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელმა უარი თქვა სახელმწიფოსთან ყოველგვარ დავაზე ბანკის გაკოტრების საქმის ფარგლებში.

ამის შესახებ ცნობილი გახდა BM.GE-ის მხრიდან ქონების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან, რომელიც  2023 წელს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გასხვისებულ სახელმწიფო ქონებებს ეხება.

ირკვევა, რომ ქონების სააგენტომ “ქართუს” 1 ლარად 7 მილიონი ლარის ღირებულების ქონება გადასცა.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე წარმოადგენს ე.წ. „ბანკი ქართუს გაკოტრების“ საქმეს, რომელზედაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის განაჩენით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის შედეგად, ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების გამო დაზარალებულ სს „ბანკი ქართუს“ მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, მათ შორის, დანაშაულებრივად მოიხსნა ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი N7-ში მდებარე ფართებზე სს „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა. ამ განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი ზ. ადეიშვილი და ნ. მელია. თბილისის საქალაქო სასამართლომ 17.05.2022 წელს განაჩენით დადგენილი ფაქტების საფუძველზე სახელმწიფო ორგანოებს დაზარალებულ სს „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ დააკისრა 9 428 000 აშშ დოლარის ანაზღაურება. სს „ბანკი ქართუს“ მიერ სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების (ღირებულება 7 195 835 ლარი, რაც 2 707 135 აშშ დოლარია) სანაცვლოდ მოხდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ 9 428 000 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე და სასამართლო წარმოებაზე უარის თქმა“, – მიწერეს ქონების სააგენტოდან BM.GE-ს.

ქართუს საქმე

2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ შსს–მ  გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ- დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო,  პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიორგობიანის განცხადებით, გეგმა მიზნად ისახავდა ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით ბანკი “ქართუს” გაკოტრებას.

“დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული”– განაცხადა გიორგობიანმა

მისივე თქმით, იმ მიზნით, რომ ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ,  აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონის ჩაშლა ხდებოდა. რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა,  ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით.

“დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენებს, რომელთაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში,  უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა იმ კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში ამავე ქონების ყოფილი  მეპატრონეები  აკონტროლებდნენ”

შსს აცხადებდა, რომ  ამ გზით ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ ბანკი ქართუს საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფასაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა.

“შესაბამისად, დაზარალებული რჩებოდა ბანკი ქართუ, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59  997 000 დოლარისა  და 3  757 000  ლარის კრედიტები”.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი მაშინ ამბობდა, რომ ამ საქმეში სხვა პირების მიმართ, კერძოდ 25 ადამიანის მიმართ შეწყდა გამოძიება და ხელისუფლების მიზანი ნიკა მელიას პოლიტიკიდან ჩამოშორება იყო. შემდგომში ცნობილი გახდა, რომ ბანკის გაკოტრების სქემაში მონაწილეობაში ერთ-ერთი ბრალდებული  თანამდებობაზეც კი დაინიშნა.

საბოლოო ჯამში იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეში იყო ბრალდებული, სასამართლომ  ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და საერთო ჯამში, ძირითად სასჯელად 5 წლისა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

ამავე საქმეზე ენმ-ის ლიდერ  ნიკა მელიას 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა  და სამი წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება მიუსაჯა სასამართლომ. ეს სასჯელი  ამნისტიით  2 წელსა  და სამი თვემდე დავიდა. მელია მისთვის წარდგენილ ერთ მუხლში გამართლდა, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებდა.

სასამართლომ ამ საქმეზე დაწყებული გამოძიებიდან მე-7 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება. გამოძიება კი 2012 წლის დეკემბერში დაიწყო – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...