1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდება
1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძემ დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების პრევენციისთვის, მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ და საკუთარი ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დაარეგისტრირონ.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ვგეგმავთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ტერიტორიაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების სანომრე ნიშნების რეგისტრაციაში იმისთვის, რომ ვინც წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობთ, ავტომანქანის გაჩერება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური პავილიონები 31 მარტის ჩათვლით, განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: წერეთლის გამზირი N118 (საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ); წერეთლის გამზირი N12ა-ს მიმდებარედ; წერეთლის გამზირი N116; წერეთლის გამზირი N76; წერეთლის გამზირი N48; წერეთლის გამზირი N140 (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ); წყალტუბოს ქუჩა N10. აღნიშნული პავილიონები მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 09:00-დან 18:00 საათამდე.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.