დააკავეს 17 წლის ბიჭი, რომელმაც 16 წლის გოგო დააშანტაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი.
უწყების ცნობით, გამოძიების თანახმად, 2023 წლის გაზაფხულზე არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში“ მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
მოგვიანებით ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთან გადაგზავნა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ „ფოტოშოპის“ მეშვეობით მისი ცეკვის ვიდეოს დაამონტაჟებდა ისე, რომ დაზარალებული გამოსახული იქნებოდა შიშველ მდგომარეობაში, რასაც შემდეგ მის მშობლებს გაუგზავნიდა.
მუქარის შედეგად, იმავე დღეს, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი ბინის სააბაზანო ოთახში გადაიღო ინტიმური შინაარსის ვიდეო, რომელიც „მესენჯერით” ბრალდებულს გაუგზავნა.
ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაგზავნის შემდეგ, ბრალდებულმა დაზარალებულს სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელება, ვიდეოს გადაღება და გადაგზავნაც მოსთხოვა, ხოლო უარის შემთხვევაში, უკანონოდ მოპოვებული უკვე გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერის მშობლებთან და ნათესავებთან გავრცელებით დაემუქრა.
მუქარისა და იძულების შემდეგ, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა სექსუალური ქმედების ამსახველი ვიდეო ჩაწერა და ბრალდებულს გაუგზავნა.
ამის შემდეგ გოგომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. უწყებამ გამოძიება დაიწყო.
სამსახურის ცნობით, ბიჭის პირადი ტელეფონიდან ამოიღეს არასრულწლოვანი გოგოს ინტიმური მასალები, შემდეგ კი ბრალდებული დააკავეს.
„დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვანს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.