Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის ელჩის მოადგილე - პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია - რაც შეეხება დეზინფორმაციას, ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს


პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ყველა პოლიტიკურ ლიდერს: მმართველ პარტიას და ოპოზიციას, პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციული ჩართულობისკენ მუდმივად მოუწოდებს.

„ევროკავშირს კარგად ესმის, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს მოსახლეობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველოში არსებული პოლიტიკური კლიმატის შესახებ ბევრმა თქვენგანმა იკითხა. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია.

ევროკავშირი ყველა პოლიტიკურ ლიდერს: მმართველ პარტიას და ოპოზიციას, პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციული ჩართულობისკენ მუდმივად მოუწოდებს. არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოს ევროკავშირის გზის სასარგებლოდ, ამიტომ შეთანხმების საკითხია, ეს ეროვნული მიზანი როგორ იქნება მიღწეული. ჩვენი მუშაობის გამოცდილება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში უკვე შევიდნენ, არის ის, რომ ყველაფერი შეიძლება უფრო სწრაფად განხორციელდეს, როდესაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებით ეროვნული კონსენსუსი არსებობს.

9 ნაბიჯს რომ შეხედავთ, თითოეული მათგანის შესრულება, დეპოლარიზაციას იწვევს: საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებით და საპარლამენტო ზედამხედველობით დაწყებული, დასრულებული დეზინფორმაციასთან ბრძოლით და ისეთი ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფით, როგორებიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ყველა ეს ნაბიჯი უნდა განხორციელდეს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესში წინ წაიწიოს. ვიმედოვნებთ, რომ მთელი საზოგადოება ამ ამოცანას სერიოზულად მოეკიდება“, - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას, რუისის თქმით, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციასთან და ჩარევასთან ბრძოლა ევროკავშირის გზაზე საქართველოს 9 ნაბიჯიდან პირველია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რომ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს.

„დეზინფორმაცია კომპლექსური გამოწვევაა, რომელსაც უნდა გაუმკლავდეთ თანმიმდევრულად და მრავალი მხრიდან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ფაქტების შემმოწმებლების, აკადემიური წრეების, მედიისა და სხვა ძირითადი აქტორების მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებით. ევროკავშირი მხარს უჭერდა და გააგრძელებს საქართველოში დეზინფორმაციისა და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის აქტივობების მხარდაჭერას. ჩვენი ძალისხმევა ეხმარება საქართველოს საზოგადოების სიფხიზლის და მედეგობის გაძლიერებას და ხელს უწყობს მიდგომას, რომელიც მოიცავს მთელ საზოგადოებას, სადაც ყველას თავისი როლი აქვს.

დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ძირითადი ადგილობრივი აქტორების შესაძლებლობებს ვაძლიერებთ და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობისა და ისეთი მნიშვნელოვანი უნარების გაუმჯობესებაში ვეხმარებით, როგორებიცაა მთავარი ფაქტების შემოწმება, მედია წიგნიერება და ციფრული წიგნიერება. ეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის თემატური ტრენინგების საშუალებით კეთდება, მათ შორის ახალგაზრდებისა და უმცირესობებისთვის; ასევე მასწავლებლებისთვის და სხვა ძირითადი გამავრცელებლებისთვის აუცილებელი რესურსების მიწოდების მეშვეობით.

ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიასა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას და თანამშრომლობს ფაქტების შემმოწმებლებთან საინფორმაციო სივრცის სანდო, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით შესავსებად და მცდარი წარმოდგენების აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, ჩვენი წარმომადგენლობა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე აქტიურად ურთიერთობენ საქართველოს საზოგადოებასთან, რომ ევროკავშირის, გაფართოების პროცესის და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

ევროკავშირისკენ სვლის პროცესში, საქართველოს სჭირდება სრულყოფილი და ინკლუზიური ეროვნული სტრატეგია, რომელსაც თან ერთვის სექტორთაშორისი და გაზომვადი სამოქმედო გეგმა მკაცრი ზედამხედველობის მექანიზმებით. დეზინფორმაციასთან ბრძოლა როგორც ეროვნული, ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...