"აჩი და თინი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არიან" - ახალბედა პოლიტიკოსი გახარიას პარტიიდან და ნათესაური კავშირი ცნობილი ფეხბურთელის ოჯახთან
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, პირველად ძმებ არველაძეებთან ერთად გამოჩნდა. მაშინ ყოფილი პრემიერი ფეხბურთელი ძმების საოჯახო ბიზნესს, მოცვის ბაღებს სტუმრობდა. მალე გახარიამ საკუთარი პარტიის შექმნა და ყოველდღიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არველაძეები ექსპრემიერის პოლიტიკური მხარდამჭერები იყვნენ. ასევე ამბობდნენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატი პარტიიდან აჩი არველაძე იქნებოდა.
მართალია, არცერთი არველაძე არ აღმოჩნდა გახარიას პარტიის წევრი, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა პროპორციული სიაში რიგით მესამე ნომერი სალომე კობალაძე, აჩი არველაძის ცოლის, თინი კობალაძის დაა. სალომე ერთ-ერთია გახარიას გუნდიდან, რომელიც საკრებულოს დეპუტატი გახდა.
სალომეს და თინის საკუთარი გინეკოლოგიური კლინიკა აქვთ. მიუხედავად ასაკისა, სალომე უკვე ბებია და მის ერთადერთ ვაჟს, ტყუპი გოგონა და ბიჭი ჰყავს
- სალომე თქვენზე მოგვიყევით, ბავშვობაზე, ოჯახზე...
- გავიზარდე ძალიან მოსიყვარულე გარემოში, ტრადიციულ და მეგობრულ ოჯახში; ლაღი, ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა მქონდა.
- ექიმების ოჯახში გაიზარდეთ, თუმცა პროფესიის არჩევისას არჩევანი ბიზნესადმინისტრირებაზე გააკეთეთ...
- მე ყოველთვის სიახლის ძიებაში გახლდით, მაშინ კი ეს ახალი გამოწვევა იყო. მამამაც მომიწონა არჩევანი. ჩვენი ოჯახის ტრადიცია ჩემმა დამ გააგრძელა.
- თქვენი კარიერა როგორ გაგრძელდა, რას საქმიანობდით იქამდე, სანამ დასთან ერთად საკუთარ კლინიკას გახსნიდით?
- 20 წელიწადზე მეტი ვიმუშავე საერთაშორისო კომპანიაში, სადაც შიდა კარიერული ზრდა და წინსვლა მქონდა სხვადასხვა სფეროში.
- შემდეგ თქვენს ცხოვრებაში პოლიტიკა მოვიდა, როგორ მიიღეთ ეს საპასუხიმგებლო გადაწყვეტილება და რატომ გიორგი გახარიას გუნდი?
- შორიდან კრიტიკას ვამჯობინე თავად მიმეღო ცვლილებებში მონაწილეობა პრინციპით - თუ გინდა რამე კარგად გამოგივიდეს, თავად უნდა გააკეთო. რაც შეეხება გახარიას - ბატონი გიორგის ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩემს მიერ დანახულ მომავალთან, მისი გუნდი კი ის ხალხია, ვინც შეძლებს ეს მომავალი რეალობად აქციოს.
- ოჯახმა, ახლობლებმა როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება?
- ჩემი ოჯახის წევრები პატივს სცემენ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს, მხარს უჭერენ და გვერდში უდგანან. რაც შეეხება ახლობლებს, დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ნდობისა და მხარდაჭერისათვის.
- როგორ დაახასიათებდით გიორგი გახარიას როგორც უფროსს?
- ჩემი პროფესიული საქმიანობა ყოველთვის დაკავშირებული იყო თანამედროვე ხედვებთან, განვითარებასა და პროგრესთან, რაც ჩემი ცხოვრების წესად იქცა. სწორედ ამ ფასეულობებს ვხედავ მე ბატონ გიორგი გახარიაში, რამაც განაპირობა ჩემი მის გუნდში ყოფნა.
- სალომე, თქვენი და თინი კობალაძე აჩი არველაძის მეუღლეა, თუმცა საზოგადოებაში გამოჩენა და ინტერვიუები ნაკლებად უყვარს, რას გვეტყვით ცნობილ და და სიძეზე?
- ჩემი და და სიძე, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ჩემთვის ყველაზე სანდო და საიმედო ადამიანები არიან.
- წინასაარჩევნოდ ბევრს საუბრობდნენ, რომ ძმები არველაძეებიდან ერთ-ერთი აუცილებლად იქნებოდა მერობის კანდიდატი, თუმცა ასე არ მოხდა...
- ალბათ, ჩვენი გუნდის გულშემატკივრობის გამო გაჩნდა საზოგადოებაში ეს აზრი, თუმცა ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
- რა პროფილით აპირებთ საკრებულოში მუშაობას, რისი გამოსწორება გინდათ თბილისში?
- გამოსასწორებელი და შესაცვლელი ძალიან ბევრია, ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს, რადგან ჩვენი პრინციპი სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მოქალაქეების კონკრეტულ პრობლემებზე მუშაობით, საქმით შევცვლით, ეზოებიდან და ქალაქებიდან...
- სალომე, დასასრულს გკითხავთ, პოლიტიკას თან ახლავს მუდმივი კრიტიკა საზოგადოების მხრიდან, რამდენად მზად ხართ იმისთვის, რომ თქვენც გაგაკრიტიკებენ?
- ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია და ხანდახან აუცილებელიც. იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოების გაღიზიანებას არ გამოვიწვევ. ჩვენი გუნდის მიზანია ხალხის ნდობა გავამართლოთ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.