მსხილაძე: საარჩევნო კოდექსის პარლამენტის ვერსიით მივიღებთ ერთპარტიულ ცესკოს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, თუ პარლამენტი “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და მმართველი პარტიის ვერსისას დაამტკიცებს, მივიღებთ ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
დღეს, 18 მარტს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში შეტანილი ცვლილებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს – მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო.
გიორგი მსხილაძემ მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის არგუმენტია, რომ არჩევნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად, პარლამენტმა ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ერთობლივი დასკვნა და შენიშვნები გაითვალისწინოს.
“ჩვენი არგუმენტი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტმა, კერძოდ, უმრავლესობამ, გაიზიაროს ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ერთობლივი დასკვნა და ის შენიშვნები, რომელიც მოცემულია ვენეციის და ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნაში გაითვალისწინოს საქართველოს პარლამენტმა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებას.
ის კანონპროექტი, რომელიც შემოთავაზებული აქვს საქართველოს პარლამენტს, თუ გავიდა, მივიღებთ ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცესკოს”. – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების „ქართული ოცნების” ვარიანტს მხარი ერთხმად დაუჭირეს. მოტივირებული შენიშვნების მომხრე არავინ აღმოჩნდა.
ვეტოს დასაძლევად უმრავლესობის, 76 დეპუტატის ხმაა საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობა მის დაძლევაზე უკვე შეთანხმდა.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება მას დაუბრუნდეს.
ეს ცვლილება საარჩევნო კოდექსში შარშან შევიდა – პრეზიდენტის აღნიშნული უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.
ასევე, მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით.
ცესკოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილე და აღჭურვილი იყოს სათანადო უფლებამოსილებებით.
რაც ეხება ცესკოს თავმჯდომარის არყოფნისას მისი უფლებამოსილების განხორციელებას, საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, ეს უფლებამოსილება განახორციელოს თავმჯდომარის იმ არაპარტიულმა მოადგილემ, რომელიც არჩეულია პარლამენტის მიერ, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი, ცესკოში ოპოზიციის კვოტით დანიშნულმა მოადგილემ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.