პრეზიდენტი დიასპორას - აუცილებელია, მიიღოთ მონაწილეობა კომისიების დაკომპლექტებაში, რათა ის მანკიერი ფორმა, რაც არსებობდა, რომ საელჩოს წევრები, სიდედრები, შვილები თუ ბიძაშვილები აკომპლექტებდნენ კომისიებს, აღარ იყოს
აუცილებელია, ყველამ იაქტიუროს, რომ მიიღოთ მონაწილეობა კომისიების დაკომპლექტებაში იმისთვის, რათა ის მანკიერი ფორმა, რაც არსებობდა აქამდე, რომ საელჩოს წევრები, სიდედრები, შვილები თუ ბიძაშვილები აკომპლექტებდნენ კომისიებს, აღარ იყოს, ამიტომ რაც უფრო ინფორმირებული იქნებით და დროულად მიიღებთ მონაწილეობას კონკურსში და საჯაროდ იქნება ცნობილი, რომ მონაწილეობთ, უფრო დაცული იქნება მთლიანად ეს პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, სადაც საუბარი მომავალ საპარლამენტო არჩევნებს შეეხებოდა.
პრეზიდენტის თქმით, თუ საქართველოს მრავალრიცხოვანი დიასპორიდან 10% მაინც შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას ეს მაღალ აქტივობაში ჩაითვლება.
„რაც შეეხება იმ შეთავაზებას, რომ დისტანციური და ელექტრონული არჩევნები ჩატარდეს, ამისთვის ინიცირებული იყოს საკონსტიტუციო ცვლილება და ყველა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა, მე მგონი გამორიცხული არ არის, რომ ასეთი მოთხოვნა გადაეგზავნოს პარტიებს და პირველ რიგში, სამთავრობო უმრავლესობას, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ვიცი პასუხი, რაც იქნება წინასწარ იმიტომ, რომ ეს საკითხი არაერთხელ და წინა ხელისუფლებების დროსაც დამდგარა. ყოველთვის ხელისუფლებიდან მოდის ის, რომ ამას ძალიან დიდი დრო და გადამოწმება უნდა და ამის დრო აღარ არის - სანამ ეს დარეგისტრირდება პარლამენტში, სანამ გაივლის მთელს მსვლელობას, ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება საჯარო განხილვა, ამიტომ მე არ ვარ მომხრე, რომ დაიხარჯოს ძალიან დიდი ენერგია იმისთვის, რაც უნდა მომზადდეს შემდეგი არჩევნებისთვის. ჩვენ ნუ დავიწყებთ ისეთი რამის ინიცირებას, რომელიც არ მივა ბოლომდე და შეიძლება უფრო მეტი პესიმიზმი გამოიწვიოს, ვიდრე ის მობილიზაცია, რაც გვჭირდება ამ არჩევნებზე. თუ ეს არ იქნება მილიონი, ვინც მიიღებს მონაწილეობას, ესეც არ უნდა იყოს იმედგაცრუების საბაბი, იმიტომ, რომ 50 ათასმა ან 100 ათასმა რომ მიიღო მონაწილეობა, ჩვენი უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების 10%-მა, ეს უკვე არის დიდი ჩართულობა. ყველა ქვეყანაში ასე არის, რომ ნაკლებად ჩართულია დიასპორა. სასიხარულოდ, ჩვენი დიასპორა დღეს არის ჩართული, მოტივირებული, ამიტომ ვარ მე ძალიან იმედიანად, რომ ეს გამოიხატება ციფრებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.