აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარებას - ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა
შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მცდელობებს, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარების გზით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ტარდება სუვერენულ უკრაინაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. გასაგებად რომ ვთქვათ : ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
მისი თქმით, ეს სპექტაკლი კიდევ უფრო ადასტურებს, რომ რუსეთი აშკარად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს.
„შეერთებული შტატები გააგრძელებს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მათ შორის, ვინც კრემლის ყალბი არჩევნების დამკვირვებლად მუშაობს უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. „არჩევნები“ მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.