ლეო ვარდიაშვილი – ლონდონში ბესტსელერის ავტორი ინგლისურენოვანი ქართველი მწერალი
„ამ რომანმა გამანადგურა… ჩემი გული გატეხილი და დასერილი დატოვა. ამ გზის გავლისას სუნთქვა მეკვროდა, ვიცინოდი და ვტიროდი” – ასე აფასებს ლეო ვარდიაშვილის სადებიუტო რომანს ხალიდ ჰოსეინი, ავღანური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მწერალი.
2024 წლის 30 იანვარს გამომცემლობამ “bloomsbury Books” გამოსცა ლეო ვარდიაშვილის სადებიუტო რომანი „დიდი ტყის მახლობლად (Hard By a Great Forest )”. წიგნი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. 2 თებერვალს „გარდიანმა” ის დღის წიგნად დაასახელა და ვრცელი მიმოხილვაც მიუძღვნა.
ავტორის შესახებ
ლეო ვარდიაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 1995 წელს 12 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად ლონდონში გადასახლდა. იგი ინგლისურად წერს და ისწავლა ინგლისური ფილოლოგია ლონდონში, დედოფალი მერის უნივერსიტეტში (Queen Mary University of London).
„ჩვენ დავტოვეთ თბილისი, სოლოლაკი [ლეო ვარდიაშვილი სოლოლაკში დაიბადა და იქ გაატარა ბავშვობა] და ლონდონში ჩამოვედით. დიდი ხნის განმავლობაში მძულდა ლონდონი. არ ვიცოდი ენა, აქ არ მყავდნენ მეგობრები და, რა თქმა უნდა, მძულდა აქაურობა. მაგრამ ლონდონი არაჩვეულებრივი ქალაქია. სახლში როცა დავბრუნდი, 30 წლამდე ვიყავი. მაშინ უკვე ბრიტანული პასპორტი მქონდა.(…) საქართველო უკეთეს ადგილად ქცეულიყო, ომი დამთავრებული იყო, ამიტომ, დრო იყო დავბრუნებულიყავი. პირველი დაბრუნება ძალიან მძიმე იყო. მახსოვს, როცა თბილისის აეროპორტში გამოვედი, ყველაფერი ერთიანად დამატყდა თავს: სუნი, ადამიანები, ენა – ამისთვის მზად არ ვიყავი. აეროპორტიდან ქალაქის გზაზე ტაქსიში ვტიროდი. არ ვიცი, რატომ. იმედგაცრუებული არ ვყოფილვარ, ალბათ იმიტომ, რომ ბევრად მეტი მახსოვდა ამ ქალაქზე, ვიდრე წარმომედგინა. ვფიქრობ, სწორედ ამან გააღვივა მარცვალი, რათა რომანი დამეწერა, იმ უცნაურმა გრძნობებმა, რომლებსაც იმ დროს განვიცდიდი” ,- ამბობს ლეო ვარდიაშვილი ინტერვიუში.
რომანის შესახებ
„ბიბლიური წყალდიდობა, რომლის შედეგადაც საქართველოს დედაქალაქ თბილისში ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველები ქუჩაში დახეტიალობდნენ, იქცა ლეო ვარდიაშვილის სადებიუტო ნაწარმოების სიურრეალისტურ ფონად. ჩამთრევი რომანი ომზე, ოჯახთან განშორებაზე და ორაზროვან სახლში დაბრუნებაზე, არის ამბავი მსხვერპლზე, დანაშაულსა და ღალატზე, რომელიც გაჯერებულია ბურუსით მოცული საიდუმლოებებით, რაც თავის მხრივ, კომპენსირებულია შესანიშნავი იუმორისტული ჩანართებით”, – წერს გარდიანი.
პანიკური შეტევით და იღბლიანი „პინკ ფლოდის” მაისურით პროტაგონისტი საბა, რომელიც თავის 20-იან წლებში იმყოფება, ბრუნდება თბილისში, დაკარგული მამის (ირაკლი) და ძმის საძებნელად, რომელიც მამის ძიებაში გაუჩინარდა.
„დედაჩვენი დარჩა, რათა შეგვძლებოდა გაქცევა”, – ამბობს საბა, რომანის მთხრობელი და პროტაგონისტი. ათასობით ქართველის მსგავსად, საბა ოჯახთან ერთად სამოქალაქო ომის დროს ქვეყნიდან ემიგრაციაში წავიდა. ომს კი მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა და გამყინავი ზამთარი, რომელმაც „თბილისი დატოვა გაცამტვერებული, უგაზოდ, უწყლოდ და საკვების გარეშე მაღაზიებში.”
პერსონაჟი საბა თავის ბავშვობას იზიარებს რომანის ავტორ ლეო ვარდიაშვილთან, რომელიც 12 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად ლონდონში გადასახლდა.
ორი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც ახლა უკვე ზრდასრული ირაკლი ომით განადგურებული სამშობლოდან 2 ვაჟით გაიქცა. ორი ათწლეულია არ უნახავს შვილების დედა, რომელიც სამშობლოში დარჩა, რათა მათ გაქცევა შესძლებოდათ. როგორც იქნა, ირაკლი თბილისმა თავისთან მიიტყუა, მაგრამ, როდესაც მისი სატელეფონო ზარები წყდება, სწორედ მაშინ ჩნდება ბურუსით მოცული საიდუმლოებები…
ლეო ვარდიაშვილის წიგნი 19 ქვეყანაში გამოიცემა, მათ შორის საქართველოში. რომანს ქართულად დავით ახალაძე თარგმნის და გამოსცემს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.