აღდგება თუ არა გლდანის დიდი ტბა და ვინ დაისჯება მისი ფსკერის გაყიდვის გამო
გლდანის დიდი ტბის გადასარჩენად აქტიური ბრძოლა მოქალაქეებმა გასული წლის ზაფხულიდან დაიწყეს, მაშინ, როცა მისი გაქრობის საფრთხე თვალსაჩინო გახდა და ერთ დროს გლდანელთა (და არა მარტო გლდანელთა) საუკეთესო დასასვენებელი ადგილი ჭაობად და ანტისანიტარიის წყაროდ იქცა.
დაინტერესებულმა პირებმა ტბის გადასარჩენად საპროტესტო აქციების და სხადასხვა აქტივობის მეშვეობით სცადეს, ხმა ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყურამდეც მიეწვდინათ. პარალელურად, საკუთარი ძალებით დაიწყეს იმ მიზეზების მოკვლევა, რამაც ტბა ასეთ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა.
გაირკვა, რომ 2012 წელს შემოვლითი რკინიგზის ტრანშეის გაყვანისას ტბის მკვებავი სანიაღვრე არხები დაზიანდა, მას წყლის რესურსი მოაკლდა და შრობა დაიწყო.
ასევე, აღმოჩნდა, რომ ტბა და მიმდებარე ტერიტორია იყო დანაწევრებული, გაყიდული და მას სამი მესაკუთრე ჰყავდა.
ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ის ფლობდა მხოლოდ ფსკერს, წყალი მას არ ეკუთვნოდა და შესაბამისად, არც მასზე პასუხისმგებლობასაც იღებდა.
როგორც მოძიებული მასალებიდან ირკვევა, 2006 წელს გლდანის თემის საკრებულომ, ორი დეპუტატის (ელგანდარაშვილი, ყირიმელი) მოხსენების საფუძველზე, დაადგინა, რომ ტბა იყო ხელოვნური წარმოშობის ტბორი და განეკუთვნებოდა სახნავ-სათესი მიწის კატეგორიას.
დადგენილებას მცხეთის გამგეობაც დაეთანხმა და ამ ცნობების საფუძველზე, გლდანის ბუნებრივ ტბას სტატუსი შეუცვალეს, ის დაარეგისტრირეს, როგორც სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი.
ამ გადაწყვეტილებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, ტბის ტერიტორია გლდანის მაცხოვრებელმა გია აბუაშვილმა სწორედ სახნავ-სათესი მიწის სტატუსით, დაახლოებით, 3 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად იყიდა. ორი წლის შემდეგ, 2008 წელს ხსენებული ფართობი აბუაშვილისგან იგივე თანხად (ყოველ შემთხვევაში, მათ მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია 3 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი 5960 ლარი) უკვე მოქალაქე ნატალია კვანტალიანზე გასხვისდა.
ის, რომ გლდანის დიდი ტბა არა ხელოვნური ტბორი, არამედ ბუნებრივი ტბა იყო, კარტოგრაფიის მასალებიდან ნათლად ჩანს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებითაც დასტურდება. მისი ფართობი გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, დაახლოებით, 3 ჰექტარს შეადგენდა.
ტერიტორიის ამჟამინდელი ოფიციალური მფლობელი ნატალია კვანტალიანი, ჟურნალისტებთან საუბარში, ტბის ხელოვნურობის დამამტკიცებელ ფაქტად წყალში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძის არსებობასაც ასახელებს, მაგრამ როგორც ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, თავიდან ტბას შდარებით ნაკლები ფართობი ეკავა და ანძა მის ნაპირზე სწორედ იმ დროს დაამონტაჟეს. შემდეგ კი, მიწისქვეშა და ჩამდინარე წ####ბის მეშვეობით, ტბის საფარმა მოიმატა, რაც მის ბუნებრივ წარმოშობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა წლების აეროსურათების დამუშავების შედეგად მიღებული ინფორმაციდან ჩანს, რომ ტბა სტაბილურ მდგომარეობას 2015 წლამდე ინარჩუნებდა, შემდეგ კი მისმა ზედაპირმა თანდათან კლება დაიწყო. 2022-23 წლებში ეს პროცესი იმდენად დაჩქარდა და ვითარება იმდენად სავალალო გახდა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და ტბის გადასარჩენად მოსახლეობამ აქტიური მოქმედებები დაიწყო. შეიქმნა ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებმაც არსებული პრობლემის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლების სხვადასხვა შტომდე მიიტანეს და მათგან ადეკვატური ზომების მიღება მოითხოვეს. ტბის აღდგენის მოთხოვნით შეგროვდა ხელმოწერები და დაეგზავნა იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელსაც ამ განცხადებაზე რეაგირება ევალებოდა. ასევე, საინიციატივო ჯგუფმა მოიპოვა ყველა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ტბა ნამდვილად ბუნებრივი წარმოშობისაა და ძველი თუ მოქმედი კანონით მისი გაყიდვა დანაშაული იყო.
მოქალაქეების მიერ გამართული აქციების და არაერთი მიმართვის შემდეგ, საქმეში თბილისის მერია ჩაერთო და ტბის მდგომარეობის მოკვლევაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია ,,გამა კონსალტინგმა“ გაიმარჯვა.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას თებერვლის ბოლომდე უნდა მოეძიებინა ოპტიმალური ვარიანტები, თუ როგორ უნდა მოხდეს ტბის შევსება და გაჯანსაღება, თუმცა, ზამთრის პერიოდში ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ,,გამა კონსალტინგმა“ გადაწყვიტა, კვლევისათვის კიდევ ორი თვე დაიმატოს. ორგანიზაციის განცხადებით, შემკრები არხების სწორად დასაპროექტებლად, საგაზაფხულო პერიოდი უფრო ხელსაყრელია, რადგან საშუალება ექნებათ, წყაროებს, გრუნტის წ####ბს, მათ მარშუტს, ასევე, ტბის დონის მატების დინამიკას უხვი ნალექების ფონზე დააკვირდნენ.
რაც შეეხება მოკვლევის პირველ ნაწილს, ,,გამა კონსალტინგმა“ იანვრის დასაწყისში გამოკვეთა ტბის შევსების რამდენიმე გზა, რომელთაგან ყველაზე სავარაუდოა კომბინირებული ანუ ბუნებრივი (სანიაღვრე არხების გამართვა) და ხელოვნური გზა (ჟინვალიდან მომავალი ბოდორნა-ღრმაღელის არხიდან საჭიროებისამებრ ტბის შევსება).
როგორც ცნობილია, ხელოვნური გზის უზრუნველსაყოფად თბილისის მერიამ განცხადებით უკვე მიმართა კომპანია ,,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს,“ რათა ჟინვალის არხში გამავალი წყლის იმ ნაწილის შესყიდვა შეძლონ, რაც ტბის აღდგენისთვის იქნება საჭირო.
კვლევის საბოლოო შედეგებს აღნიშნული კომპანია 20 აპრილისთვის დადებს და ამის შემდეგ გაირკვევა, ტბის გადარჩენის რა სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას აირჩევს სახელმწიფო. მანამდე კი, იმის გასაგებად, გამოიკვეთა თუ არა ტბის გადარჩენის პერსპექტიული გზები ამ ეტაპისთვის, რა წინასწარი დასკვნები გაკეთდა, ენდობიან თუ არა მერიის მიერ დაქირავებულ ,,გამა კონსალტინგს“ და რამდენად მონაწილეობს ,,საქართველოს რკინიგზა“ ტბის აღდგენის სამუშაოებში, ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრს, ჟურნალისტ მედეა გოგსაძეს ვესაუბრეთ.
როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პირადად ესაუბრა ,,გამა კონსალტინგის“ ხელმძღვანელ ზურაბ მგალობლიშვილს, რომელმაც მოკვლევის საფუძველზე ტბის დაშრობის მიზეზები დაასახელა. ეს არის: შემოვლითი რკინიგზის გაყვანა და გარკვეულწილად, სანიაღვრე ტრასაზე საცხოვრებელი სახლების აშენებაც. თუმცა, მისი თქმით, ზიანის მეტი წილი მაინც შემოვლითი რკინიგზის ტრანშეაზე მოდის.
რაც შეეხება რკინიგზის დეპარტამენტს, გოგსაძე ამბობს, რომ კოლექტიური განცხადებით მათ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მიმართეს და მოითხოვეს, გარკვეული სახით მონაწილეობა მიეღოთ მიყენებული ზიანის გამოსწორების პროცესში.
მედეა გოგსაძე: დეპარტამენტისგან ვითხოვდით, ტბის აღდგენის პროცესში როგორც ფინანსური, ისე სხვა რესურსებით ჩართულიყვნენ. მათგან მივიღეთ პასუხი, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში (რომელიც, ასევე ჩვენი მოთხოვნით, გასულ წელს დაიდო) რკინიგზის ბრალეულობა მითითებული არ არის და ამიტომ მსგავსი ვალდებულება არ ეკისრებათ.
ეს აბსოლუტურად მიუღებელი პასუხია. სანიაღვრე გზები რომ ტრანშეითაა გადაჭრილი, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და ამის უარყოფა, უბრალოდ, არასერიოზულია. სამწუხაროდ, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებში არ არის გათვალისწინებული სანიაღვრე გზების დამზიანებლის დადგენა. ჩვენ გლდანის მაჟორიტარს, ბატონ კონსტანტინე ზარნაძეს კოლექტიური განცხადებით მივმართეთ, რათა ეშუამდგომლა მერიასთან და „გამა კონსალტინგისთვის“ მიცემულ დავალებაში ტბის დაშრობის მიზეზის დადგენაც შესულიყო. მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გვაუწყა - კვლევის ანგარიშში ტბის დაშრობის სავარაუდო მიზეზიც განხილული იქნებაო. ეს ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი. ჩვენ გვაინტერესებს არა სავარაუდო, არამედ ზუსტი მიზეზი და ამ მიზეზის შემქნელის ვინაობა; მიყენებული ზიანის ზუსტი იდენტიფიცირება; ზიანის აღმოსაფრხვრელად დასაკისრებელი თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოვახერხებთ, „საქართველოს რკინიგზას“ სათანადო რეაგირება ვაიძულოთ. კოლექტიურ განცხადებებში ვითხოვდით, ტბასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მერიას გლდანის დიდი ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრებიც ჩაერთო, მაგრამ თხოვნა, სამწუხაროდ, არ შეასრულეს და ამით საქმე დაზარალდა. რადგანაც „საქართველოს რკინიგზა“ თავის ბრალეულობას არ აღიარებს, დოკუმენტურ მტკიცებულებაზე ზრუნვა ცალკე მოგვიწევს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება იურიდიულად გამყარებული მოთხოვნა წარვუდგინოთ. თუ მაინც გაჯიუტდება, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებიც არსებობს.
სასაცილოა, რომ ევროკავშირის წევრობის პრეტენზია გვაქვს, მაგრამ დღესაც ვრჩებით ქვეყნად, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს. ცხადია, ხალხის მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა. მჯერა, რომ მოქალაქეები პრინციპულობას გამოიჩენენ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
რაც შეეხება ტბის შევსებას, ,,გამა კონსალტინგის“ უფროსმა ჩემთან საუბარში თქვა, რომ გლობალური დათბობიდან გამომდინარე, ტბის მთლიანად აღსადგენად სანიაღვრე და მიწისქვეშა წ####ბი საკმარისი არ იქნება. ცხელ სეზონში ერთი კვადრატული მეტრი 24 სმ-ით იკლებს, ანუ წელიწადში, დაახლოებით, 200 ათასი ლიტრი წყალი ორთქლდება.
ზურაბ მგალონლიშვილის თქმით, ტბას აშკარად ჯერ კიდევ მიწისქვეშა წყაროები კვებავს, თორემ აქამდეც ამოშრებოდა. ისინი მერიას სთავაზობენ, ტბის შესავსებად წყალი ჟინვალიდან წამოვიდეს. უახლოეს დღეებში ჯი ვი პი-ს წარმომადგენლებსაც უნდა შეხვდნენ და ყველა ტექნიკური საკითხი გაიარონ.
პირადად ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა „გამა კონსალტინგის“ პერსონალმა. თავდაპირველად, მოქალაქეები ამ კომპანიას დაეჭვებით უყურებდნენ, რადგან მერიის დაქირავებული იყო, მაგრამ როდესაც საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობაზე წამოვიდნენ და თავიანთ საქმიანობაში ჩაგვახედეს, ყინული გალხვა.
კომპანიისადმი უნდობლობის მეორე ტალღა მაშინ გაჩნდა, როდესაც კვლევისთვის დამატებითი დრო მოითხოვეს. ამიტომაც შევხვდი ზურაბ მგალობლიშვილს და ყველა ის კითხვა დავუსვი, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა. მან ამ კითხვებზე სავსებით დამაკმაყოფილებელი პასუხები გაგვცა. ერთადერთი, რაც ხალხში კიდევ ეჭვს ბადებს, ტბის ფეკალური აგენტებით დაბინძურების საკითხია, რაც ,,გამა კონსალტინგის“კვლევის თანახმად, საქონლის ,,დამსახურებაა“ და კანალიზაციის ჩადინების ფაქტები არ დასტურდება. თუმცა, მაინც მუსირებს აზრი, რომ ეს დასკვნა მერიის კარნახით დაიწერა, რომელსაც ტბის დასახლებაში კანალიზაციის მოწესრიგებაზე თანხის გამოყოფა ენანება. მჯერა, რომ საბოლოო დასკვნას დროულად დადებენ და ის სრულფასოვანი იქნება.
რაც შეეხება კანალიზაციის საკითხს, დაუშვებელია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი ცივილური კანალიზაციის ნაცვლად „მამაპაპური“ ორმოებით სარგებლობდეს. ასეთი ორმოები ფეკალური მასების გრუნტში გაჟონვის და მიწისქვეშა წ####ბის გავლით, ტბის (აგრეთვე, სასმელი წყლის) დაბინძურების რეალურ საფრთხეს ქმნის. ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის თაოსნობით, განცხადება ტბის დასახლებაში კანალიზაციის მოწესრიგებაზეც შევიტანეთ. ჯერჯერობით, საიმედო არაფერი ისმის, ამიტომ ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, საქართველომ გარემოს დაბინძურების პრევენციისა და წყლის რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის ვალდებულებაც აიღო. ხელმოწერა ფიქციად არ უნდა დარჩეს.
ჩვენ დავინტერესდით, სახელმწიფოს მხრიდან თუ იყო გამოხმაურება ტბის ტერიტორიის უკანონო გასხვისების საკითხის მიმართ და ხომ არ დაწყებულა გამოძიება დამნაშავეების გამოსავლენად, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებს არავითარი ინტერესი ამ დრომდე არ გამოუვლენიათ.
მედეა გოგსაძე განგვიმარტავს, რომ გლდანის ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფმა საკრებულოს მაჟორიტარ კონსტანტინე ზარნაძეს ამ საკითხზეც თხოვა, ეშუამდგომლა ზემდგომ ორგანოებთან, რათა ტერიტორიის გასხვისების საქმის შესასწავლად შექმნილიყო საპარლამენტო კომისია, რომელიც მოძიებულ მასალებს საგამოძიებო სტრუქტურებს გადასცემდა. ჯგუფის ინფორმაციით, ზარნაძემ განცხადება პარლამენტში გადაგზავნა, რომელზე რეაგირებაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაია ბითაძეს დაევალა, თუმცა მისგან ჯერ პასუხი არ მიუღიათ.
მედეა გოგსაძე: რა გახდა 2006 წელს მომხდარი დანაშაულის გამოძიება?! მაშინ გლდანის თემის საკრებულომ და მცხეთის გამგეობამ ბუნებრივი ტბა ხელოვნურ ტბორად შერაცხეს, ტერიტორიას კი სახნავი მიწის სტატუსი მიანიჭეს. თუმცა გლდანის დიდი ტბა გარემოს ეროვნული სააგენტოს კარტოგრაფიაში ისევ ტბად ფიგურირებს. ანუ, გამგეობამ მიიჩნია, რომ ტბორია, სამინისტროს დონეზე კი ისევ ტბად ირიცხება. რა გამოდის? ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სახელისუფლებო სისტემის ზედა რგოლი აზრზე არაა, რა ხდება ქვედა რგოლში. ხოლო როდესაც ქვედა რგოლი ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, საჭიროდ არ მიიჩნევს, ზედა რგოლი საქმის კურსში ჩააყენოს.
მონდომების შემთხვევაში, სულაც არ არის რთული სიტუაციის გამოსწორება. საკმარისია დაიწყოს გამოძიება, ჩადენილ დანაშაულს მიეცეს კვალიფიკაცია, შემდეგ კი დოკუმენტები ტბის ხელოვნურ წარმომავლობასა და ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიწად გამოცხადებაზე ბათილად იქნას მიჩნეული. ამის შემდეგ გაყიდვის აქტის გაბათილებაც არ წარმოადგენს პრობლემას, ვინაიდან, კანონის თანახმად, ტბის ფსკერის გაყიდვა იკრძალება.
ამჟამად ნაკვეთი მეორე პირის ხელშია, რომელიც პატიოსანი მყიდველის უფლებით სარგებლობს. ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის, მაგრამ ამის მოგვარების პროცედურაც არსებობს; მაგალითად, ადგილმონაცვლეობა, ან გამოსყიდვა. რაღა აყოვნებთ?!
ცალკე პრინციპული საკითხია, რომ ყველა ოფიციალურმა პირმა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, აუცილებლად აგოს პასუხი კანონის წინაშე.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა თუ დაგვაიგნორა, ვფიქრობ, პირდაპირ პროკურატურაში ვიჩივლოთ. თუ პროკურატურამაც გააჯანჯლა ეს საქმე, მაშინ იურისტებთან მოგვიწევს კონსულტაციის გავლა იმის დასადგენად, თუ რა უნდა ვიღონოთ.
მართლაც აბსურდში ვცხოვრობთ. ველურ ტომებშიც კი არავინ გაუტარებს თვისტომს სოციუმის დაზარალებას. სამაგიეროდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ საქართველოში გავლენიან პირს ყველაფერი ხახვივით შერჩება. მხოლოდ ხალხს შესწევს ძალა ამ არანორმალურ ვითარებას წერტილი დაუსვას.
ირმა ბერიშვილი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.