Jump to content
Planeta.Ge

„თბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება“ — გურიელიძე


თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, თბილისის ახალ ზოოპარკში, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება. გურიელიძის განცხადებით, ამჟამად თბილისის ზღვის მიმდებარედ, ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ჟირაფების სამყოფელი შენდება, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა BMG-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.

გურიელიძის თქმით, რთულია ზუსტი თარიღის თქმა, თუ როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი, რადგანაც ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯერ დასრულებული არაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალი სახეობის ცხოველების, მათ შორის ჟირაფების ჩამოყვანაზე მუშაობა უკვე დაწყებულია:

„საჟირაფე შენდება, ეს არის ყველაზე უფრო რთული შენობა, ძალიან დიდი ხანი დასჭირდა მის აშენებას, წელს ეს შენობა დამთავრდება და ამასობაში ჩვენ ვზრუნავთ ჟირაფების ჩამოყვანაზე. მისი ტრანსპორტირებაც რთული და ძვირადღირებული საქმეა. ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრი თბილისის ზღვის ზოოპარკი უკვე არის.

გვეყოლება საკმაოდ კარგად გაწვრთნილი მომვლელები და კონსულტანტები. ჟირაფების გარდა იქნება მარტორქები, ბეჰემოტები, ასევე, დიდი ცხოველები. მომვლელებმა შარშან უკვე გაიარეს ტრენინგები ჰოლანდიაში. ორი ჩვენი ვეტექიმი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება იქაური ცხოველების უკეთ შესასწავლად“, — განაცხადა ზურაბ გურიელიძემ BMG-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...