Jump to content
Planeta.Ge

თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს


თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 12 მარტს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გაიმართა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც იგი ერთხმად აირჩიეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად.

გიორგი ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.

სამინისტროს ცნობით, გიორგი ვაჩნაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1990 წელს სასწავლებლად გაემგზავრა აშშ-ში, ნიუ-იორკის მენეს-კოლეჯში (Mannes College of Music). 1994 წელს დაამთავრა ინდიანის უნივერსიტეტის მაგისტრატურა.

„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მადლობას უხდის გიორგი შავერზაშვილს გაწეული შრომისთვის, ხოლო ახალ რექტორს, გიორგი ვაჩნაძეს წარმატებებს უსურვებს შემდგომ საქმიანობაში”. – ვკითხულობთ განცხადებაში.


მიმდინარე წლის ოქტომბერში კონსერვატორიაში უნდა ჩატარებულიყო რექტორის არჩევნები, თუმცა, მოულოდნელად, 26 სექტემბერს კონსერვატორიამ არჩევნების პროცესის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, მიზეზად კი თეა წულუკიანის ბრძანება დაასახელა.

სამინისტროს განცხადებით, კონსერვატორიაში საარჩევნო პროცედურა კანონის შესაბამისად არ ჩატარებულა. წულუკიანი კონსერვატორიას ავალებდა, მის მართვაში მყოფი კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისთვის განესაზღვრა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი, რასაც წესდებაში ცვლილებების შეტანა სჭირდებოდა.

კონსერვატორიის აკადემიური საბჭო სამინისტროს პოზიციას არჩევნების კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ წარმართვაზე არ იზიარებდა და ამბობდნენ, რომ ცენტრისთვის სტატუსის განსაზღვრის საკითხი არჩევნების პროცესთან კავშირი არ იყო და ის არ უნდა გამხდარიყო რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი.

კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს პოზიცია სამინისტრომ არ გაიზიარა და სამუშაო რეჟიმში დაწესებულებასთან წესდებაში ცვლილებების პროექტზე მუშაობა დაიწყო.

ამის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ მინისტრის დადგენილების გაუქმებაზე კონსერვატორიამ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მინისტრის ბრძანების მოქმედების შეჩერება და სამინისტროსთვის ისეთი მოქმედებების აკრძალვა, რომლებიც დაუკავშირდება კონსერვატორიის რექტორის არჩევნებს, კონსერვატორიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასა და მათ უფლებამოსილებაში ჩარევას, თუმცა სასამართლომ კონსერვატორიის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ კონსერვატორიამ სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გამოიხმო.

წინა რექტორს, ნანა შარიქაძეს უფლებამოსილება 21 ოქტომბერს ამოეწურა და ამის შემდეგ დაინიშნა კონკურსი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დასაკავებლად. სადაც აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი გოგი შავერზაშვილის კანდიდატურას დაუჭირა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...