კარასინი: მჯერა, არაფორმალური დიალოგის გამოცდილებას მომავალშიც გამოვიყენებთ
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინი „დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან არაფორმალური დიალოგის გამოცდილების გამოყენება მომავალშიც მოხდება”.
ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კარასინისვე თქმით, 2012 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ორჭოფობის გარეშე დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით.
გრიგორი კარასინმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ზურაბ აბაშიძემ 12 წლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა და ის გიორგი ქაჯაიამ ჩაანაცვლა.
რუსი დიპლომატის თქმით, ის „დარწმუნებულია, რომ მიღწეულ შედეგებს მომავალშიც გამოიყენებენ”.
„რუსეთი დაინტერესებულია პრაგმატული დიალოგითა და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის აღდგენით”, – თქვა გრიგორი კარასინმა.
მისივე განცხადებით, „2012 წელს რუსეთის ხელისუფლებამ უყოყმანოდ დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლების კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, ფორმალური მექანიზმის შექმნის გარეშე ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტის დეპოლიტიზებული განხილვისთვის, აქცენტით სავაჭრო და ეკონომიკურ, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ კონტაქტებზე“.
რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ 11 წლის განმავლობაში მასსა და ზურაბ აბაშიძეს შორის 26 შეხვედრა შედგა და არაერთი რამ გაკეთდა, მათ შორის, გაწეულ იქნა ძალისხმევა სავიზო რეჟიმის შერბილებისკენ. – ახლა საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ რუსეთის ვიზა 90 დღემდე მოგზაურობისთვის.
მან ასევე ილაპარაკა ტვირთბრუნვასა და ტრანსპორტის კუთხით „მიღწეულ წარმატებებზე”.
აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენის შემდეგ უკვე კვირაში 60-ზე მეტი რეისი ინიშნება საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის.
გუშინ, 11 მარტს, მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გაკეთდა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთთან მუშაობის 11 წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ რუსეთთან მუშაობის შედეგად „დაბალანსდა სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც 2006 წელს რუსეთის მიერ ემბარგოს შემდეგ გართულდა”.
აბაშიძემ ასევე თქვა, რომ რუსეთთან ორმხრივი არაფორმალური დიალოგი 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.