გამოსახლებამდე | როგორია მევახშური სქემა
„ადამიანი უკანასკნელ მდგომარეობაში ვარ”;
„ბოლომდე ნუ გამწირავთ და ნუ დამღუპავთ“;
„ოჯახის წევრია ცუდად, დროებით შეაჩერეთ გამოსახლდება“;
„წინაპრების ნივთებიც არ გამომიტანია სახლიდან“;
„გეშინოდეთ ჩემნაირი დედების, რომლებსაც აღარაფერი დაგვრჩა დასაკარგი;
ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი შვილები ქუჩაში არ დარჩნენ“, – ეს უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული, ოჯახების ძალადობრივი გამოსახლების დროს მოსმენილი ფრაზებია. აღსრულების ბიუროს სტატიტიკით, 2023 წელს ქონების დათმობა 562 ოჯახს მოუწია.
ასეთია „გამოსახლება ქართულად“: აღსრულების პოლიცია სახლის შორიახლოს რომ გამოჩნდება, ოჯახის დასაცავად შეკრებილ მეზობლებსა და მხარდამჭერებში ნერვიულობა, ბრაზი და შემართება ერთიორად იმატებს. მალევე იწყება ფიზიკური შეტაკება. პოლიცია ნელ-ნელა ცდილობს, გაათავისუფლოს მხარდამჭერებით, მანქანებით, ავეჯით ჩახერგილი შესასვლელი; ელექტროხელსაწყოთი გაჭრას დადუღებული კარი. გამოსახლების წინააღმდეგ შეკრებილი ხალხი იბრძვის წყლით, ცოცხალი ჯაჭვითა და მორალური შეძახილებით. მეზობლებისა თუ გამოსახლების პოლიტიკის წინააღმდეგი მოქალაქეების პროტესტის შედეგად არაერთი გამოსახლება შეჩერებულა, თუმცა ბევრჯერ გვინახავს კიბეებზე გამოყრილი წინაპრების ნივთებიც, წვიმით გაჟღენთილი ავეჯი და აჭედილი კარი.
როგორია მევახშეობის ანატომია, რა შეიცვალა კანონმდებლობაში და სად ნახა საკანონმდებლო ხვრელი მევახშურმა სქემამ – სამევახშეო ბიზნესისა და გამოსახლების საკითხებზე „პუბლიკა“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტს მარიამ ჯანიაშვილს ესაუბრა.
როგორც წესი, მევახშეებს უკავშირდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ფორმალურ საბანკო-საფინანსო სისტემაში პრობლემა აქვთ, – გვიყვება ჯანიაშვილი და დასძენს: „მევახშეებს მიმართავენ ადამიანები, ვინც ვერ იხდიან სესხს, დაკარგეს შემოსავალი; ან კიდევ ისინი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გადახდისუნარიანობის კრიტერიუმებს და უკიდურესი საჭიროებების გამო, იძულებულნი არიან მევახშეებთან მძიმე პირობებით ხელშეკრულებები გააფორმონ“, – თქვა ჯანიაშვილმა.
„მევახშურია“ გარიგება, თუ ამ საქმიანობის უპირველესი მიზანი, არა საპროცენტო სარგებელი, არამედ იპოთეკით დატვირთული ქონების დაუფლებაა“, – წერია კვლევაში „მოსახლეობა მევახშეობის პირისპირ“, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 2020 წელს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც საცხოვრებლის დაუფლების მიზნით მევახშეები მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთსა და მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში არაპროპორციულ ფულად სანქციას (პირგასამტეხლოს) აწესებდნენ. ამასთან ერთად „კრედიტორები სარგებლობდნენ ადამიანების ფორსმაჟორული, გამოუვალი სიტუაციებით, უყურადღებობითა და გამოუცდელობით“.
ჯანიაშვილის თქმით, მსესხებლებისთვის მევახშესთან დადებული ხელშეკრულება უმეტესწილად საცხოვრებლის პოტენციურ დაკარგვას გულისხმობს და ამ გზით მოვალეები რთულ, ჩახლართულ ფინანსურ ქსელში ეხვევიან.
კვლევაში „საკრედიტო ბუმი, ჭარბვალიანობა და ეროვნული ბანკი“ აღნიშნულია, რომ მასობრივი დაკრედიტების პოლიტიკამ (2005 წლიდან), 2015 წლის ლარის კრიზისთან ერთად, ჭარბვალიანობის სახით იფეთქა. ჭარბვალიანობამ კი კიდევ უფრო გაზარდა იმ მსესხებელთა რაოდენობა, რომელთაც კრედიტის გადაუხდელობის გამო საცხოვრებელი დაკარგეს.
ცალკე თემაა, შუამავლების საკითხი. ჯანიაშვილის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მევახშესთან დაკავშირებაში ე.წ. შუამავალი პირებიც მონაწილეობენ, თუმცა ისინი ოფიციალურად არსად ფიგურირებენ.
ის გვეუბნება, რომ დაზარალებულ ადამიანებს აღუნიშნავთ ისიც, რომ მათ მევახშესთან დაკავშირება ბანკის გავლით მოახერხეს. „საყურადღებოა, თუმცა ჩვენ მტკიცება არ შეგვიძლია, რადგან ეს საკითხი არ გვიკვლევია“, – დაამატა მან ჩვენთან საუბრისას. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მევახშეებთან კავშირები მათი ადვოკატების გავლითაც იბმება.
რეგულაციების გვერდის ავლით – რა გზა ნახეს მევახშეებმა
გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება – სამევახშეო სქემაში ამ ხელშეკრულების გამოყენებას იურისტები თვალთმაქცურ ტაქტიკას უწოდებენ, რომელიც მევახშის მხრიდან უძრავ ქონებაზე დაპატრონების შანსს ზრდის. ამ ხელშეკრულებით მევახშე გვერდს უვლის იმ რეგულაციას, რომლითაც იპოთეკური სესხის გამცემ სუბიექტებს შეზღუდვები აქვთ დაწესებული.
„პუბლიკაზე“ განთავსებული ბლოგით – „ნასყიდობის საფარქვეშ“, იურისტი დავით კლდიაშვილი იხსენებს, რომ 2018 – 2019 წელს ქვეყანაში ორი მნიშვნელოვანი აქტი მიიღეს, რომელთა შედეგადაც:
- დადგინდა ზღვარი, რომლის ფარგლებშიც სესხი მხოლოდ ლარში უნდა გაიცეს;
- დაუდგინდა ჭერი საპროცენტო განაკვეთს;
- აიკრძალა ფიზიკურ პირებს შორის სასესხო ურთიერთობა, თუ სესხის უზრუნველყოფის საგანი უძრავი ნივთია;
- ყველა პირი, რომელიც სხვა პირზე 20-ზე მეტი ოდენობით სესხს გასცემდა, სავალდებულო წესით დაექვემდებარა ეროვნულ ბანკში რეგისტრაციასა და რეგულირებას.
კლდიაშვილის თქმით, რეგულაციით მივიღეთ სურათი, რომ იპოთეკური სესხის გაცემა შეუძლია სამ სუბიექტს – ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტს (სესხის გამცემი სუბიექტები, ძირითად შემთხვევაში, იურიდიული პირები არიან).
მისივე განმარტებით, ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებს დაევალათ ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია და პასუხისმგებელიანი დაკრედიტება, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითად შემთხვევაში იპოთეკური სესხი მხოლოდ მაშინ გაიცემა, როცა მსესხებლის შემოსავლები, ანუ გადახდისუნარიანობა დასტურდება.
მისი თქმით, ცვლილებების მიზანი იყო, რომ გონივრული პირობებით სესხი აეღო გადახდისუნარიან პირს, რითაც მცირდებოდა ვერგადახდისა და შესაბამისად, „ბინის დაკარგვის“/„გამოსახლების“ რისკიც, რაც ნამდვილად მტკივნეული სოციალური მოვლენაა.
კლდიაშვილი ამბობს, ამ რეგულაციების დაწესების შემდეგ ზოგ მოქალაქეს შეეზღუდა წვდომა სესხზე. ცალსახა იყო, რომ ისინი გამოსავლის ძიებას დაიწყებდნენ. ასევე გამოსავლის ძიებაში იყო ფიზიკური პირიც, რომელსაც აეკრძალა გასესხება უძრავი ქონების უზრუნველყოფით. სწორედ ამიტომ დაიწყეს „გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების“ გაფორმება. ეს ხელშეკრულება გარიგების აპრობირებული სახეა, რომელიც გულისხმობს ქონების გაყიდვას იმ პირობით, რომ გარკვეული დროის შემდეგ უკანვე შეგიძლია შეიძინო, მაგრამ, კლდიაშვილი დასძენს, რომ ამ შემთხვევაში იგი გამოყენებულია რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით.
„უხეშად რომ ვთქვათ, სქემა ასეთია: დავუშვათ გსურთ 1 000 ლარი სესხი, რომელიც ერთ წელიწადში პროცენტთან ერთად, ჯამში 1 500 ლარი უნდა დააბრუნოთ. ფორმდება ხელშეკრულება, რომ თითქოს თქვენ ბინა გაყიდეთ (გადაუფორმეთ კრედიტორს) 1 500 ლარად, და ერთ წელიწადში უკან შეგიძლიათ შეიძინოთ ასევე 1 500 ლარად, რეალურად კი კრედიტორისგან 1 000 ლარს იღებთ. ამ სქემის სხვა ვარიაციებიც არსებობს, მაგალითად, 1 500 ლარის პერიოდულად გადახდა ა.შ. თუ თანხას ვერ გადაიხდით (უკან არ „შეიძენთ“) ბინა კრედიტორს რჩება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის „სესხებზე“ საპროცენტო განაკვეთი საბაზროზე გაცილებით მაღალია“, – განმარტავს კლდიაშვილი.
კლდიაშვილის განცხადებით, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით მსესხებელი პირდაპირ „უფორმებს“ ბინას კრედიტორს, რომლის ღირებულებაც ხშირად მნიშვნელოვნად აღემატება სესხის თანხას.
ჯანიაშვილიც ამბობს, რომ ამ რეგულაციის შემოღების შემდეგ მევახშურმა საქმიანობამ იატაკქვეშ გადაინაცვლა და დაიწყეს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. თავისთავად ამ ხელშეკრულების გაფორმება კანონიერი ქმედებაა, თუმცა ამ შემთხვევაში მისი გაფორმების მიზანი არის თვალთმაქცური.
„მაგალითად, შეიძლებოდა ბინა გაყიდულიყო, დაახლოებით, 6 000 დოლარად და მოვალეს გამოსყიდვის უფლება ჰქონოდა 15 000 დოლარად. გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებში ამგვარი უსამართლობაც გვხვდება“, – თქვა მარიამ ჯანიაშვილმა.
ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ გამოსყიდვის შესაძლებლობას ართულებს მოვალისთვის მიცემული მოკლე ვადა, რაც, უმეტესად, 3-6 თვეს მოიცავს. ბუნებრივია, მოვალეს, რომელსაც არამყარი ფინანსური მდგომარეობა აქვს, ამ დროში ქონების უკან გამოსყიდვას, უმეტეს შემთხვევაში, ვერ ახერხებს. იურისტის თქმით, პრობლემურია ის საკითხიც, რომ ეს ტრანზაქციები ოფიციალურად არსად ფიქსირდება, და საჭიროების შემთხვევაში, რთულია დამტკიცება, ნამდვილად გადაუხადა თუ არა მოვალემ მევახშეს თანხის ნაწილი.
რა შემთხვევაში ერთვება პროცესებში სახელმწიფო
როგორც ზემოთ აღინიშნა, იპოთეკური სესხის გაცემის უფლებამოსილება ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ სამი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებას აქვს – ესაა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი.
ამას გარდა, ზემოთ ასევე მიმოვიხილეთ ნასყიდობის გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც ფიზიკური პირები ახერხებენ, დაეუფლონ სხვის ქონებას.
რა ხდება პირველ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ვეღარ ახერხებს ბანკთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან თუ სესხის გამცემ სუბიექტთან აღებული ვალდებულებების შესრულებას, ანუ ვეღარ იხდის იპოთეკურ სესხს? – მარიამ ჯანიაშვილი ამ პროცედურებს გვიხსნის და სახელმწიფოს როლსაც გამოყოფს.
თავდაპირველად სახელმწიფო ერთვება, როდესაც მოვალე ვალს ვერ უხდის კრედიტორს (ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ სესხის გამცემ სუბიექტს) და ქონება გადის აუქციონზე. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ადამიანი ვეღარ იხდის თანხას, კრედიტორი გარკვეული პერიოდის შემდეგ მიმართავს სასამართლოს. კრედიტორის მიერ საქმის მოგების შემდეგ საქმე გადაეცემა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, უწყებას კი ქონება აუქციონზე გააქვს.
ჯანიაშვილის თქმით, სახელმწიფო უშვებს, რომ თუ აუქციონზე გატანილი ქონება პირველ და მეორე ეტაპზე ვერ გაიყიდა, მესამედ მისი ღირებულების 5%-ად გაიყიდოს, რაც იურისტის შეფასებით, არაპროპორციულია.
აღსანიშნავია, რომ აუქციონზე არ გადის ქონება, როდესაც მოვალესა და კრედიტორს შორის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებაა გაფორმებული. ამ შემთხვევაში ქონება თავიდანვე გამსესხებლის საკუთრებაში გადადის. თუ მოვალე არღვევს ამ ხელშეკრულებას, გამსესხებელი მიდის სასამართლოში და მოითხოვს თავისი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმეში აღსრულების ბიურო ერთვება.
„აღსრულების ბიუროს, სასამართლოსა თუ აუქციონის ეტაპზე სახელმწიფო სტრუქტურები ჩართული არიან პროცესში, ისინი ასევე შემსწრე არიან გამოსახლების ისეთი ბრუტალური მეთოდებისა, როგორებიც დედაქალაქსა თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთხელ ვნახეთ. ამრიგად, სახელმწიფოსთვის შინაარსობრივად და იდეურად უსამართლო პროცედურების შესახებ ყველა ეტაპზე ცნობილია“, – ამბობს ჯანიაშვილი.
მისივე განმარტებით, პრობლემურია პროცესში სასამართლოს ჩართულობის ფარგლებიც. ჯანიაშვილის შეფასებით, საქართველოში სასამართლოს გადაწყვეტილებები ამგვარ საქმეებზე შაბლონურია და მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ ფაქტს, თუ ვინ არის ქონების ოფიციალური მფლობელი.
„საქართველოში სასამართლო არსებითად არ სწავლობს ამგვარ საქმეებს, უგულებელყოფს ოჯახის მოწყვლადობას და არ ითვალისწინებს, რჩება თუ არა ალტერნატიული საცხოვრებლის გარეშე ოჯახი“, – თქვა ჯანიაშვილმა და დაამატა, რომ მათ შეისწავლეს, როგორია საერთაშორისო გამოცდილება და აღმოჩნდა, რომ სასამართლო მსჯელობს ოჯახის მძიმე მდგომარეობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უსახლკაროდ რჩება და თავს იკავებს გამოსახლების გადაწყვეტილებისგან, ან ავალდებულებს შესაბამის ორგანოებს, რომ ოჯახი უზრუნველყონ ადეკვატური საცხოვრებლით.
მისი თქმით, ამ კუთხით ყურადსაღებია სამხრეთ აფრიკის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც საკუთრების უფლება ყველა შემთხვევაში არ არის უპირატესი. არგენტინის სასამართლოს მიხედვით კი, იმ შემთხვევაში, როდესაც გამოსახლების ობიექტები შეიძლება იყვნენ ბავშვები, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ისინი ალტერნატიული და ადეკვატური საცხოვრებლით.
ევროპული ქვეყნებიდან ის ყურადღებას ამახვილებს ბელგიის, გერმანიისა და ავსტრიის გამოცდილებაზე, სადაც პრაქტიკა აჩვენებს, რომ სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია, გამოსახლების საკითხის განხილვის პარალელურად იმსჯელოს პირის უსახლკაროდ დატოვებაის პერსპექტივაზე და გადაწყვეტილების მიღებამდე იზრუნოს საცხოვრისის უფლების დარღვევის თავიდან აცილებაზე. სასამართლოებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ გამოსახლების შესახებ საქმის წარმოებაზე ინფორმაცია მიაწოდონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/სოციალურ სამსახურებს, რადგან გამოსახლებისას ოჯახები საცხოვრისით უზრუნველყოფილნი იყვნენ, ხოლო სოცმუშაკებმა შეაფასონ მდგომარეობა და ოჯახები შესაბამის სოციალურ სერვისებში ჩართონ.
სად მიდიან ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს უკანასკნელი საცხოვრებელი?
ჯანიაშვილი გვიხსნის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და სერვისები ამგვარი პრობლემების წინაშე მყოფი ადამიანებისთვის ძალიან მწირი და დროში გაწელილია. გამოსახლებული ოჯახისთვის ოფიციალურად დახმარების მიღების ორი გზა არსებობს:
- გამოსახლებულ ოჯახს შეუძლია მიმართოს მუნიციპალიტეტს და სთხოვოს ბინის ქირით დაკმაყოფილება, რომელიც ამ ეტაპზე 500 ლარს შეადგენს. მარიამ ჯანიაშვილის თქმით, ოჯახს იმ შემთხვევაში გაუმართლებს, თუ აღმოჩნდება, რომ მუნიციპალიტეტს აქვს ბიუჯეტი ოჯახის დასაკმაყოფილებლად. ამასთან, ცხადია, რომ უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე 500 ლარად საბაზისო პირობებით საცხოვრებლის პოვნა შეუძლებელია და აუცილებელია თანადაფინანსება.
- გამოსახლებულმა ოჯახმა შეიძლება მიმართოს მერიას და დარეგისტრირდეს, როგორც უსახლკარო. კომისია შეისწავლის ოჯახის მდგომარეობას და იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი აკმაყოფილებს მთელ რიგ კრიტერიუმებს, შესაძლებელი ხდება ოჯახის სოციალურ საცხოვრისში განთავსება. ჯანიაშვილის თქმით, კომისია საკმაოდ დატვირთულია და გადაწყვეტილებები დაყოვნებით მიიღება.
თავის მხრივ, სოციალურ საცხოვრისში მოხვედრილ ოჯახს უმეტესად მძიმე პირობები ხვდება. სოციალურ პოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები წლებია, საცხოვრისებში არსებულ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე საუბრობენ და მისი მოგვარების აუცილებლობას აყენებენ დღის წესრიგში. „პუბლიკა“ უსახლკარობის საკითხს მომდევნო მასალებში ვრცლად ისევ დაუბრუნდება.
ასე რომ, საწყის ეტაპზე გამოსახლებული ოჯახი ან რჩება ქუჩაში, ან ახლობლების, მეგობრებისა და საზოგადოების დახმარების იმედად არის.
„მევახშეობა უპირველესად სიღარიბესთან, არასათანადო სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სერვისების ხარვეზებთან არის დაკავშირებული. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები ჯანმრთელობის საჭიროებების გამო თანხმდებიან მევახშეების მიერ შემოთავაზებულ მძიმე პირობებს“, – თქვა ჯანიაშვილმა.
„ღირსეული შრომის პლატფორმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილი სიტუაცია ზუსტად ასახავს ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და სიღარიბის მაღალ დონეს. ადამიანები მევახშეებთან მიდიან ბაზისური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც ქვეყანაში ჭარბვალიანობასა და მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას იწვევს.
რას ამბობს სტატისტიკა?
„აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ვებგვერდზე ცალკე ინფორმაცია, რომელიც ქონების დათმობის ან ე.წ. იძულებითი გამოსახლების შემთხვევებს ასახავს, არ იძებნება. „პუბლიკამ“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს პრესსამსახურს შეკითხვებით მიმართა, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით უნდა მოვითხოვოთ. უწყებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
2023 წელს აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახს ქონების დათმობა სხვადასხვა პირობით მოუწია.
„პუბლიკამ“ მოიძია გასულ წლებში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული სტატისტიკა.
bm.ge-ის სიუჟეტის თანახმად, 2022 წელს 8 თვის განმავლობაში, (იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით) ქონების დათმობის 387 შემთხვევა იყო. კრედიტორებს შორის რამდენი იყო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ კერძო პირი, ბიურო აცხადებს, რომ ინფორმაციას ჩაშლილად არ ამუშავებს.
ბიუროს პრესსამსახური განგვიმარტავს, რა იგულისხმება მორიგებით დასრულებულ საქმეთა რაოდენობაში და როგორ უნდა წავიკითხოთ სტატისტიკა სწორად:
მისი თქმით, მორიგებით დასრულება არ ნიშნავს, რომ მოვალეს ქონების დათმობა არ მოუწია. როგორც გვიხსნის, ბევრნაირი მორიგება არსებობს, შესაძლოა მოვალემ და კრედიტორმა მოილაპარაკეს კონკრეტულ პირობაზე, ვადაზე, ალტერნატიული ბინის ქირაობაზე და ა.შ. ბიუროსთვის კი ასეთი ტიპის საქმეც დასრულებულს ნიშნავს.
„2022 წელი რომ განვიხილოთ, 387 საქმიდან 337-ში რაღაცა ტიპის შეთანხმება შედგა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში იძულებითი გამოსახლება განხორციელდა. ანუ, იძულებითსა და ნებაყოფლობითზეა აქ საუბარი, თორემ გამოსახლება ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა…
„გამოსახლებას“ ამას თქვენ უწოდებთ, თორემ ოფიციალურად ეს არის უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისთვის გადაცემა. ჩვენ გადავცემთ ბინას კრედიტორს, უბრალოდ მერე ერთმანეთში რას მორიგდებიან, ეს ჩვენ აღარ გვეხება“, – განმარტავენ უწყებაში.
მათივე თქმით, უმრავლეს შემთხვევაში მორიგებით დასრულებაც ბინის დატოვებას ნიშნავს. ბინის უკან გამოსყიდვის შემთხვევები ძალიან ცოტაა.
დავით კლდიაშვილის ბლოგში, რომელზე საუბარი ზემოთაც იყო, მოყვანილია მონაცემები, რომლებიც გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებებთან მიმართებით საერთო ტენდენციას გვიჩვენებს.
ამ მონაცემების მიხედვითაც 2018 წლიდან გაზრდილია გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებების რიცხვი, რაც, სავარაუდოდ, გამკაცრებულ რეგულაციებს უკავშირდება. აქვე უნდა განიმარტოს – ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებების უკან ყველა შემთხვევაში მევახშური გარიგება დგას, თუმცა ამგვარი ხელშეკრულებების რაოდენობის ზრდა რიგი საფუძვლიანი მსჯელობის საშუალებას იძლევა.
კლდიაშვილის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, 2016 წლის 01 მარტიდან 2018 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში ნოტარიულად დამოწმებულია 1 465 ერთეული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, მაშინ, როცა 2018 წლის 01 სექტემბრიდან 2021 წლის 01 მარტამდე პერიოდში დამოწმებულია 11 132 ერთეული.
პლატფორმა „კომენტარის“ მიერ დამუშავებული ინფორმაციით, საქართველოში შინამეურნეობების ვალი წლიდან წლამდე იზრდება, როგორც აბსოლუტური მოცულობით, ასევე მშპ-სთან შეფარდებით. არსებობს ჭარბვალიანობის პრობლემაც.
მათი განმარტებით, კოეფიციენტი PTI-ით იზომება, განკარგვადი შემოსავლის რა ნაწილს იხდიან შინამეურნეობები სესხის პროცენტის სახით. „კომენტარის“ ცნობით, მაგალითად, 2022 წელს იპოთეკური სესხების გადამხდელების 35% ყოველთვიურად იხდიდა შემოსავლის ნახევარს ვალდებულების დასაფარად.
რა ბერკეტები არსებობს გამოწვევებზე საპასუხოდ?
მარიამ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული კანონმდებლობა ყველა აქტორის ჩართულობით უნდა გადაიხედოს და რეფორმა გატარდეს. მისი თქმით, ცვლილებები უნდა შეეხოს როგორც ფულად-საკრედიტო სისტემას, ისე გამოსახლების პოლიტიკას, სოციალურ მხარდამჭერ სერვისებს, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და სხვა სამართლებრივ რეგულაციებს. ცვლილებები აუცილებელია და მასზე მუშაობის დასაწყებად მყისიერი ნაბიჯი მორატორიუმის გამოცხადება იქნება“, – აცხადებს ჯანიაშვილი.
მორატორიუმის გამოცხადება გამოსახლების წინააღმდეგ აქციის მონაწილეებისა და სხვადასხვა აქტივისტური მოძრაობის საერთო მოთხოვნაა.
ზამთარში გამოსახლება უნდა შეჩერდეს – სახალხო დამცველმა 7 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წერილით მიმართა, რომ ზამთრის განმავლობაში შეიზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც უკანასკნელ საცხოვრებელს კარგავენ. ზამთარში გამოსახლების წინააღმდეგ განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც. უფლებადამცველები მიმართავენ სახელმწიფოს, რომ საერთაშორისო სტანდარტით ზამთარსა და ცუდ ამინდში გამოსახლება აკრძალულია და ის უნდა აიკრძალოს საქართველოშიც.
„შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ“ – ასეთი იყო მმართველი გუნდის წარმომადგენლის პოზიცია იანვრის ხმაურიანი გამოსახლების პასუხად. მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა კონკრეტული ხედვა და გეგმა საზოგადოებისთვის ჯერ არავის გაუცნია.
რაც შეეხება მორატორიუმის საკითხს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მიხეილ სარჯველაძე ამბობდა: „მორატორიუმისთვის რამდენად არსებობს საფუძველი, არ ვიცი. თუ მორატორიუმს შედეგად ის უნდა მოჰყვეს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ უნდა შედგეს გამოსახლება, ბუნებრივია, აზრს კარგავს. რაღაც კონკრეტულ იდეაზე უნდა იყოს საუბარი, სხვაგვარად უბრალოდ ლოგიკურად არ მეჩვენება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სანამ გადაწყვეტილების მიმღებნი საკანონმდებლო ცვლილებებზე დაიწყებენ მსჯელობასა და მოქმედებას, დავით კლდიაშვილი ამგვარი გამოწვევების წინაშე მყოფ ოჯახებს ურჩევს, რომ მიმართონ სასამართლოს.
„ეფექტიანი გზა არის, რომ მსესხებელმა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რის პრეცედენტებიც უკვე არსებობს.
…უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არსებობს, როცა სასამართლო დაეთანხმა ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების გაბათილებას, ვინაიდან ცალსახა იყო მხარეთა განსხვავებული ნება“, – ამბობს კლდიაშვილი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.